ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი?

ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი?

"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამინისტროს ჩამოყალიბებას ითხოვენ, რომელიც ცალკ-ცალკე დაარეგულირებს ჯანდაცვისა და დასაქმება-სოციალური დაცვის საკითხებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ეს იდეა, ამ ეტაპზე, ხელისუფლებისთვის მისაღები უნდა იყოს, რადგან სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ანდრია ურუშაძესა და ზაზა სინაურიძეს შორის არჩევანს ვერ აკეთებს.

ჯანდაცვის მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ არაოფიციალურად ვრცელდება და დაპირებისამებს, მინისტრის ვინაობა მხოლოდ მომავალ კვირას შეიძლება გახდეს ცნობილი. ამიტომაც, ვიდრე ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლება ოფიციალურად კვიტაშვილის თანამდებობიდან წასვლასაც ბოლო წუთებამდე უარყოფდა.

ამიტომაც, შეიძლება "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროს დაშლასთან დაკავშირებით დროულიც კი აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თარგამაძის პარტია ამ მოთხოვნას პირველად არ აყენებს. ამ საკითხზე პარლამენტში შესვლის შემდეგ აქტიურად საუბრობენ და განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ უწყებად ჩამოყალიბდა.

"ქრისტიან-დემოკრატები" ორი თვის წინაც, როდესაც ეს ცვლილება განხორციელდა, იმას აცხადებდნენ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უმჯობესი იქნებოდა, ცვლილება ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულიყო.

მათი ეს მოთხოვნა დღესაც უცვლელია და უფრო მეტიც, "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი მაგდა ანიკაშვილი სამინისტროს რეფორმირების საკითხს სწორედ სამინისტროს უმინისტრობას უკავშირებს.

"როდესაც თანამდებობა დატოვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ხოლო უწყების ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ არის დანიშნული, სწორედ შესაფერისი მომენტია, რათა ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროების მართვის სტრუქტურა მოწესრიგდეს", - აცხადებს ანიკაშვილი.

მისი თქმით, დღეს არსებული სამინისტრო არის ხელოვნურად შექმნილი გიგანტი და ვერ უზრუნველყოფს იმ ფუნქციების განხორციელებას, რაც მას აკისრია. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჯანდაცვისათვის დაფინანსება არ არის საკმარისი.

შესაბამისად ითხოვენ, რომ ერთი მხრივ, გაიზარდოს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, რათა მოხდეს ჯანდაცვის პროგრამების გაფართოება და ხარისხის გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას ახალი უწყება - "ოჯახის დასაქმების და სოციალური დაცვის სამინისტროს" სახით.

"ამ სამინისტროს შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოციალური ნაწილი დღეს მხოლოდ მიზერულ საპენსიო უზრუნველყოფას გულისხმობს და იგნორირებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დემოგრაფიული პრობლემები, მრავალშვილიან ოჯახებზე ზრუნვა, ზოგადად დედათა და ბავშვთა კეთილდღეობის საკითხები, არ არსებობს ჩამოყალიბებული საოჯახო პოლიტიკა და სწორედ ამ თემებზე უნდა იმუშაოს ახალმა უწყებამ", - აცხადებს ანიკაშვილი და დასძენს, რომ ამ სამინისტროს მთავარი ფუნქცია ქვეყანაში მოქალაქეთა დასაქმების პრობლემის მოგვარება უნდა გახდეს, რადგან ამის გარეშე სხვა ვერც ერთი სოციალური საკითხი ვერ მოგვარდება.

ამასთან, ანიკაშვილისთვის გაუგებარია "შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" სახელწოდებიდან დღეს რატომ არის მოხსნილი სიტყვა "დასაქმება". მისი თქმით, "არც ერთი ქვეუწყება ამ მიმართულებით არ მუშაობს, არც ერთი ღონისძიება არ ტარდება მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მაშინ, როდესაც აუცილებელია უმუშევრობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა, უმუშევარი მოქალაქეების საინფორმაციო ბაზის შექმნა, მათი შესაძლებლობების შესწავლა, დახმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში, დამსაქმებელთან ურთიერთობაში და ა.შ."

"ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივის განხორციელებას "მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ კანონში" ცვლილებები სჭირდება, თუმცა პარლამენტის წევრს, მთავრობის თანხმობის გარეშე, ამ კანონში ცვლილების ინიცირების უფლება არა აქვს. სწორედ ამიტომ "ქრისტიან-დემოკრატები" მოუწოდებენ მთავრობას, ახალი მინისტრის დანიშვნამდე აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები დაიწყონ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს ვერავინ აკეთებს. მთავრობაში კი, როგორც ჩანს, გარკვეული პოზიციები უკვე ჩამოყალიბებულია.

"თუკი ამ საკითხს თეორიულად შევხედავთ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროები ცალ-ცალკე იყოს. ჯანდაცვის უწყება ახორციელებდეს ჯანდაცვის საკითხებს და სოციალური საკითხები ცალკე სამინისტროს მიერ რეგულირდებოდეს.

"მაგრამ, მაშინ, როდესაც ჯანდაცვითი პროექტები, რომელიც, თუ, არ ვცდები, მთელი ჯანდაცვის სისტემის 80%-ს წარმოადგენს, უკავშირდება სწორედ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ჯანდაცვითი პროგრამების განხორციელებას, ასეთ ვითარებაში იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ეს ორი სფერო ერთმანეთთან, რომ შეუძლებელია, ეს ორი სფერო ცალ-ცალკე არსებობდეს", - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

ამასთან, მისი თქმით, "ეს არ არის ის საკითხი, რაზეც მსჯელობა არ შეიძლება და მთავრობას არ უმუშავია. ამ მიმართულებით მთავრობას ნამდვილად აქვს ნაფიქრი და ნამუშევარი, მაგრამ დღეს ამის გაკეთება შეუძლებლია სწორედ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯანდაცვის პროგრამები მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან".

მთავრობის ამ ლოგიკით სამინისტროს დღეს არსებული სამი კომპონენტიდან - ჯანდაცვა, სოციალური სფერო და შრომა, ჯანდაცვის და სოციალურის დაშორება არ შეიძლება. შესაძლოა, მთავრობის ამ არგუმენტს გარკვეული საფუძველი მართლაც ჰქონდეს, მაგრამ მათთან რა კავშირი აქვს მესამე სფეროს - შრომას, ამაზე მთავრობას პასუხი არ აქვს.

გია ხუროშვილის თქმით, "ამ ეტაპზე არც შრომის სფეროს ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხი არ განიხილება".

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის არგუმენტში ეს სფერო ნამდვილად არ ჯდება და გამორიცხული არ არის, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციები ამ საკითხზე მაინც დაიწყოს. თუნდაც კონსტრუქციულობისა და თანამშრომლობის შედეგიანობის დემონსტრირებისთვის.

მით უმეტეს, რომ ამჯერად ოპოზიციის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ხელისუფლებას ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატის შერჩევასაც გაუადვილებდა. გასათვალისწინებელია ის არაოფიციალური ინფორმაციაც, რომ კვიტაშვილის შემცვლელი დღემდე სწორედ იმიტომ ვერ სახელდება, რომ სააკაშვილს ორ კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთება უჭირს.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე