ავტორი:

"მისი დისკრედიტაციისთვის ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ" - ვინ შეიძლება იდგეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული შავი პიარის უკან?

"მისი დისკრედიტაციისთვის ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ" - ვინ შეიძლება იდგეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული შავი პიარის უკან?

ნიკა მელიას საქმესა და მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა:

- თუ ვივარაუდებთ, რომ ხელისუფლების გარკვეულ ჯგუფს მართლაც ჰქონდა გახარიას მოშორების გეგმა, მაშინ მისი გადადგომა მათთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგი იყოს. ამ თეორიის თანახმად, შეიძლება დავუშვათ ისიც, რომ ყველაფერი სწორედ ამისთვის გაკეთდა. თუ ამ მსჯელობას გავყვებით, სცენარი შეიძლება ცოტა სხვანაირად ყოფილიყო დაგეგმილი, ანუ შესაძლოა ვიღაცას სურდა, ეს სპეცოპერაცია სწორედ გახარიას ჩაეტარებინა და მერე ჯერ 20 ივნისის ამბების და ახლა უკვე მელიას საქმის გამო მისი სრული დისკრედიტაცია მომხდარიყო, რასაც ის გადაჰყვებოდა კიდეც...

ფაქტია, რომ გახარია არაკომფორტული ფიგურა იყო იმ მმართველობითი ფილოსოფიისთვის, რასაც ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული აბსოლუტური ძალაუფლება ჰქვია. არავისთვის არის დასამალი, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო შედეგში ლომის წილი სწორედ გიორგი გახარიამ ითამაშა, ძალიან ბევრი ადამიანი აიკიდა ზურგზე, რომელთაც აჩუქა ძალაუფლება. არ ვამბობ, რომ მხოლოდ გახარია იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ მოდი, გულწრფელად ვთქვათ - "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა" ორ ადამიანს - მას და ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა, დღეს კი არცერთი მათგანი ფორმალურად ხელისუფლებაში აღარ არის. პოლიტიკაში არიან თუ არა, ეს სხვა საკითხია...

შესაძლოა, გახარიამ დაინახა ეს საფრთხე და ამიტომაც გადადგა, რასაც მოჰყვა მოვლენების სხვა გზით განვითარება. რადგან პირველი გეგმა ჩაიშალა, მერე უკვე განხორციელდა მეორე, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ახალმა პრემიერმა ცნობილი გამოსვლის შემდეგ მოახერხა და ქვეყანა რამდენიმე წლით უკან გადააგდო... არ გამოვრიცხავ, რომ იმ ჯგუფს, რომელსაც ეს ხალიჩისქვეშა თამაშები ჰქონდა ჩაფიქრებული, ვერ წარმოედგინა, თუ ასეთ მძიმე შედეგებს მიიღებდა, თუმცა, ვიმეორებ - რაც გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი, მხოლოდ ვარაუდია. რა თქმა უნდა, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლების ეს ქცევა იყო მხოლოდ და მხოლოდ სიბრიყვე და კუნთების თამაში, ქვეტექსტის გარეშე...

- თუ გავითვალისწინებით, რა ტიპის შავი პიარი - ყალბი ინფორმაციების გავრცელება დაიწყო გახარიას წინააღმდეგ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ თქვენი ნავარაუდევი გეგმა მართლაც არსებობდა...

- სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვიცით ეს ტექნოლოგიური ხაზი. ადამიანი, რომელიც გადის სისტემიდან, ამ სისტემისთვის პოტენციურ საფრთხედ იქცევა, მით უფრო, ისეთი ფიგურა, რომლის პოლიტიკური წონა დარჩენილი სისტემის პოლიტიკურ წონას აჭარბებს. ამიტომაც იწყება მისი პოლიტიკური მკვლელობის ოპერაცია.

ბუნებრივია, ეს შავი პიარი მოდის ხელისუფლებიდან. ნახეთ, რა ვითარება მივიღეთ - ადამიანის მიმართ, რომელმაც ამ გაუგებარ მასას ძალაუფლება აჩუქა, ელემენტარული მადლიერებაც არავის გამოუხატავს. ბუნებრივია, დღეს მისი დისკრედიტაცია "ქართული ოცნების" ამოცანაა, ამისთვის კი ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ. ისინი ამ ეტაპზე არაპირდაპირ იმოქმედებენ, არ გამოჩნდებიან და ამ ურაპატრიოტული, ანგაჟირებული ჯგუფების მეშვეობით წარმართავენ გახარიას გასაშავებელ" კამპანიას, რომ ემანდ არაფერი გაბედოს და პოლიტიკაში არ შემობრუნდეს. არ გამოვრიცხავ, რომ უფრო შორსაც წავიდნენ.

- ბარემ აქვე გკითხავთ - რას ფიქრობთ გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივაზე?

- დღევანდელი გადასახედიდან მისი გააქტიურება ნაკლებად სავარაუდო მგონია. მეეჭვება, ის ამას აპირებდეს, თუმცა პოლიტიკიდან წასვლა რთული პროცესია, საკუთარი გამოცდილებით ვიცი. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ წავიდოდი პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ წავედი... ქართულ სისტემას აქვს ასეთი ფსიქოლოგია, შეიძლება ითქვას, ნახევრად კრიმინალურიც, როცა სისტემიდან გასვლა ღალატად ფასდება და სისტემა იწყებს შენ წინააღმდეგ მოქმედებას. სწორედ ეს ხდება ახლა გახარიას შემთხვევაში და ეს ძალიან სახიფათო პროცესია. სწორედ ამ მიზეზით მავანს უწევს პოლიტიკაში დარჩენა, რათა თავი დაიცვას.

გახარიას აქვს სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი, რომლის რეალიზება შეუძლია, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, მაინც მგონია, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იქნება. მის პოლიტიკაში შემობრუნების შანსს ასე შევაფასებდი - 50/50. წაიკითხეთ სტატია სრულად

"როდესაც მოვა დრო, გაიგებთ, მივიღებ, თუ არა არჩევნებში მონაწილეობას" - ტოვებს თუ არა "ოცნებას" კახა კალაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"