ოთარ ქირიამ საზღვარგარეთ ცოლ-შვილი დაკარგა

ოთარ ქირიამ საზღვარგარეთ ცოლ-შვილი დაკარგა

"რუსთავი 2"-ის პრესის მიმომხილველი ოთარ ქირია ახლახან ევროტურიდან დაბრუნდა. ჩემმა კოლეგამ ცოლ-შვილს შესანიშნავი სანახაობრივი და შემეცნებითი არდადეგები მოუწყო. ჩვენ მას თბილისში ჩამოსვლისთანავე დავურეკეთ და შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ. ოთარმა, ფაქტობრივად, გიდობა გაგვიწია და ევროპის არაერთ ქვეყანაში გვამოგზაურა.

- ოთარ, პირდაპირ მინდა გკითხო, სად შოულობ ამდენ ფულს, ასეთ ევროტურებს რომ იწყობ ყოველ წელს?

- ვაგროვებ, გენაცვალე, სექტემბრიდან ვიწყებ შეგროვებას და ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე ვინახავ (იცინის). რომ გითხრა, ასეთი მოგზაურობა იაფი ჯდება-მეთქი, სისულელე იქნება, მაგრამ, არც ისე ძვირია, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ევროპაში ძალიან ბევრი იაფი ავიაკომპანიაა. მაგალითად, ჟენევიდან ნიცაში გასაფრენ ბილეთში 26 ევრო გადავიხადეთ. ძირითადი რეისი იყო თბილისი-ვენა. თუ ინტერნეტით ყიდულობ ბილეთს, ბევრად იაფი გიჯდება. ძირითადად ვენაში ვიყავით, იქიდან გადავდიოდით სხვადასხვა ქვეყანაში.

- როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდი, რამ გაგაოცა?

- რომ გითხრა, გაოცებები და დაშტერებები მქონდა-მეთქი, მოგატყუებ. თან პირველად არ ვყოფილვარ ასეთ ტურში, შარშანაც ასეთი ტური მოვიწყვეთ მე და ჩემმა ოჯახმა, თუმცა სხვა რაღაცები ვნახეთ მაშინ და სხვები - ამ ჯერზე. შარშან ფლორენციაში არ ვყოფილვართ, ბავშვი გახდა ცუდად, სიცხე მისცა და გამოვტოვეთ. ფლორენცია წელს ვნახეთ. ფლორენციაში რომ მიდიხარ, უნდა იცოდე რისთვის მიდიხარ. ზალცბურგში მივდიოდი იმისთვის, რომ თემა ყოფილიყო, მოცარტი. მოედნები, სკვერები, ბაღები, ყველაფერი მოცარტს უკავშირდება. შემდეგ წავედით მიუნხენში, მიუნხენიც იმხელა ქალაქია, ვერ იტყვი, რომ ყველაფერი ნახე, მაგრამ რაც დაგეგმილი გვქონდა, იმ სამ დღეში ყველაფერი ვნახეთ: ზოოპარკი, "ბეემვეს" მუზეუმი, ალიანს არენა.

- ზოოპარკი ალბათ ლიზიკოს მოეწონა ყველაზე მეტად?

- რაღა დაგიმალოთ და, ჩვენც ძალიან მოგვეწონა. ლიზასთვის პირველი მოთხოვნა ის იყო, რომ კარუსელი ყოფილიყო სადაც წავიდოდით. შეძლებისდაგვარად ვუსრულებდით ამ თხოვნას. თუმცა "ბეემვეს" მუზეუმშიც ძალიან გაერთო. მე შურითა და ბოღმით გავსკდი, ისეთი მანქანები ვნახე! ატრაქციონებს რაც შეეხება, საშინელი რამ დამემართა. ცხოვრებაში ორჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, პირველად ჩაქვში, როცა ცუდ ამინდში და აზვირთებულ ტალღებში შევვარდი და კინაღამ დავიხრჩვი და მეორედ იქ, ევროპაში, ძალიან უწყინარ ატრაქციონზე მოვინდომეთ დაჯდომა, ბავშვი არ შემოუშვეს ამ ატრაქციონზე და შესაბამისად, თამუნაც მასთან დარჩა. დავჯექი. სიტყვებით ვერ გადმოგცემ, რა შიში ვჭამე.

დედას გეფიცები, ჯვარი მეჭირა ხელში და ვლოცულობდი, ნეტავ მშვიდობით ჩავიდე-მეთქი. მერე წავიკითხე, ატრაქციონს ჰქვია "ექსტაზი", ოთხი კაფსულაა, ჰაერში აჰყავხარ და ყველა მიმართულებით გატრიალებს უსწრაფესად. თამუნამ მითხრა, რომ ხუთ წუთს გრძელდებოდა ჩემი ტანჯვა, მე ათ წელიწადად მომეჩვენა ეს დრო. ორჯერ ატრაქციონზე გონება დავკარგე. ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა. მკვდრის ფერი მედო, წამლები მასვეს.

- ვისთან ურთიერთობდით, ქართველები იყვნენ?

- ნიცაში ვნახეთ ერთი ქართველი, რომელიც გველოდებოდა, და მეორე ფლორენციაში ვნახეთ შემთხვევით. ლიზიკომ "გაჭედა", ნიღაბი მიყიდეთო, სადაც მიდის, ყველგან ნიღბებს ყიდულობს. ბოლოს ცოტა ხმამაღლაც გამოუვიდა და ვიღაც ქალი მოვიდა, ქართველები ხართო, გაუხარდა, რამდენიმე ქალაქში ვიყავით და ვერსად ვერ ვნახეთ ქართველებიო. გული ვიჯერეთ ერთმანეთთან საუბრით. ლიზიკო წყლიდან ვერ ამოვიყვანეთ, ნიცაში გაიჩინა უამრავი მეგობარი, დაუმეგობრდა იტალიელ რაკელსა და მის ბაბუას. ლიზა ელაპარაკებდა ქართულად, მულტფილმებიდან იცოდა ცოტა ინგლისური და რუსული ფრაზები. იცოდა ისიც, რომ იტალიურად "ჯელატო" არის ნაყინი. ხოლო რაკელი თავის ენაზე საუბრობდა.

ლიზიკო საერთოდ ძალიან სასაცილო რამეებს ამბობდა, თამუნამ უთხრა, ახალ ნაჭამზე წყალში ნუ შეხვალ, ცოტა მოითმინეო. ცოტა ხანი გავიდა, ლიზიკო მოვიდა და თამუნას ეკითხება, დე, დე, ჭამა დამიძველდა? ჯერ ვერ გავიგეთ რას ამბობდა, მაგრამ მერე ძალიან ბევრი ვიცინეთ. ძალიან კომუნიკაბელურია ლიზიკო, მისი წყალობით ყველგან ურიგოდ შევდიოდით, პირველი ის მიდიოდა ნიღბით და მერე ჩვენ მივყვებოდით უკან.

- ევროპულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რას მეტყვი?

- ისე კარგად არის აწყობილი ეს სისტემა, მართლა გასკდები შურით, დებილი უნდა იყო, იქ რომ დაიკარგო. შვეიცარიაში ტრანსპორტთან დაკავშირებით ერთი თავგადასავალი მქონდა. ციურიხიდან ჟენევაში მივდივართ მატარებლით და როგორც ყველა ტიპური ქართველი ყველა გაჩერებაზე ჩამოვდივარ სიგარეტის მოსაწევად. ერთ-ერთ გაჩერებაზე ფრაიბურგში ჩამოვედი. აღმოჩნდა, რომ იქ გაჩერება სულ ერთწუთიანია.

მიიკეტა კარი და მატარებელი წავიდა. მე დავრჩი ბაქანზე. მაცვია მოკლემკლავიანი მაისური და ტემპერატურა არის 9 გრადუსი. ჩემი საფულე, პასპორტი, ბილეთები და ტელეფონი დევს ჩემს ქურთუკში, რომელიც არის მატარებელში. რაც მთავარია, ცოლ-შვილი დამრჩა მატარებელში. პირველი, რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ბავშვი ძალიან ინერვიულებდა, და რომ სიგარეტის გამო ცოლ-შვილი დავკარგე. მერე ვიფიქრე ის, რომ ერთი კაპიკიც არ მაქვს ჯიბეში და როგორ უნდა ავიდე შემდეგ მატარებელში.

მივადექი ცნობათა ბიუროს და ავუხსენი ყველაფერი. ამასობაში თამუნაც დალაპარაკებია მატარებლის გამცილებელს და ურჩიეს შემდეგ სადგურზე ჩამოსულიყო. დაეხმარნენ ბარგის ჩამოტანაშიც. მე კი შემდეგ მატარებელს გამაყოლეს. გაჩერდა შემდეგ სადგურზე მატარებელი და თამუნა და ბავშვი თავისი ბარგით ამოვიდნენ ვაგონში. ასე გადავრჩი ცოლ-შვილის დაკარგვას. ჟენევის შემდეგ წავედით ნიცაში, იქ ერთი კვირა გავჩერდით.

