"ყოველთვის, მაშველ რგოლად „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი" - ამის შესახებ განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ერთ დღეს გავრილოვი გავისტუმრეთ საქართველოდან იმ ქმედებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო და შესაბამისად, მაშველ რგოლად ევლინება ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ არის ჩემთვის ერთი მედლის ორი მხარე გავრილოვი, „ნაცმოძრაობა“ და მელია, შესაბამისად, ასევე, ის ტელეარხები, რომლებმაც მოიპოვეთ ინფორმაცია და კონტაქტი გაქვთ გავრილოვთან. როგორც ჩანს, უფრო ახლოს ხართ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთან და შეგიძლიათ დამატებით მასთან გააგრძელოთ კომუნიკაცია,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ დაირღვა კანონის მოთხოვნა, კომიტეტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ პროკურატურას უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, ეშუამდგომლა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით. ოხანაშვილის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ კომიტეტებმა გადაწყვიტეს, თუ რა ღონისძიება უნდა იქნას გამოყენებული ნიკა მელიას წინააღმდეგ, რადგან ეს პრეროგატივა სასამართლოს ეკუთვნის.
"ჩვენ კომიტეტის ფარგლებში დეტალურად მოვისმინეთ კონკრეტყლი არგუმენტები თუ რის საფუძველზე წარუდგინა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წინადადება საქართველოს პარლამენტს. ჩვენ მოვისმინეთ ერთმნიშვნელოვნად და კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ და კომიტეტზე, ვიდრე კენჭისყრის პროცედურას დავიწყებდით, კიდევ ერთხელ ვთხოვე პროკურატურას დაედასტურებინა, ხომ არ მოხდა გირაოს თანხის შეტანა ნიკანორ მელიას მიერ ან სხვა პირის მიერ მის სასარგებლოდ. ასეთი რამ არ დადასტურდა. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, რის საფძველზეც ჩვენ მოგვმართა პროკურატურამ, დაირღვა კანონის მოთხოვნა, ჩვენ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად, რომ პროკურატურას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იშუამდგომლოს პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ან ვინმეს გადავუწყვიტეთ, რა ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული ნიკანორ მელიას მიმართ. ეს პრეროგატივა რჩება სასამართლოს. ასევე, კომიტეტს ვკითხე აზრი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდათ დამატებით სურვილი, ინტერესი, ობიექტური გარემოება ან არგუმენტი, რომ ვინმე მოგვეწვია კომიტეტის სხდომაზე დამატებითი ახსნა-განმარტებისთვის. მას შემდეგ, რაც ჩვენ დეტალურად მოვისმინეთ პასუხები პროკურორის მხრიდან და არაერთი შეკითხვა დაისვა იმისთვის, რომ ჩვენ საფუძვლიანად შეგვესწავლა წინადადების არსი, აღარ გახდა საჭირო რომელიმე პირის დამატებით მოწვევა, მათ შორის, ადვოკატების და შესაბამისად, კომიტეტმა არგუმენტები და კითხვა-პასუხის შედეგად მიღებული ინფორმაცია მიიჩნია საკმარისად, რათა ჩვენ გაგვეცა თანხმობა შუამდგომლობის წარდგენასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.