ავტორი:

"აქ შეიძლება, მელამ ჩაისეირნოს, ისმის ყმუილიც... ყველაფერს ქოხიდან ვმართავთ" - ტყეში გადასახლებული ცნობილი ცოლ-ქმარი და ხელით შექმნილი ზღაპრული გარემო

"აქ შეიძლება, მელამ ჩაისეირნოს, ისმის ყმუილიც... ყველაფერს ქოხიდან ვმართავთ" - ტყეში გადასახლებული ცნობილი ცოლ-ქმარი და ხელით შექმნილი ზღაპრული გარემო

პანდემიის პერიოდში შექმნილ კრიზისს ადამიანების ნაწილმა როგორც შესაძლებლობას, ისე შეხედა და ისეთი საქმეების გაკეთებაც კი შეძლეს, მანამდე შეუძლებლად რომ მიაჩნდათ.

"ქართული ბრენდისა" და საზოგადეობასთან ურთიერთობის სააგანტო "პროფილის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი მანანა გეგიძე და მისი მეუღლე, ცნობილი რობაისტი, მწერალი და ჟურნალისტი ელგუჯა მარღია, არც მეტი არც ნაკლები, ტყეში დასახლდნენ. პატარა ქოხი ააშენეს და დაამტკიცეს, რომ თანამედროვე, საზოგადოებრივად აქტიურ ადამინს, სამსახურებრივი საქმეების დისტანციურად, ტყიდანაც უპრობლემოდ მართვა შეუძლია და ამაში შეუძლებელი არაფერია.

"რეალობა ისაა, რომ ჩვენი ქოხი ტყეშია და აქედან ვახორციელებთ ყველა საქმეს, რასაც აქამდე თბილისში ვაკეთებდით. მუდმივად გვაქვს ონლაინ ჩართვები, შეხვედრები, მოლაპარაკებები. ამდენად, ქოხიდან ვუძღვებით ყველაფერს" - გვეუბნება მანანა გეგიძე.

მათი ხის ქოხი და მიმდებარე ტერიტორია ნამდვილ ზღაპარს ჰგავს და ის საოცარი გარემო საკუთარი ხელით შექმნეს. ამბობენ, რომ მათი ხის ქოხი პოეტის ქოხია, რობაიების ქოხი.

ეს ყველაფერი კი როგორც შევიტყვეთ, საგურამოდან 14 კომეტრშია, მთაში, ზღვის დონიდან 1100 მ-ზე, ადგილს კი ბურიანი ჰქვია. თბილისიდან სულ 45 კილომეტრის სავალზეა.

"გადმოუხვევთ ბურიანისკენ და მდინარე შეგხვდებათ, მერე კი უკვე უღრან ტყეში შემოდიხართ, საიდანაც 2 კილომეტრია ჩვენამდე. ჩეულებრივი ტყის გზაა, სადაც სააგარაკო დასახლება არც ისე მჭიდროდაა გაშლილი. ისეთი გარემოა, რომ თავისთავად რომანტიკულ განწყობას გიქმნის," - გვიყვება ქალბატონი მანანა.

- როდის და როგორ აღმოჩნდით მანდ?

- 2011 წელს ასეთ ადგილს ვეძებდი და სწორედ აქაურობამ თავისი საოცარი და ხელშეუხებელი ბუნებით მომხიბლა. ბურიანი ნამდვილი აღმოჩენა იყო. თბილისის შემოგარენში ასე თუ ისე ვიცნობდი ადგილებს, მაგრამ აქაურობის შესახებ არაფერი ვიცოდი, გაოცებული დავრჩი. თან, პირველად რომ მოვხვდი, შემოდგომა იყო და ტყე სხვადასხვაფრად იყო აფერადებული, სრული სიმშვიდე, სიჩუმე, ჩიტების ჭიკჭიკი სუფევდა.

მოკლედ, აქ ერთ-ერთი ადგილი იყიდებოდა და შევიძინეთ, სადაც მე და ელგუჯამ საკუთარი ხელით წლების განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ. მერე აქ შეკრებებს ვაწყობდით, ტრადიციად მქონდა დამკვიდრებული, შემოდგომით მეგობრებს ვეპატიჟებოდი და სხვადასხვა ფერის ტიტების ბოლქვებს ვრგავდით. სტუმრებს ტილოებს, საღებავებს, ფუნჯებს ვახვედრებდი და ვისაც რა უნდოდა, ხატავდა... ამის მერე თანდათან ჩვენი მეგობრებიდან აქ ბევრს მოუნდა დასახლება და იყიდეს კიდეც სააგარაკედ ადგილები...

- აქეთ თბილისიდან საცხოვრებლად წამოსვლა უკვე პანდემიის პერიოდში გადაწყვიტეთ და ქოხის აშენებაც ამ პერიოდს უკავშირდება, ხომ?

