ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მუხრან შუკვანი ალექსეევკის სამხედრო აეროპორტში ჩამოასვენეს, საიდანაც მესტიაში, მშობლიურ სოფელ ლენჯერში გადაასვენეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, სალომე მახარაძის ინფორმაციით, ჩამოსვენების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი, სამინისტროს მაღალჩინოსნები, ასევე ამერიკელი კონგრესმენები.
მისივე ინფორმაციით, მუხრან შუკვანის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
ამასთან, ალექსეევკის სამხედრო აეროდრომაზე ჩამოსვენების ოფიციალურ ცერემონიას ჟურნალისტები არ დაასწრეს.
28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.
აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და გერმანიაში მკურნალობს.
ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც, შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის მიღებული აქვს მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი.