"ძალიან განვიცდი, რომ 84 წლის განმავლობაში ვერ შევძელი ბოდბეში ჩასვლა და მადლობის გადახდა. 84 წლის წინ, 7 წლის ბავშვი, მშობლებდახვრეტილი და რეპრესირებული, სწორედ წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის დედაოებმა შემიფარეს. ახლა ვუხდი მათ მადლობას თქვენი საშუალებით. როგორც კი საბოლოოდ გამოვკეთდები, აუცილებლად ჩავალ ბოდბეში და იმ ადგილს მოვინახულებ, სადაც ბავშვობისას შემიფარეს, მადლობას ვეტყვი" - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 91 წლის ვალერიან (ვალიკო) შაკიაშვილმა.
კვალიფიციური ინჟინერ-მშენებელი 4 ათეული წლის განმავლობაში არაერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობდა. აშენებდა გორში, კასპში, ბორჯომში, ცხინვალში. თვლის, რომ კარდანახელი ობოლო ბიჭი გორში ბედმა ჩაიყვანა, ბედმა, რომელმაც ცხოვრების იმ მეგზურს შეახვედრა, რომელთან ერთადაც კოვიდი დაამარცხა, იმ ბედმა, რომელმაც 1937 წელს მშობლებდახვრეტილს, სტალინის სახლ-მუზეუმის მშენებლობაში მიაღებინა მონაწილეობა.
"40 წლის განმავლობაში გორს ვაშენებდი. მტკვრის ხიდიდან დაწყებული, ქალაქის მთელ ცენტრალურ ქუჩაზე არსებული თითქმის ყველა შენობის, საცხოვრებელი კორპუსების თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების (ფოსტა, უნივერმაღი, სასტუმრო "ინტურისტის" შენობა) მშენებლობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
ბედის ირონია კი ის არის, რომ 1937-ში მშობლებდახვრეტილი, წლების შემდეგ, უკვე მშენებელ-ინჟინერი, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის სამუშაოებს ვაწარმოებდი. სტალინმა დახვრიტა ჩემი მშობლები, მე კი მისი მუზეუმის მშენებლობის დასრულებაში ვიღებდი მონაწილეობას. ჩემი მშობლები 1937 წლის 2 ოქტომბერს, "სამეულის დადგენილებით" დახვრიტეს.
მაშინ კახეთში გურჯაანის რაიონში, კარდენახში ვცხოვრობდით. 7 წლის ვიყავი და თავისთავად არაფერი ვიცოდი არც შინსახკომზე, არც სამეულის დადგენილებაზე და არც სტალინსა თუ სხვა რამეზე... წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის დედაოებმა წამიყვანეს და შემიფარეს. იმ პერიოდში უმძიმესი დაავადებაც გადავიტანე - თავის ტვინის ანთება, ენცეფალიტი. იშვიათია, ადამიანმა ისე გადაიტანოს ეს დაავადება, რომ კვალი არ დატოვოს, მაგრამ მე გადავრჩი, დედაოებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემს გადასარჩენას, მიპატრონეს.
მოგვიანებით, 1957 წლის 23 აპრილს, ორი ათეული წლის წინ დახვრეტილი მამაჩემი გაამართლეს... ამის შემდეგ, სხვადასხვა ინსტანციაში მამაჩემი კიდევ სამჯერ გამართლდა. მე, პირადად, მაქვს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სტატუსი. წლების შემდეგ, უკვე მშენებელ-ინჟინერს, გორში მუშაობა შემომთავაზეს, სადაც იმ პერიოდში ბამბეულის ქსოვილების კომბინატი შენდებოდა. ასე აღმოვჩნდი აქ, სადაც ნუნუ ფიდაშვილს შევხვდი და სხვაგან წასვლა აღარც მიფიქრია.
როგორც გითხარით, 40 წლის განმავლობაში გორს ვაშენებდი, ვმუშაობდი სხვადასხვა სამმართველოში სხვადასხვა პოზიციაზე - მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველად, ვაშენებდი გორში, კასპში, ბორჯომში, ცხინვალში პედაგოგიური ინსტიტუტის შენობა ავაშენეთ, ზნაურში კი, მაშინდელი რაიაღმასკომის შენობა - ეკლარის ქვით" - გვიყვება შაკიაშვილი.
მისი მეუღლე, 87 წლის ნუნუ ფიდაშვილი-შაკიაშვილი ქიმიკოსია. წლების განმავლობაში გორის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. ქიმიკოს-ანალიტიკოსის ერთ-ერთი გამოგონება იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის ავიაციაში დაინერგა, რისთვისაც გორის კვლევით ინსტიტუტს და თავად ქიმიკოსსაც სოლიდური პრემია მიუღიათ, თუმცა სწორედ იმ პერიოდში, დაახლოებით 30 წლის წინ, ქართული ეროვნული გვარდია იქმნებოდა და ნუნუ ფიდაშვილ-შაკიაშვილს სამეცნიერო ნაშრომისთვის მიღებული პრემია მთლიანად გადაურიცხავს გვარდიის ფონდში.
ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა სამედიცინო ქსელ "გორმედის" გორის კოვიდკლინიკა 15 იანვარს დატოვა.
კორონავირუსით ინფიცირებულებს 20 დღის განმავლობაში უტარდებოდათ მკურნალობა. ,,ორივე პაციენტს 27 იანვრიდან უტარდებოდა მკურნალობა ჩვენს კლინიკაში, ქალბატონის მდგომარეობა იყო მძიმე, ფიქსირდებოდა ფილტვის ქსოვილის 70%-იანი დაზიანება, მოთავსებული იყო ინტენსიური თერაპიის ბლოკში და მკურნალობის შედეგად მდგომარეობა დასტაბილურდა, პნევმონია გაწოვის ფაზაშია და პარამეტრები დამაკმაყოფილებელია.
ამავდროულად, აღნიშნული პაციენტი ინსულტგადატანილია, სახეზე იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, თუმცა, შევძელით და ამჟამად ორივეს მდგომარეობა სტაბილურია. ცოლ-ქმარმა კლინიკის სტაციონარი დატოვა", - განაცხადა ,,გორმედის" ექიმმა თერაპევტმა მაია წიქარიძემ. გამოჯანმრთელებული ცოლ-ქმარი - 91 წლის ვალერიან შაკიაშვილი და 87 წლის ნუნუ შაკიაშვილი ,,გორმედის" კოვიდკლინის პერსონალმა ტკბილეულით და ყვავილებით გააცილა.
ავტორი: ია თინიკაშვილი