ავტორი:

პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა, მექსიკასთან კედლის მშენებლობა - შეჩერებული: ტრამპის რა გადაწყვეტილებები გააუქმა ბაიდენმა მუშაობის პირველივე დღეს

პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა, მექსიკასთან კედლის მშენებლობა - შეჩერებული: ტრამპის რა გადაწყვეტილებები გააუქმა ბაიდენმა მუშაობის პირველივე დღეს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკვე შეუდგა მუშაობას და პრეზიდენტობის პირველივე დღეს 15 აღმასრულებელ ბრძანებასა და 2 საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი. მან უკვე გააუქმა თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული არაერთი დადგენილება.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებებს შორის არის ბრძანებები ფედერალურ საკუთრებაში პირბადეების ტარების ვალდებულების, რასობრივი თანასწორობის უზრუნველყოფისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ.

პრეზიდენტმა ასევე გააუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ დადგენილება.

ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ უარს ამბობს დონალდ ტრამპის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ორგანიზაციის წევრად დარჩენა სურს.

"შეერთებულ შტატებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრად დარჩენა სურს. ჯანმო გადამწყვეტ როლს ასრულებს კოვიდ 19-ის მომაკვდინებელი პანდემიის წინააღმდეგ მსოფლიოს ბრძოლაში, ისევე როგორც გლობალური ჯანდაცვის წინაშე მდგომი სხვა უამრავი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- აღნიშნულია ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომლის ტექსტიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, გასული წლის 6 ივნისს აშშ-მ გაეროს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს დატოვებდა. დონალდ ტრამპმა ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება 2020 წლის მაისში, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. მან ჯანმო ჩინეთის "მარიონეტობაში“ დაადანაშაულა.

ჯო ბაიდენმა ასევე უკან გაიწვია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვები მუსლიმური ქვეყნებიდან მოქალაქეთა აშშ-ში შეშვებასთან დაკავშირებით, შეაჩერა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა.

ცნობისათვის, აღმასრულებელი ბრძანება არის პრეზიდენტის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც კონგრესის მხრიდან დამტკიცებას არ საჭიროებს.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბოლო 30 დღეში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 31%-ით შემცირდა - რას წერს Reuters-ი

მასშტაბური ავარია ტეხასში - ერთმანეთს 130-ზე მეტი ავტომობილი შეეხაჯა, გარდაიცვალა 6 და დაშავდა ათობით ადამიანი (ფოტოები)

"ბიოტერორიზმი და კლიმატის ცვლილება სამომავლოდ მთავარი გამოწვევა იქნება" - ბილ გეითსი საზოგადოებას აფრთხილებს