ავტორი:

რა პირობით გადასცა ივანიშვილმა ქონება "ფონდ ქართუს" და რა ელის ამ აქტივებს? -  "იმედია, არ მოხდება ზარალიანი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა და მათი ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება"

რა პირობით გადასცა ივანიშვილმა ქონება "ფონდ ქართუს" და რა ელის ამ აქტივებს? -  "იმედია, არ მოხდება ზარალიანი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა და მათი ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება"

პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს“ გადასცა. ეს აქტივები 30 და 31 დეკემბერს საჯარო რეესტრით უკვე გადაფორმდა. ლაპარაკია იმ ბიზნესებსა და ქონებაზე, რომელსაც იგი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ფლობდა. ჩამონათვალი გრძელია, რაც უკვე ფონდ "ქართუს“ ბალანსზე გადავიდა, ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა და 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.

"აქტივებს რაც შეეხება, მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით - არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნესპროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ონლაინგამოცემა entrepreneur-თან ინტერვიუში ამ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სხვა განმარტებას გაწეულ ქველმოქმედებაზე არ აპირებს. პოლიტიკიდან წასული ივანიშვილის ამ ნაბიჯს მოყვა სხვადასხვა შეფასებები.

საზოგადოების ნაწილმა მოიწონა მისი გაწეული ქველმოქმედება, მაგრამ ერთი ნაწილი ამბობს, რომ ამ კომპანიების უმეტესობა წამგებიანია და ამიტომ თავიდან მოიშორა, სხვები ამტკიცებენ, რომ ეს ქონების გადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯია, მოკლედ, ყველა თავისი ვერსიის განვითარებას ცდილობს.

რა ელის ივანიშვილის აქტივებს, რომელიც მან "ქართუს" გადაუფორმა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია გვესაუბრება.

- ბატონო ირაკლი, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების სოლიდური ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცა, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კითხვები გააჩინა...

- რეალურად მართლაც დიდი ქონება გადასცა ფონდ "ქართუს" და ეს ცალსახად კარგია, რაც შეეხება ქველმოქმედების ეკონომიკურ შედეგებს, ამას რეალურად მომავალი გვიჩვენებს. ზოგადად, არ მგონია, ქველმოქმედების ეკონომიკური შედეგების შეფასება მიზანშეწონილი იყოს, რადგან ეს ქველმოქმედებაა და თითოეული გაღებული ლარი კონკრეტული ქველმოქმედის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა გადასახადების გადამხდელის პოზიციიდან ვიტყვი, მნიშვნელოვანი და საინტერესოა როგორ გაგრძელდება ფონდ "ქართუსა" და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ვგულისხმობ იმას, არ მოხდეს სახელმწიფოსთვის ისეთი აქტივების გადაცემა, რომელიც შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მოითხოვს. მაგალითად მოვიყვან "ბლექსი არენას", მიუხედავად კეთილი ჟესტისა, დადებითი გამოხმაურებისა, "ბლექსი არენა" სახელმწიფოს გადაეცა, მაგრამ ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს გვიწევს ახლა ამისთვის მილიონობით ლარის გადახდა. ობიექტი წლიდან წლამდე ზარალზე გადის და დიდი დანახარჯებია. თანაც "ბლექსი არენა" თავისი შინაარსით, როგორც სახელმწიფო კომპანია, კონკურენციაში შედის სხვა კერძო კომპანიებთან, რომლებმაც შეიძლება ანალოგიური ღონისძიებები ჩაატარონ და იმათაც ხელს უშლის ამ ღონისძიებების ჩატარებაში...

საზოგადოების პრობლემა მგონია ისიც, რომ ზოგადად ადამიანები ველოდებით რატომღაც, რომ მილიარდერი თავის ფულს ჩვენ დაგვირიგებს და თუ არ გვირიგებს, ამაზე ვბრაზდებით. არც ერთი მილიარდერი და მილიონერი არ არის ვალდებული თავისი შემოსავლის ნაწილი მაინცდამაინც სხვას მისცეს, ეს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

მთავარი რაც არის, ვერცერთი საქართველოს მილიარდერის ქონება ვერ შეედრება რეალურად იმ ქონებას, რასაც ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ფლობს - ეკონომიკურ ნაწილს ვგულისხმობ. ეს ქონება რეალურად ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკუთვნის, რომლის გადმოცემა არ მოხდა ჩვენი მთავრობების არასწორი პოლიტიკის შედეგად.

- რას გულისხმობთ?