- სუფთა ჩანს იქაური ზღვა შენს ფოტოებში.

- ძალიან სუფთა და მაგარი იყო ნიცაში სანაპირო. იქაური კლიმატური პირობების შემშურდა. არც ძალიან ცხელოდა და არც გაწვიმებულა იმ ერთი კვირის განმავლობაში. ის კი არა, აქედან თბილი ტანსაცმელი არ წაგვიღია და იქ იძულებული გავხდით, ქურთუკები და ზამთრის ტანსაცმელი შეგვეძინა. იდეალური პირობებია დასასვენებლად, იმიტომაც ჰქვია ლაჟვარდოვანი სანაპირო. დღის სამ საათზეც რომ მოხვდე მზეზე, არ დაიწვები. ნიცაში რომ მიდიხარ, აუცილებლად უნდა ნახო კანი და მონაკო, ოცი კილომეტრია ნიციდან. ნიციდან ფლორენციაში გადავინაცვლეთ სამი დღით, სამი დღე გავჩერდით რომში და ორი დღე ვენაში.

- ქალები ყველაზე ძალიან სად მოგეწონა?

- იტალიაში. იტალიაში ყოველთვის ყველა და ყველაფერი არის ძალიან ლამაზი. მაგ ქვეყანაზე ვგიჟდები.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოთი მოიხიბლე ყველაზე მეტად?

- გერმანული სამზარეულო მომეწონა ძალიან. ქართული სენი ხომ იცი, ხორცეულს აკეთებდნენ ძალიან კარგად და ალბათ ამიტომ. მიუნხენში არის სკვერი "ინგლიშ გარდენ", სადაც არის ლუდის ბარი. მომაკვდინებლად გემრიელი ლუდი იყიდება. იქ მხოლოდ ლუდის დასალევად და გერმანული სოსისისა და გოჭის ხორცის საჭმელად მიდიან. მე გოჭის ხორცის დიდი ფანი არ გახლავართ, მაგრამ თამუნა ისე გემრიელად მიირთმევდა, მეც ვერ ვთქვი უარი. პიცა არ გვიჭამია იტალიაში.

- რატომ?

- საფრანგეთში იმდენი პიცა ვჭამეთ, იტალიაში უკვე აღარ გვინდოდა.

- რომზე არაფერი გითქვამს...

- რომზე რა უნდა გითხრა, რომი თვითონ ამბობს თავის თავზე ყველაფერს. რომი შარშან დავათვალიერეთ უკეთ. ხომ არის ევროპა, ამერიკა, აზია. ცალკე სამყაროა იტალია. ნიცა უფრო ღამის ქალაქია, პლაჟის შემდეგ იწყება, რაც იწყება, ამდენი მოზასავე ელემენტი ერთად არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს. ბავშვთან ერთად ვიყავი და ვცდილობდით, სხვა რამეზე გადაგვეტანა მისი ყურადღება. მაგრამ ტყუილად გვეგონა, რომ რამეს გამოვაპარებდით, თან ისეთ კომენტარებს აკეთებდა...

- ყველაზე კეთილმოწყობილი სასტუმრო რომელ ქვეყანაში იყო?

- რომის "მერიოტში" ვიყავით. მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მინახავს, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა. უბრალოდ, თამუნამ დამცინა, დებილი ხარ, რომში ხარ და მთელი დღეები სასტუმროში უნდა გაატაროო. მთელი ქალაქი იყო შიგნით. ბოლოს მივხვდი, რომ მართლა სისულელეა, რომში ჩახვიდე და სასტუმროს აუზში იჭყუმპალაო და გავედით.

- რა სუვენირები ჩამოიტანე?

- ერთ ადამიანს ჩამოვუტანე მიქელანჯელოს "დავითის" სხეულის ერთი ორგანო, ოღონდ არ მკითხოთ ვის, მაინც არ გეტყვით (იცინის).

- ნინო არაზაშვილს რა ჩამოუტანე?

- პინოქიოს კალმისტარი.

- აკლიმატიზაცია ხომ არ გაგიჭირდა?

- არა, უბრალოდ, ტემპერატურამ გადამრია. ვენაში 31 აგვისტოს, ღამის ათ საათზე თოვლი ვნახე. მე ხომ ბრუციანი ვარ, სათვალე მიკეთია, თამუნას დავუძახე, ნახე, მგონი, გავგიჟდი, თოვლი მოდის-მეთქი. დამამშვიდა, გადარჩი, მართლა მოდისო. წარმოიდგინე, რა ხასიათზე დავდგებოდი თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები