ავტორი:

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი

აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის, ჯო და ჯილ ბაიდენებს დიდი ოჯახი აქვთ. ჯო ბაიდენი ოთხი შვილის მამაა, რომელთაგანაც ორი გარდაცვლილია. ბიუ, ჰანთერ და ნაომი ბაიდენები მას პირველი ქორწინებიდან შეეძინა, ხოლო ეშლი - მეორე ქორწინებიდან. ბიუ რამდენიმე წლის წინ სიმსივნემ იმსხვერპლა, ხოლო ნაომი მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედასთან ერთად, ავტოკატასტროფისას დაიღუპა.

ჯო და ჯილ ბაიდენებს ჰყავთ ერთადერთი საერთო შვილი, ეშლი ბაიდენი და როგორც ამბობენ, ის თეთრ სახლში ახლა ერთ-ერთი მთავარი ქალი იქნება.

ეშლი ძმებთან - ჰანთერ და ბიუ ბაიდენებთან ერთად, 2012 წელი

ეშლი 39 წლისაა და მისი საქმიანობა ძირითადად სოციალურ სამსახურებთან არის დაკავშირებული. უმუშავია არაერთ ორგანიზაციაში და კარიერის განმავლობაში მისი მიზანი იყო ღარიბებისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გაეხადა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო რესურსი ეპოვა.

გარდა ამისა, ეშლი ბაიდენი დიზაინერიცაა. 2017 წელს ნიუ იორკის მოდის კვირეულზე თავისი კოლექციაც კი წარადგინა, რომელსაც მშობლები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. ეშლიმ საკუთარ ბრენდს Livelihood დაარქვა და ამბობს, რომ პირველი კოლექციის შექმნისას შთაგონების მთავარი წყარო მისი ძმა, ბიუ ბაიდენი იყო. მისივე თქმით, აღნიშნული ბრენდი შექმნა იმისთვის, რომ შემოსული თანხა აშშ-ში უთანასწორობასთან, მათ შორის, რასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლისთვის გამოეყენებინა.

ეშლი კათოლიკური რწმენით გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით ბაპტისტი გახდა. უნივერსიტეტში კულტურის ანთროპოლოგიას სწავლობდა. ამჟამად სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამებშიც არის ჩართული.

კოლეჯის დასრულების შემდეგ, ეშლი ბაიდენი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვილმინგტონის ერთ-ერთ კაფეში მიმტანად მუშაობდა.

ეშლი ბაიდენი მამის მთავარი გულშემატკივარია

  • ეშლი ბაიდენი და პოლიცია

ეშლი ბაიდენის ცხოვრებაში არაერთი სკანდალური ეპიზოდია, რომელთა გამოც ის მედიის ყურადღების ცენტრში საკმაოდ ხშირად მოქცეულა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სკანდალი 2002 წელს მოხდა - როდესაც ეშლი ბაიდენი ჩიკაგოში მეგობრებთან ერთად დააკავეს. მას ბრალად დასდეს პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა.

ამბავი კი ასეთი იყო - ეშლი მეგობრებთან ერთად ღამის კლუბს ტოვებდა, როდესაც მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ჯონ კოლესტინტმა გამაგრილებელი სასმელის ყუთი პოლიციელის მიმართულებით ისროლა, რის გამოც მდგომარეობა დაიძაბა და ისე გამწვავდა, რომ ბაიდენის კიდევ ერთმა მეგობარმა, კელი დონოემ პოლიციელს ხელი დაარტყა. რაც შეეხება ეშლის, როგორც მედიაში წერდნენ, სავარაუდოდ, ის სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლებოდა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

ეშლი მშობლებთან ერთად

როგორც მაშინ პროკურატურის პრესსპიკერმა კერი ლოურენსმა განაცხადა, ეშლი ბაიდენსა და დანარჩენ ორ პირს ბრალდება მას შემდეგ მოუხსნეს, რაც სასამართლოში ბოდიში მოიხადეს.

2009 წელს ეშლი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ერთ-ერთმა მოქალაქემ სცადა გაეყიდა ვიდეო, სადაც როგორც მაშინ მედიაში წერდნენ, ჩანდა თუ როგორ ერთობოდა წვეულებაზე ეშლი და ნარკოტიკებს მოიხმარდა. ვიდეოს ყიდვას ის "ნიუ იორკ პოსტს“ 2-მილიონ დოლარად სთავაზობდა. მოლაპარაკებების შედეგად, ფასი 400 000 დოლარზე ჩამოვიდა, თუმცა მოგვიანებით, გამოცემამ უარი თქვა ვიდეოს ყიდვაზე და გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო სავარაუდო ვიდეოჩანაწერზე. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მედიაში ისიც დაიწერა, რომ 1999 წელს ეშლი ნიუ ორლეანში მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს, თუმცა რადგანაც ბრალდება არ დაუმტკიცდა, მალევე გაათავისუფლეს.

2010 წელს ეშლი ბაიდენმა დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტ ჰოვარდ კრინთან და მას შემდეგ, რაც თავის ძმას, ბიუს გააცნო, წყვილი მალევე დაქორწინდა. ეშლის ქმარი ებრაელია და ფილადელფიაში, ტომას ჯეფერსონის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს.

ცნობისთვის, ეშლი ბაიდენს ჯერჯერობით შვილი არ ჰყავს, თუმცა ჯო და ჯილ ბაიდენებს უკვე ჰყავთ 7 შვილიშვილი, რომლებიც ჰანთერ და ბიუ ბაიდენების შვილები არიან.

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"