- კი, ასეა. ეს ჩვენი ხის ქოხი კიდევ განსხვავებულ ადგილას არის, ჩვენს სახლთან ახლოს, ოღონდ, ოდნავ ქვემოთ, ტყეში ჩავდივართ...

- ქოხის აშენების იდეა საიდან მოვიდა?

- ჩემი მეუღე პოეტია, მწერალია, მისი საყვარელი მწერალი კი ამერიკელი ჰენრი დევიდ თოროა, ადამიანი, რომელიც საცხოვრებლად ტყეში გადავიდა, სადაც ქოხი ააშენა. ჰენრის ელგუჯა მის სულიერ მოძღვარსაც უწოდებს... ეტყობა, ამ ყველაფერმა მასზე გავლენა მოახდინა და ტყეში აშენებულ ქოხში ცხოვრების სურვილი გაუჩნდა...

პანდემიისას აქ რომ ამოვედით, ცხადია, ქოხი ჯერ არ იყო აშენებული და ტყეში აქტიური სიარული დაიწყო, საკუთარი თავის გამოცდას ასე ცდილობდა. შეძლებდა თუ არა საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრების შემდეგ ტყეში დასახლებული, სირთულეების დაძლევას.

პირველი ტალღის დროს წიგნი - "პანდემია, ანუ მთაში ცხოვრება" დაწერა, რომელიც გამოსაცემად მზად არის. წიგნში მსოფლიო ამბები ტყის ამბების ფონზეა ასახული. მეც ვარ მისი წიგნის პერსონაჟი, დიალოგები აქვს ჩემთან.

იმ პერიოდში ფრანგული ბოსტანიც გავაკეთეთ, ჩითილები დავრგეთ, ყველაფერი ინტერნეტით ვისწავლეთ, აზრს სხვებსაც ვეკითხებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, სეტყვამ გაგვიფუჭა და გული ძალიან დაგვწყდა.

- ქოხის აშენებამდეც ბევრი რამ მოგისწრიათ...მოკლედ, ასე ეგუებოდით გარემოს და თავსაც ცდიდით...

- ბუნებასთან სიახლოვე ჩვენთვის კიდევ ცალკე თემაა. ფაქტობრივად, აქ გვაძლებინებდა და გვაძლებინებს საოცარი ბუნება - დილა რომ გათენდება, მზე რომ ამოვა, შეგრძნება გვაქვს, რომ ბუნების ნაწილი ვართ, ძალას გვმატებს აქაურობა, ტყის ენერგია გვამხნევებს...აქ ვისწავლე, როგორ დავამზადო ტყის კენკრისგან ჩაი, პანტის არაყიც კი გამოვხადეთ, პანდემიის პერიოდში იმუნიტეტიც გავაძლიერეთ. უგემრიელესია ასკილის კვირტებისგან დამზადებული ჩაი C ვიტამინითაა მდიდარი... მოკლედ, ბევრი რამ შევძელით...

ამის პარალელურად, გაიხედავ და შეიძლება, მელაკუდამაც თავისი ფუმფულა კუდით ახლოში ჩაისეირნოს, ისმის არც ისე სასიამოვნოდ მგლის ყმუილიც, ფრინველების საოცარი ჭიკჭიკი, ჟღურტული, გალობა.

ელგუჯა მარღია:

"ჩემთვის ამ საქმეში დიდი სტიმული, როგორც მანანამ გითხრათ, ამერიკელი მწერალი ჰენრი დევიდ თორი იყო, ის ამერიკელი ილია ჭავჭავაძე გახლდათ, სამაგალითო პიროვნება და მისი "ტყეში ცხოვრება" ჩემთვის ერთ-ერთი სამაგიდო წიგნია. ტყე ბევრს უყვარს, თავისი მიმზიდველობის გამო და ამით ორიგინალური ვერ ვიქნები, მაგრამ ასეთ ადგილს ნამდვილად ვეძებდით და ბურიანში აღმოვაჩინეთ...

როსტომ ჩხეიძეს მერაბ კოსტავაზე აქვს შესანიშნავი ბიოგრაფიული რომანი "ძენი მუსიკის, ძენი ქარიშხლის", სადაც მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიას ეუბნება, რომ გარკვეული პერიოდის მერე, პოლიტიკურ ცხოვრებას რომ ჩამოვცილდები, ტყეში თოროსავით მინდა ვიცხოვროო. ამ წიგნს რომ გავეცანი, ჩემზე იმოქმედა... მერე ასაკი რომ გემატება, ტყისკენ, სიმყუდროვისკენ და სიჩუმისკენ მიგიწევს გული.

მანანასაც ჰქონდა იდეა, რობაის პოეტი ქოხი ტყეში ავაშენოთო... მოკლედ, ავაშენეთ. 20 კვ-მდეა, თავის აივნით, ტერასით, გადასახედით, პატარა ეზო აქვს მოაჯირებით, რომელიც მე გავაკეთე. მშენებლობა არ მეხერხებოდა, მაგრამ ბადრი-კახა ბეროშვილთან, მეგობარ ხელოსანთან ერთად, რა თქმა უნდა, მანანაც გვეხმარებოდა, ერთობლივად ერთ თვეში ავაშენეთ.

მოკლედ, როგორც ჰენრი თოროს ეხმარებოდნენ მეგორები, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც... საბოლოოდ კი ეს ყელაფერი რაღაც ძალამ შემაძლებინა, არ ვიცი, ალბათ ეს ტყის ძალა იყო, აქედან მიღებული ენერგია,“ - გვიყვება ბატონი ელგუჯა.

მისი თქმით, ქოხი ძველი, მეორადი მასალით აშენდა.

"მანამდე ერთი ძველი კოტეჯი დავშალე, რომელიც თავის დროზე ლიტერატორ ჯონდი ბარდაველიძეს ეკუთვნოდა... დაშლა შრომატევადი იყო - 23 კვირა დასჭირდა. უძველესი ორიგინალური კრამიტი მანანას დას ჰქონდა თბილისში და მანანამ ჩამოიტანა. მერე საკუთარი ხელით სათითაოდ რეცხავდა და ქოხი იმ კრამიტით გადავხურეთ... მოკლედ, წელს შობა-ახალ წელს უკვე აქ შევხდით. ძველი შეშის ღუმელი გვაქვს, მეგობარმა, აქაურმა მოსახლემ ციცინო ფუტკარაძემ გვისახსოვრა და ასე ვთბებით. ქოხში არის ბიბლიოთეკაც, სადაც მუშაობა და ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. ასე რომ, ეს ქოხიც სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი ადამიანის სურვილზე, ნებისყოფაზე, გამძლეობასა დ მებრძოლ ბუნებაზეა დამოკიდებული, ანუ აქ როგორ გამოცდის საკუთარ თავს.

მანანა გეგიძე:

"სულ სიძველეშია ქოხი "გამოწყობილი" და ყველაფერი სინთეზშია. მეზობელმა უძველესი წაბლის ფანჯრები მაჩუქა. ამ სიძველეებისგან ზღაპრული სამყარო და ახალი სიცოცხლე შევქმენით, ბევრ რამეს სული თავიდან ჩავბერეთ... აქაურობას სამყაროს ცენტრს ვუწოდებ, შეიძლება, გაზვიადებული ნათქვამი იყოს, მაგრამ ჩემთვის ცენტრია. აქედან შევძელი პროფესიული საქმიანობის დაუბრკოლებლად გაგრძელება, ამერიკაში შვილთან მუდმივი კონტაქტი, იმ დღეს მეცინებოდა, აქვე ტურა კიოდა და შვილიშვილმა ამერიკაში სკოლიდან გამოსვლა რომ დააგვიანა, ქოხიდან ვარკვევდი მის საქმეს. სამსახურებს აქედან ვუკავშირდებით, ანუ კომპანიებს, ვისაც ვემსახურებით, ჩემი ყველა რგოლი მუშაობს. ყველას - ახლობლებს, შვილებს უკვირთ, ჩვენი ასეთი გადაწყვეტილება.

- ტყიდან რას დაგვაბარებდით ჩვენს მკითხველთან?

- იყვნენ ბუნებასთან ახლოს, ეს სასიამოვნო განცდას მიანიჭებთ, რადგანაც ადამიანი ბუნების შვილია, ბუნებაში შეიგრძნობა ყველფერი. აქ ყველაფერი საოცარია, - გათენება, დაღამება, მთვარიანი ღამე, თოვა - ეს ყველაფერი ამ პანდემიისას ჩვენი სულის მალამოა. რომ არა ეს ადგილი, ალბათ ცუდად ვიქნებოდით. მკითხველს კი ვეტყვი, რომ ტყეს ყველანი უნდა გაუფრთხილდეთ. აქ თითოეულ ნერგს, ფოთოლს ვეფერები, ტოტი რომ ტოტია, იმასაც არ ვტეხავ და ვჭრი...

ბედნიერი ვარ და ამის შეგრძნება ტყემ მომცა. კრიზისი, მსოფლიო პანდემია შესაძლებლობად მივიღეთ და შევძელით ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა.

- სამომავლოდ რას ფიქრობთ?

- პანდემია რომ გადაივლის, თბილისში კი დავბრუნდებით, მაგრამ აქაურობას ვერ შეველევით - სანახევროდ მაინც აქეთ ვიქნებით. ამ პერიოდში მეგობრებიც გვკითხულობენ, მოდიან, ვსაუბრობთ. გვინდა, საუბრები რობაის ქოხიდან საჭირბოროტო საკითხებზე იყოს ხოლმე, ტყის სკოლაც გვინდა გავაკეთოთ, მომავალმა თაობამ ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრება რომ ისწავლოს. ბავშვები ბუნების სიყვარულით უნდა გაიზარდონ და უნდა იცოდნენ, რომ ტყეს გაუფრთხილდნენ!