გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ უმრავლესობის წევრებთან, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრას ითხოვს.
ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მოლაპარაკების მაგიდას ფასილიტატორებთან ერთად მიუჯდებიან.
"ოპოზიციური პარტიების სახელით ვაკეთებ განცხადებას, მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არასოდეს არ იქნება ძალადობა და ვიღაცის დაჩაგვრა. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს მხოლოდ სამართლიანი არჩევნების გატარებით.
როგორც ჩანს განათდა, რიგ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებში, ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენად თავისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. ბატონ გახარიას 20 ივნისთან დაკავშირებით ისედაც საკმარისი პოლიტიკური და ადამიანური ცოდვაც აქვს. თუმცა ის, რომ ბატონი გახარია გადადგა, ის რომ მან აღიარა, რომ იგეგმებოდა დღეს სისხლისღვრა და ძალადობა და ეს არ გააკეთა, ეს დასაფასებელია. მაგრამ ეს საქმეს არ უშველის, ვითხოვთ სასწრაფოდ შეხვედრას რეჟიმის წარმომადგენლებთან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით" - აღნიშნა ნიკა მელიამ.