რატომ ტიროდა რეზო მიშველაძე წიგნის პრეზენტაციაზე

რატომ ტიროდა რეზო მიშველაძე წიგნის პრეზენტაციაზე

"ლიტერატურულ პალიტრაში" რევაზ მიშველაძის ახალი რომანი იბეჭდება. რომანს "ჩურჩულს გადაჩვეული კაცი" დიდი გამოხმაურება მოჰყვა მკითხველებში. მასში ჩვენს თანამედროვე ტიპაჟებსაც ამოვიცნობთ.

ბატონ რეზოს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბარი ვთხოვეთ. ჩემი უსაყვარლესი მწერალი და რესპონდენტი დალაგებულად, თანამიმდევრულად გაჰყვა თავისი ცხოვრების განვლილ გზას, თუმცა პოლიტიკას გვერდი ვერ ავუარეთ, როგორც ბატონი რეზო ამბობს, დღეს ყველაფერს პოლიტიკისკენ მივყავართ.

- ბატონო რეზო, უდარდელი წლებიდან დავიწყოთ, გვიამბეთ, რა გამოცდილება გაგიზიარეს მშობლებმა?

- არც დედაჩემს და არც მამაჩემს ჩემთვის არ უთქვამთ, მოდი ახლა და გამოცდილებას გაგიზიარებთო. მშობლის ყველა ნათქვამი, ყველა ნაბიჯი, მთელი სისტემა აღზრდისა, რომლითაც მშობლები ხელმძღვანელობენ, გადადის შვილზე, თუ, რა თქმა უნდა, ეს შვილი კარგი გამგონეა კარგი მშობლებისა. მახსოვს, ერთხელ ლევან სანიკიძემ მითხრა, როცა ალექსანდრე მაკედონელზე ლექციას ვკითხულობდი, მის თვისებებს მიმოვიხილავდი, აღფრთოვანდნენ სტუდენტები და ერთმა მკითხა - ალექსანდრე მაკედონელზე დიდი კაცი თუ იყო დედამიწაზე კიდევ. მე დაუფიქრებლად ვუთხარი, იყო, როგორ არა, მამაჩემი დავით სანიკიძე-მეთქი.

შვილისთვის მშობლები მართლაც რომ ყველაზე დიდი ავტორიტეტები არიან. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, მამა პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტი იყო, დედა საშუალო სკოლის ქართულის მასწავლებელი. მამაჩემი, რაკი პედაგოგიურ ინსტიტუტში მსახურობდა და სწორედ პედაგოგიკის კათედრაზე კითხულობდა ლექციებს, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობდა იმ გამოცდილებით, რაც ბავშვის აღზრდის საქმეში ამ მეცნიერებას შეუმუშავებია. მოგეხსენებათ, ყველა მშობელი შვილს წიგნისკენ მიუთითებს, თუმცა დღეს ეს ტრადიციული სისტემა დაარღვია ჩვენმა ბრძენმა ხელისუფლებამ და ისეთი მინისტრიც გვყავდა განათლების, ვინმე ლომაია, შემთხვევით შემოხეტებული საქართველოს ხელისუფლებაში, რომელმაც ყველა უბედურება თავზე დაატეხა საქართველოს განათლების სისტემას.

ჩემი ღრმა რწმენით, თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე ქართული განათლების სისტემის რღვევისათვის, ეს ლომაია და ვინმე ხუბუაა. ასე სამარცხვინოდ უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში არც ერთი რექტორი არ წასულა თანამდებობიდან, როგორც ხუბუა წავიდა. მე ამას გულისტკივილით გეუბნებით. წიგნის დრო დამთავრდაო, ამბობდა ლომაია...

თემას მინდა დავუბრუნდე, როცა ბავშვებს ჩავჩიჩინებთ წიგნს მოჰკიდე ხელიო, მამაჩემმა აქვსენტი მიშველაძემ ასეთი გზა აირჩია. მოვკიდებდი თუ არა წიგნს ხელს, მეტყოდა, გამოდი ახლა, ბოსტანი ვბაროთო. მე გავუძალიანდებოდი, მაგრამ მამაჩემი თავისას გაიტანდა ხოლმე. მერე გავიგე, ეს იყო მისი პედაგოგიური ხერხი, ლომაიასგან სრულიად განსხვავებული, ბავშვს რასაც დაუშლი, სწორედ იქითკენ აქვს გულისყური. როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდი, მაშინვე წიგნს ვტაცებდი ხელს. იმდენ წიგნს ვკითხულობდი, საქმე იქამდე მივიდა, რომ დედაჩემი დაიბარეს ქუთაისის მე-3 ბიბლიოთეკაში და უთხრეს, კარგი ბიჭია, წიგნიც მიაქვს ბიბლიოთეკიდან, მაგრამ არ კითხულობსო. როგორ, სულ წიგნი უჭირავს ხელშიო, გაიკვირვა დედაჩემმა. გაიტანს ხანდახან 400 გვერდიან წიგნს და მესამე დღეს უკან მოაქვსო, უპასუხეს. მაშინ მე-15 წელში ვიყავი, დედამ რომ მისაყვედურა, ცრემლები მომადგა, მეწყინა, ასე რომ იფიქრეს ჩემზე.