- მთლიანი ეკონომიკური აქტივების 70-80% ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, ასევე სასოფლო სამეურნეო მიწების 60% და კიდევ უფრო მეტი, შესაბამისად მისი გამოყენება არ ხდება, გვაქვს წიაღისეულის მარაგი, რომლის 9-ზე მეტი ბუნებრივი გამოვლინებაა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გვაქვს უზარმაზარი წყლის რესურსები, ტყის ფონდი, უამრავი შენობა-ნაგებობა და სახელმწიფო ობიექტები, რომელთა დანახარჯები წლიდან წლამდე იზრდება, ეკონომიკური ეფექტი კი ნულის ტოლია. ასევე გვაქვს ისეთი სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც პირიქით, ზარალზე გადიან და ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ვაფინანსებთ. უზარმაზარ მილიარდობით ქონებაზეა ლაპარაკი, რომელიც სახელმწიფო ბალანსზეა და დაკონსერვებულია.

ჩვენ რომ გავხდეთ ძლიერები, ეკონომიკა რომ განვითარდეს ეს ქონება უნდა გადავიდეს საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში. მაგრამ არც ერთი მთავრობა ამას არ აკეთებს. სამწუხაროდ, დღეს ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკას, ინვესტორი რომ ჩამოდის, მიდის არა ბიზნესმენთან, არამედ მთავრობის წევრებთან როგორც მესაკუთრესთან, პოლიტიკოსთან მიდის, რომლის მიზნები და ამოცანები კიდევ სხვა არის. ეს უნდა მოიშალოს, სისტემა უნდა შეიცვალოს.

- ისევ დავუბრუნდეთ ივანიშვილის ქონებას, ადამიანების ნაწილი ამ ფაქტს ქველმოქმედებად არ განიხილავს...

- ბევრ ადამიანს შეიძლება ეჭვები გაუჩნდეს, რომ ქველმოქმედების უკან დგას სხვა ინტერესი, მაგრამ ამის არგუმენტაცია არ ჩანს. ვიდრე შედეგები არ დადგება, ეჭვებზე ვერ ვილაპარაკებ, ეს არ იქნება სწორი. ამ ეტაპზე რეალობა ასეთია საქველმოქმედო ფონდს დიდი ქონება გადასცა, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს შემდეგ შევაფასოთ. დრო გვიჩვენებს რამდენად მოხმარდება ეს ქონება ადამიანებს... პოლიტიკოსი რომ ვიყო, მივაბამდი პოლიტიკურად კუდებს და სხვა რამეს ვიტყოდი, მაგრამ ეს ჩემგან არ გამოვა. ობიექტურად ვცდილობ შევაფასო. ეჭვებზე არ მინდა ლაპარაკი...

- მისი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ არც ერთ გადაცემულ კომპანიას პროფილი არ შეეცვალოს, ისიც ცნობილია, რომ ამ ნუსხაში ბევრი პროექტი დასამთავრებელია. იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე წამგებიანიც კი არის. თქვენ ისაუბრეთ "ბლექსი არენაზე" და თქვით, რომ ჩვენი გადასახადებით ხდება მისი შენახვა, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ეს დაუმთავრებელი პროექტები სახელმწიფოს ხელში გადავიდეს და ისევ ჩვენი ჯიბიდან გახდეს დასაფინანსებელი?

- ამის რისკები ნამდვილად არის. კერძო კომპანია წაგებაზე იმუშავებს თუ მოგებაზე, ეს მისი მეპატრონე ბიზნესმენის საქმეა, მაგრამ როგორც კი ეს გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და ჩვენი, გადასახადების გადამხდელების შესანახი თუ გასაკეთებელი ხდება, ეს უკვე არასწორია. ეს არ უნდა მოხდეს. ეს ქონება კერძო სექტორში თუ გადავიდა და რეალური ეკონომიკური დოვლათი შეიქმნა, მისასალმებელია...

- თქვენი აზრით, რა ელის ივანიშვილის იმ აქტივებს, რომელიც მან "ქართუს" გადაუფორმა?

- ძნელია ამაზე ლაპარაკი, წინასწარ ვერ გავაკეთებ შეფასებას. რაც სიცოცხლისუნარიანია, ის ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს, რაც წაგებაზე იქნება, ფონდის დონაციაზე დაჯდება და შეიძლება მერე თქვან, ეს არ არის ეკონომიურად აქტიურიო და ჩამოწერონ.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ქველმოქმედება, გადავეცი და იქიდან შემოსავალს და მოგებას არ ავიღებო. შენი ქონება მე გადმომეციო, - მისთვის ამის მოთხოვნა, არ არის სწორი!

"593 58 40 52 - ეს არის ჩემი ტელეფონის ნომერი... 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ ზარებს, როგორც დეპუტატი" - ალეკო ელისაშვილი

"რა მოხდება ამის მერე? ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის" - რას წერს ვახუშტი მენაბდე უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე?

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოცამდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ" - კობახიძე