"ცენტრ-პოინტს" ქართული ბანკი გადაიბარებს

"ცენტრ-პოინტს" ქართული ბანკი გადაიბარებს

"ცენტრ-პოინტის" ახალი მმართველი ერთ-ერთი ქართული ბანკია, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. კომპანიის დამფუძნებლები აღიარებენ, რომ "ცენტრ-პოინტის" რესურსები ამოწურულია და მოსახლეობის წინაშე აღებული ყველა ვალდებულების შესრულებას ახალი კომპანიის მეშვეობით ცდილობენ.

ახალი მმართველის შესახებ კომპანიაში ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ, თუმცა უკვე ცნობილია, ის არ იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი რომელიმე სამშენებლო კომპანია. "ცენტრ-პოინტის" აქამდე საკუთრებაში არასებული ყველა სახის უძრავი ქონება, მათ შორის, მიწები, 3 წლით სარგებლობაში გადაეცემა ფინანსისტთა ჯგუფს, ანუ ადგილობრივ ბანკს, რომელსაც კომპანიას მართვაში დაახლოებით 10 დღეში გადასცემენ. ახალი კომპანია "ცენტრ-პოინტის" აქტივებით იმუშავებს.

"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახტანგ რჩეულიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ უკანასკნელი 2 წელი კომპანიის მუშაობაში იყო ძალიან რთული და ვერ ხდებოდა აღებული ვალდებულებების შესრულება. მისი განმარტებით, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ახალი კომპანიის შემოსვლა, რომ მოსახლეობას ვალდებულებები გაუსტუმრონ.

ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად ვახტანგ რჩეულიშვილი ეკონომიკურ კრიზისსა და მოსახლეობის ცუდ გადახდისუნარიანობას ასახელებს.

"არ დაგიმალავთ, ცუდი მდგომარეობაა. ვინც შემოდის, მას 3 წლის განმავლობაში მთლიანად გადაეცემა "ცენტრ-პოინტის" საკუთრებაში არსებული ყველა სახის უძრავი ქონება. ყველა რესურსი აბსოლუტურად ამოგვეწურა. აუქციონიც კი მოვაწყვეთ, მაგრამ კომპანიის ცდას, სიტუაცია გაუმჯობესებულიყო, შედეგი არ მოჰყვა.

ძალიან ძნელი მდგომარეობაა. იმდენად გაგვიჭირდა, რომ სერიოზული რეორგანიზაციის გარეშე უკვე არაფერი მიიღწევა. ყველა შესაძლებლობა ამოვწურეთ, სხვა გამოსავალი არ მოიძებნა.

ნამდვილად შემოდის მმართველი კომპანია, მათ შორის მეტი შანსია, იყოს ადგილობრივი, რადგან უცხოურმა კომპანიებმა არ იკისრეს ვალდებულებების აღება, რომელიც მოსახლეობის თანხების გასტუმრებას შეეხება. ჩვენი მოთხოვნაა, დაიფაროს ყველა იმ პირის ვალდებულება, ვისაც "ცენტრ-პოინტში" თანხა აქვს შემოტანილი. ყველა მათგანი დაკმაყოფილდება.

სამშენებლო ვალების აღიარებაზე რამდენიმე კომპანია თანახმა იყო, თუმცა მთავარი საინვესტიციო ვალდებულებებია. ისევ ვიმეორებ, ახალი მმართველი კომპანიის მიერ ყველა ვალდებულება შესრულდება. გაკოტრებაზე საუბარი არ არის, ეს არის ერთადერთი საშუალება ვალდებულების შესრულებისა.

მოსახლეობიდან თანხას ვერ ვიღებთ. სულ რაღაც 20 პროცენტს შემოჰქონდა თანხა, მოსახლეობის 80 პროცენტი ვერ ახერხებდა ან შეგნებულად იკავებდა თავს. შესაძლოა, ეს ჩვენი ბრალიც არის. მშენებლობების გაჭიანურების გამო მოსახლეობამ ნდობა დაკარგა. მათ მიერ გადახდილი თანხები მხოლოდ თანამშრომელთა ხელფასების დარიგებას ხმარდება, მუშები კი უვადო შვებულებაში არიან გაშვებულნი", - ამბობს რჩეულიშვილი.

მისი თქმით, ახალი კომპანია დიდი ხნის ძიების შემდეგ გამოჩნდა. მართალია, დიდი იყო ინტერესი სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, მაგრამ "ცენტრ-პოინტის" ხელმძღვანელ პირთა მოთხოვნები ბევრი მათგანისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

"ეს არის ადგილობრივ ფინანსისტთა ჯგუფი, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეეობს. უცხოელების მხრიდანაც დიდი იყო ინტერესი, მაგრამ კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით, ჩვენ მოვითხოვდით, რომ აეღოთ არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ მოეხდინათ ინვესტიცია. უცხოელი ინვესტორები კომპანიის მხოლოდ სამშენებლო ვალდებულებების აღიარებას თანხმდებოდნენ.

ისინი არ იყვნენ თანახმა, ეღიარებნათ "ცენტრ-პოინტ ინვესტის" ვალები, ანუ მოსახლეობიდან აკრეფილი თანხები, რომლებიც მშენებლობას მოხმარდა", - აცხადებს რჩეულიშვილი და დასძენს, რომ "ცენტრ-პოინტი" ბაზრიდან გასვლას არ აპირებს.

მისი თქმით, ახალი მმართველის შემოსვლა კომპანიის მენეჯმენტისთვის იქნება ძალიან ცუდი, რადგან ახალი კომპანია ახალი კადრებით შემოვა მართვაში. რაც შეეხება მუშახელს, უამრავი ადამიანი დასაქმდება.

რეორგანიზაცია და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება უახლოეს 10 დღეში დასრულდება.

ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, კომპანიის მართვაში აღების სურვილი ერთ-ერთ ებრაულ ბანკსაც ჰქონდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა. ბანკი თანახმა იყო კომპანიაში ინვესტიციები ჩაედო და პროექტები დაესრულებინა, თუმცა "ცენტრ პოინტის" ინვესტორთა 500-კაციანი ჯგუფისთვის ვალდებულებების გასტუმრებაზე უარი განაცხადა.

მართვაში სხვა კომპანიის შეყვანა კომპანიისათვის კრიზისის დაძლევის საუკეთესო გზაა. ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი კაპანაძე აცხადებს. მისი თქმით, ასეთ დროს მმართველი კომპანია ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობას იღებს და ამისათვის დამატებით ინვესტიციებს ახორციელებს. კაპანაძის განმარტებით, მართვაში სხვა კომპანიის შეყვანა მიღებული პრაქტიკაა და იგი არა მარტო სამშენებლო სფეროში გამოიყენება.

ანალოგიური მოსაზრება აქვთ საქართველოს ბანკების ასოციაციაშიც. ასოციაციის წარმომადგენელები განმარტავენ, რომ კონკრეტული ბანკის მიერ ამა თუ იმ კომპანიის მმართველობაში შესვლის მაგალითი მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს და ამის უამრავი მეთოდია. რაც შეეხება "ცენტრ-პოინტის" შემთხვევას, ბანკების ასოციაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მოეპოვებათ.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