- დედაზე რას მეტყვით?

- დედა, როგორც გითხარით, ქართულის მასწავლებელი იყო დაწყებით კლასებში, იმავე სკოლაში ასწავლიდა, სადაც მე დავდიოდი. დედაჩემი ჩემს კლასში არ შემოსულა, მგონი, სპეციალურად გააკეთა ეს, პარალელურ კლასებს ასწავლიდა. ახლა რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ესეც ხერხი იყო აღზრდისა, რომ არ გავთამამებულიყავი, არ შემენელებინა სწავლისადმი სწრაფვა.

- მასწავლებლებისგანაც ხომ ვიღებთ მაგალითებს, განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ რომელიმე?

- ახლა პედაგოგიკა, როგორც მეცნიერება ბავშვის აღზრდის შესახებ, დიდ პატივში არ არის. ვიღაც სულელებმა ასეთი რამ გამოიგონეს. არავითარი წინასწარ დაგეგმილი მეთოდები! ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და საერთო პედაგოგიური სისტემით არ უნდა აღვზარდოთ! სისულელეა. მაშინ რამდენი ბავშვიც არის, იმდენი მასწავლებელი უნდა იყოს თითო სკოლაში. არსებობს საერთო პედაგოგიკური პრინციპები, რაც აუცილებელია. მაგალითად, მე ქართულს ზედა კლასებში ლარა სამხარაძე მასწავლიდა, სასწაული რამ მოხდა, სკოლა რომ დავამთავრე, 25 კაციანი ჯგუფიდან 22 ფილოლოგიის ფაკულტეტზე აბარებდა. ეს მხოლოდ ლარა სამხარაძის დამსახურება იყო.

ახლახან ჩვენმა პრეზიდენტმა პედაგოგებთან შეკრებაზე ხმამაღლა განაცხადა, რა საჭიროა ამდენი ჰუმანიტარული ფაკულტეტი, როცა ამის მოთხოვნა საზოგადოებას არ აქვს, ფიზიკა და ქიმია უყურადღებოდ რჩებაო. მაშინ, როდესაც გლობალიზაციის საშინელი ურჩხული თავს დაგვდგომია, როდესაც ისედაც საჯაროდ ამბობს მთელი ქვეყანა, რომ ხელიდან გვეცლება ჩვენი მშობლიური ენა, როგორ შეიძლება ასეთი რამის თქმა?! სამაგიეროდ კულინარული სასწავლებლების გახსნას ითხოვს. ჩვენ გადავიქცევით უზარმაზარ ტურისტულ ქვეყნად, ფეშენებელური სანატორიუმებით, დასასვენებელი კომპლექსები გაშენდება, მესტიიდან ანაკლიამდე თხილამურებით ჩამოვსრიალდებით, შევისწავლით კულინარიას, სასტუმროს მომხმარებელთა მომსახურებას და დავივიწყებთ ენას!

- მეშინია, რომ პოლიტიკური ინტერვიუ გამომივა... ე.წ. "ქუჩის აკადემიაზე" მინდა გკითხოთ, იყო ეს თქვენთვის ერთგვარი გამოცდილება?

- დღეს ყველაფერს პოლიტიკისკენ მივყავართ, ჩემო ნინო, რაც შეეხება ამ ტერმინს, ჩემთვის მიუღებელი ტერმინია "ქუჩის აკადემია". ქუჩაში, რა თქმა უნდა, ვმდგარვარ და აქვს ამას ასაკობრივი სირთულიდან გამომდინარე დიდი ინტერესი, როცა მამლაყინწობ, გინდა საკუთარი თავის დამკვიდრება, შენი შესაძლებლობების შემოწმება და ადამიანებთან ურთიერთობების დამოუკიდებლად დამყარება. ამ დროს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. უნდა გაერთიანდეს ოჯახი და საზოგადოება, ბავშვს არ უნდა შეუზღუდო ქუჩაში გამოსვლის, თანატოლებთან ურთიერთობის, დამოუკიდებლად საუბრის საშუალება, მაგრამ გონივრულ კალაპოტში. და, რაც მთავარია, მანდატურები არ უნდა დაუყენო ქუჩაშიც! თქვენ რომ აკადემიას ეძახით, ეს აკადემია ყველას გაგვივლია, უბედურება ის არის, რომ ზოგი ჩარჩა ქუჩაში, ქუჩის აკადემიამ ძალად ძველბიჭობამდე მიიყვანა. ზოგი მიხვდა, რომ ქუჩაში დილიდან საღამომდე დგომა სასიკეთოს არაფერს მოგიტანს და ჯობია, იმას მიუჭიჭინდე, რასაც შენი პროფესია, შენი ოჯახი და გონების არენა ჰქვია.

- დიდხანს იყავით მშობლების კმაყოფაზე?

- ჩემს მშობლებს რა უნდა ჰქონოდათ, უღარიბესი, მრავალშვილიანი ოჯახი ვიყავით. სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში წამოვედი და უნივერსიტეტში ჩავაბარე. მოგვიანებით ჩემი მშობლებიც გადმოვიდნენ თბილისში, მაგრამ თვეების განმავლობაში თითქმის სტიპენდიაზე ვცხოვრობდი. ცოტა თანხას კი მიგზავნიდნენ თავიდან, მაგრამ ვფიქრობდი, როდემდე უნდა ვყოფილიყავი მათ კმაყოფაზე. 18 წლიდან დავიწყე ჩემი არსებობის წყაროს ძიება - ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი და რაკი ჟურნალისტობასა და ფილოლოგობას ვაპირებდი, გაზეთებთან დავიწყე თანამშრომლობა. თითქმის ყველა გაზეთში, რაც მაშინ საქართველოში არსებობდა, ვაქვეყნებდი პატარა სტატიებს ხან ლიტერატურაზე, ხან ისე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, არც ინფორმაციის მოპოვებას ვერიდებოდი და უბედნიერესი კაცი ვიყავი, როცა მე, სტუდენტი, თვის ბოლოს ჰონორარის რიგში ვდგებოდი.

- რა ოდენობის იყო თქვენი ყოველთვიური ჰონორარი?

- საკმაოდ სოლიდური. ერთი თვის ჰონორარით თავისუფლად შემეძლო ოჯახის შენახვა. მე-4 კურსზე ვიყავი, როცა პაწაწკინტელა ნოველების კრებული გამოვეცი და იქიდან აღებული ჰონორარით ვიყიდე პალტო, რომელიც არ გამაჩნდა და კოსტიუმი. ეს იყო პირველი კოსტიუმი ჩემს ცხოვრებაში. სხვა დრო იყო, სტიპენდიას ავიღებდი თუ არა, პირველ რიგში, გადავდებდი ფულს წიგნებისთვის, ჩამოვუვლიდი თბილისის წიგნის მაღაზიებს. ახლა ეს მაღაზიები ჩვენმა საყვარელმა ხელისუფლებამ მოსპო. ოპერის წინ იყო დიდი წიგნის მაღაზია - "საუნჯე". ახლა ეს წიგნის მაღაზიები სადღაც მოსახვევებში, პაწაწკინტელა ოთახებში შეტენეს, ვერც მიაგნებ. სულ 3-4-ია და უნდა ეძებო.

რაც შეეხება წიგნის პრეზენტაციას, ეს ფორმა ჯერ კიდევ არ არის აკრძალული. თუმცა ჩვენებურ პრეზენტაციაზე უხერხულობაც კი იქმნება. საზღვარგარეთ ეს არ არსებობს. პრეზენტაციას თვითონ ავტორი ესწრება და თვითონ ყიდის თავის წიგნებს. ეს იაპონიაშიც მინახავს, პარიზშიც, ლონდონშიც და ნიუ-იორკშიც. ჩვენთან იცით, რა სურათია ამ თვალსაზრისით. მე მქონდა რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია და წიგნების გაყიდვის მაგივრად, უზარმაზარი ვალი დამედო, ცხარე ცრემლით ვტიროდი, პრეზენტაცია რომ დამთავრდა. ჯერ ერთი, რაღაც ალაფურშეტს რომ ეძახიან, ის უნდა გააკეთო, მერე მოდის კაცი და მოგჩერებია პირდაპირ თვალებში. თუ წიგნი არ აჩუქე, შეურაცხყოფილი მიდის.

- რას შვრებით, ჩუქნით ხოლმე ამ დროს?

- მეტი რა გზა მაქვს. საზღვარგარეთ, ავტორის ავტოგრაფით წიგნი რომ შეიძინო, დიდი პატივია. ჩვენთან ეს პროვინციულ უხერხულ ამბავთან არის დაკავშირებული. ახლა გამოვეცი რომანი, რომელიც 800-გვერდიანია, ჯერჯერობით არ გასულა ბაზარზე, მაგრამ შიშით ვკანკალებ. ამის პრეზენტაცია რომ მოვაწყო, პირველ რიგში, რამდენიმე უნდა ვიყიდო ნაცნობ-მეგობრებისთვის. მირეკავენ, შენი ახალი რომანი გამოსულაო, ეს იმას ნიშნავს, როდის უნდა მაჩუქოო. თუ ეტყვი, ერთ კვირაში გაიყიდება ამა და ამ მაღაზიაშიო, დაგიკიდებს ყურმილს და მეტი აღარ დაგირეკავს.

- თქვენი რომანი "ლიტერატურულ პალიტრაში" იბეჭდება და მკითხველის საკმაოდ დიდ მოწონებასაც იმსახურებს, მოგვიყევით მისი შექმნის ისტორია.

- მადლობელი ვარ ამ მართლაც ბრწყინვალე ჟურნალის. ერთადერთი კითხვადი ლიტერატურული ჟურნალი, მართლაც რომ ფეხდაფეხ მიჰყვება ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას, გახლავთ "ლიტერატურული პალიტრა". თუ ნებას დამრთავთ, უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის ქალბატონებს - თამარ მამაცაშვილსა და მანანა ჯანელიძეს. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რას ნიშნავს 800-გვერდიანი რომანის გამოცემა გამომცემლობისთვის. ისე ოპერატიულად, ისეთი გულისყურითა და სიყვარულით მოეკიდნენ ამ ჩემს წიგნს, სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად. არც იმას გეტყვით, რომ ჩემმა სახელმა განაპირობა ეს ყველაფერი. თავიდანვე მითხრეს, თუ არ მოგვეწონება, არ დავბეჭდავთო. და აი, იბეჭდება, უკვე დასასრულს უახლოვდება ჩემი რომანი, - "ჩურჩულს გადაჩვეული კაცი". პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს ყურადღება განაპირობა იმან, რომ ჩემი წიგნი შეეხება ჩვენს თანამედროვეობას. შევეცადე, ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქე დამეხატა განსხვავებული სოციალური მდგომარეობით, განსხვავებული დამოკიდებულებით რევოლუციისადმი, ომისადმი, სიყვარულისადმი (ქალის სიყვარულზე მოგახსენებთ). შევეცადე თქვენი, ჩემი, ჩვენი საზოგადოების ხასიათი დამეჭირა. ახლა მირეკავენ და მეუბნებიან, თქვენი რომანის პერსონაჟებსაც კი ვცნობთ ჩვენი თანამედროვეობიდანო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- დასასრულ, შეცდომებზე მინდა გკითხოთ, განსაკუთრებით თუ ნანობთ რაიმეს თქვენი ცხოვრების განვლილი გზიდან?

- უამრავი შეცდომა დამიშვია. თუ მაგალითი აუცილებელია, გეტყვით. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალად მომაქვს თავი იმაში, რასაც მხატვრული ლიტერატურა ჰქვია, იძულებული შევიქენი, როგორც ჩემი ეპოქის შვილი, არ გადამედო ყველაფერი გვერდზე და მარტო მხატვრულ ლიტერატურაში მემუშავა. ცოლ-შვილი მყავდა სარჩენი და ამიტომაც მხატვრული ნაწარმოებისთვის მოპარული დროის ხარჯზე ვმუშაობდი, ხან მეცნიერებას მოვკიდე ხელი, ლექციებს ვკითხულობდი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ახლა სიბერეში შევდივარ და ეს სინანულად მრჩება. დავმჯდარიყავი თუნდაც მშიერ-მწყურვალი, მომეკლო ჩემი თავისთვის ყველაფერი და მეწერა ის, რაც დასაწერი მქონდა. დასაწერი კი, დამერწმუნეთ, უამრავი მქონდა და მაქვს ახლაც.

სინანულად მრჩება ისიც, რომ, მიუხედავად იმისა, საკმაოდ გაბედულ კაცად მიმაჩნია თავი, ვერ აღვუდექი წინ ორი ნაძირალას, ლომაიასა და ხუბუას მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დანგრევას. არ დამიკლია სიტყვის თქმა, ხელში მიკროფონის დაჭერა, მიტინგებზე გამოსვლა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. თავი უნდა გადაგვედო და კაბინეტიდან გამოგვებრძანებინა ეს შემარცხვენელი კაცი ჩვენი უნივერსიტეტისა. საზოგადოების პასიურობა მიკლავს გულს, მეც საზოგადოების ნაწილი ვარ და ჩემი აუხსნელი პასუხებისთვისაც ანგარიში ვერ მიმიცია. ერთად რომ დავმდგარიყავით უსამართლობის წინააღმდეგ, ხელისუფლება ამდენ სისულელეს არ ჩაიდენდა, რაც ჩაიდინა.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს