ავტორი:

"რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია..." - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ საქართველოზე აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი

"რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია..." - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ საქართველოზე აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გახდა, ადამიანი, რომელიც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ცნობილია რუსეთისა და ვლადიმირ პუტინისადმი კრიტიკული განცხადებებით, რომელიც თვლის, რომ ნატო-ს გაფართოება რუსული აგრესიის შეჩერების ინსტრუმენტია.

ბლინკენი ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოების იდეას ემხრობოდა და მისი შეხედულება ამ თვალსაზრისით, არ შეცვლილა. უფრო მეტიც, აღნიშნულ კონტექსტში ბლინკენმა რამდენიმე დღის წინ საქართველოც ახსენა.

19 იანვარს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს.

თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეძლებს დააკმაყოფილოს გაწევრიანებისათვის საჭირო მოთხოვნები და თუ ის შეიტანს წვლილს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დიახ, ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს - განაცხადა ბლინკენმა.

  • ვინ არის ენტონი ბლინკენი?

ის 1962 წელს, ებრაელების ოჯახში დაიბადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ენტონის მამინაცვალი სამუელ პისარი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანი გახლდათ და როგორც მედიაში წერენ, ბლინკენზე დიდი გავლენა მოახდინა მამინაცვლის ისტორიამ.

აღნიშნულის შესახებ თავად სამუელ პისარიც წერს თავის მემუარებში სახელად "სისხლისა და იმედის შესახებ.“ ასევე, წლების წინ, "ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში იხსენებდა, თუ რა გავლენა მოახდინა ენტონიზე, როდესაც ნაცისტებისა და საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ უამბო და აღნიშნა, რომ ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანა, იმდენად განიცადა, რომ მის შემდგომ შეხედულებებზე, დამოკიდებულებებზე და მსოფლხედვაზე მოახდინა გავლენა.

2002 წელს ენტონი ევან რაიანზე დაქორწინდა და აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის წმინდა სამების კათოლიკურ ეკლესიაში ქორწინებისას ორმაგი რელიგიური ცერემონია გაიმართა, რომელშიც რაბინი და მღვდელი მონაწილეობდნენ.

ენტონი ბლინკენი ცოლთან ერთად

ბლინკენი უკრავს გიტარაზე. უყვარს როკი და ბლუზი. ამ საქმიანობით განსაკუთრებით გატაცებული იყო ახალგაზრდობის წლებში. მას სამი საკუთარი სიმღერაც კი აქვს დაწერილი.

  • პოლიტიკური კარიერა

ენტონი ბლინკენს მსუყე პოლიტიკური წარსული აქვს. ის მუშაობდა როგორ ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშის, ასევე ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში და გადაწყვეტილებების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირი იყო განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ორი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საგარეო პოლიტიკის მაღალ თანამდებობებს ჯერ ბილ კლინტონის, შემდეგ კი ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში. იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის წევრი 1994-2001 წლებში. ასევე 1994-1998 წლებში იყო პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე და სტრატეგიული დაგეგმვის უფროსი დირქტორი. 1999-2001 წლებში იყო ევროპისა და კანადის საქმეების უფროსი დირექტორი.

2002 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ. აღსანიშნავია, რომ ბლინკენმა მხარი დაუჭირა აშშ-ის შეჭრას ერაყში და განაცხადა, რომ ეს იყო "ხმა მკაცრი დიპლომატიისთვის."

ენტონი ბლინკენი მუშაობდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციაშიც და 2009-2013 წლებში ის იყო ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამ თანამდებობაზე მუშაობისას მან ხელი შეუწყო აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას ავღანეთთან, პაკისტანთან და ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით. 2014 წელს ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა.

2011 წელს, როდესაც ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირა უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას, ყოველივე ბლინკენმა ასე შეაფასა: "მე არასდროს მინახავს ლიდერის მიერ მიღებული ასეთი გაბედული გადაწყვეტილება.“

ობამას ადმინისტრაციის დროს ენტონი ბლინკენი იყო თეთრი სახლის მთავარი მოთამაშე სირიის პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

ასევე ბლინკენმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ობამას ადმინისტრაციის მხრიდან მკაცრ რეაგირებაზე რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის დროს. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც უკრაინაში მისი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნა განსაკუთრებულად გაუხარდათ.

ენტონი ბლინკენი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყოველთვის გამოირჩეოდა რუსეთისა და პუტინის კრიტიკით, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ფრაზები არასდროს გასცდენია კონსტრუქციულ ჩარჩოებს. ვნახოთ რუსეთთან და პუტინთან დაკავშირებული რამდენიმე განცხადება:

პუტინის სტრატეგია ასეთია - პოლიტიკოსებზე გავლენის მოპოვება, დეზინფორმაციის გავრცელება, რადარის ქვეშ მყოფი შეზღუდული სამხედრო მოქმედებები, სეპარატისტების მხარდაჭერა. მას შეუძლია "სუსტი ხელით“, მცირე რესურსით დიდი ზიანის მიყენება.

რუსეთი და რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინი, რაღაც ძალიან განსხვავებულს ხედავს. ნატო-ს გაფართოება მოსკოვის თვალით ჩანს მცდელობად, რუსეთს მიუჩინოს ადგილი.

ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს გაფართოების პროცესს და შევინარჩუნებთ ღია კარს. ეს მესიჯია პუტინისთვის აშშ-დან, რომ დასავლეთი ცდილობს მის შეკავებას.

რუსეთი აშშ-ის ფარულ ხელს ხედავს ყველგან, ფერადი რევოლუციები მარცხნივ, მარჯვნივ. პუტინის აზრით, ყველაფრის უკან აშშ დგას, რაც არ არის სიმართლე.

შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის საქმიანობა პუტინის აგრესიის წინააღმდეგ იქნება მის შესაკავებლად ზომების გაძლიერება.

  • რას აბობდა ენტონი ბლინკენი წლების წინ საქართველოს შესახებ?

ბლინკენი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციას და აღნიშნულის შესახებ მან ჯერ კიდევ 2015 წელს განაცხადა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.

"ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის პროვოკაციულ მოქმედებებზე და მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრას. მსოფლიოს სჭირდება მშვიდობიანი და აყვავებული საქართველო" - ამბობდა ბლინკენი 2015 წლის 3 ნოემბერს კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ამ შეხვედრიდან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი - ენტონი ბლინკენმა განცხადება ასე დაიწყო: - "როგორც მე ვიცი, საქართველოში ხშირად ამბობენ, სტუმარი ღვთისაა. დღეს კი მე შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი აქ ყოფნა არის ჩვენთვის საჩუქარი." განცხადების შუა ნაწილში კი, როდესაც მან საქართველოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამო მადლობა გადაუხადა, შოთა რუსთაველის ციტატა მოიხმო: "რასაცა გასცემ, შენია - რაც არა, დაკარგულია" - თქვა ბლინკენმა.

ნახეთ, აღნიშნული განცხადების ამსახველი ვიდეოჩანაწერი: