ავტორი:

"მნიშვნელობა არ აქვს, უკავია თუ არა მას პოლიტიკური თანამდებობა" - რამდენად რეალურია, რომ ივანიშვილს და ხელისუფლების რიგ მაღალჩინოსნებს სანქციები მართლაც დაუწესონ

"მნიშვნელობა არ აქვს, უკავია თუ არა მას პოლიტიკური თანამდებობა" - რამდენად რეალურია, რომ ივანიშვილს და ხელისუფლების რიგ მაღალჩინოსნებს  სანქციები მართლაც დაუწესონ

"სანქციების დაწესების შემთხვევაში, საფრთხე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების პირად კომფორტს კი არა, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს დაემუქრება“, - რისი მანიშნებელი იქნება, თუ დასავლეთი საქართველოს თანამდებობის პირებს სანქციებს დაუწესებს?

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობის ფონზე, დასავლეთისგან უკვე ისმის განცხადებები, რომ შესაძლოა, საქართველოს თანამდებობის პირებს ე.წ. ინდივიდუალური სანქციები დაუწესდეთ. მათ შორის ახსენეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელები და, მიუხედავად ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობის არქონისა, სანქციების შესაძლო ადრესატად ბიძინა ივანიშვილიც იქნა დასახელებული.

როგორი სანქციები შეიძლება დაუწესდეთ მათ და რას შეცვლის ეს საქართველოსთვის? ამაზე AMBEBI.GE ექსპერტებს, თენგიზ ფხალაძესა და გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ თუ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევაზე იყო ლაპარაკი, ახლა კი დღის წესრიგში სანქციების დაწესება დგება, ეს თავისთავად დიდი რეგრესია.

"სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის "საქართველოს მხარდაჭერის აქტს", ადრე გვისაუბრია იმაზე, თუ რა შეიძლება, გავაკეთოთ, რომ აქტიურად მოვხვდეთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დღეს უცებ ვსაუბრობთ იმაზე, დაწესდება თუ არა სანქციები. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ იქიდან ამ თემაზე ჩამოვედით, უკვე ნიშნავს, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა და უკუსვლა. დღეს ლაპარაკი უნდა იყოს იმაზე, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველო და არა იმაზე, დაწესდება თუ არ დაწესდება სანქციები. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე მივედით...

სანქციები ფართო თემაა და შეიძლება, ყველაფერს მოიცავდეს - გადაადგილების შეზღუდვიდან დაწყებული, ფინანსური აქტივების გაყინვით გაგრძელებული და ა.შ. მაგრამ აქ ლაპარაკი ხომ არაა იმაზე, რომ პიროვნებები დაზარალდებიან, ეს ხომ არ არის, ასე ვთქვათ, ვიღაც ცალკე აღებული პიროვნება - ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან კონკრეტულ პირებს რაღაც სანქციები უწესდებათ, თავისთავად ცხადია, რომ ეს, გარდა იმისა, რომ პრობლემაა მათთვის, პრობლემაა ქვეყნისთვის. ამ ვითარებაში შეუძლებელია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, რომ საქართველო იმსახურებს ახალ პროგრამებს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რა დისკომფორტი შეიძლება, შეექმნათ ან არ შეექმნათ კონკრეტულ პირებს, ეს პოლიტიკური ჟესტია, რომლის შედეგებიც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის.

სანქციები ყველაზე რადიკალური გზაა და აქამდე თუ ეს ყველაფერი არ დაწესდა და ამოქმედდა, მინდა, ძალიან ნათელი იყოს, რომ არ მომხდარა არა იმიტომ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ პარტნიორებს არ უნდათ იმ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების მიმართ მსგავსი ღონისძიებების გამოყენება, რომელი ქვეყანაც ამდენი ხნის განმავლობაში ცნობილია დემოკრატიული რეფორმებით, წარმატებებით, რომელიც ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ლიდერი იყო ნატო-ს ასპირანტ სახელმწიფოებს შორის. ამიტომაც კეთდება დღესაც განცხადებები, ამიტომაც გვეუბნებიან, რომ "დაფიქრდით, იფიქრეთ სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებზე“. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ კვირას, როცა ევროკავშირიდან უმაღლესი დონის ვიზიტი გვექნება, პრეზიდენტ მიშელსაც, რომელიც ჩამოდის, მსგავსი გზავნილი ექნება. თუმცა, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა, გადაიდგმება იმ პირების მიმართ, რომელთაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, გიორგი გობრონიძის თქმით, ქვეყნისთვის სანქციების დაწესება უკიდურესად ცუდი იქნებოდა, თუმცა ნაკლებად უარყოფითი მათი დაწერება არც ლიდერებისთვისაა, რადგან თავისთავად, ამით მათი გაიგივება ხდება ავტორიტარული ქვეყნების ლიდერებთან.

"იმედია, საქმე სანქციებიამდე არ მივა და ვითარება ქვეყანაში განიმუხტება, რადგან სანქციები მნიშვნელოვნად დააზარალებს სახელმწიფოს იმიჯს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ქვეყნის წინააღმდეგ თუ ე.წ. ინდივიდუალური სანქციები პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, რაზეც სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ინფორმაცია, ეს შეიძლება, რამდენიმე მოქმედებას გულისხმობდეს. ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა: უშუალოდ კონკრეტულად იმ ქვეყნებში შესვლის აკრძალვა, რომელიც მიუერთდება სანქციებს, ასევე აღნიშნულ ქვეყნებში ამ პოლიტიკური ლიდერების ანგარიშების (მათი არსებობის შემთხვევაში) გაყინვა. შეიძლება, სხვა ტიპის მოქმედებებზეც შეთანხმდნენ, მაგრამ ესაა სანქციების ორი ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელსაც მიმართავენ ხოლმე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს პროცესებში დამნაშავე, ქვეყნის მიმართ სანქციების დაწესება ჩვენი პარტნიორების მხრიდან პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები უჩნდება პარნტიორებთან კომუნიკაციაში და აქ საუბარია მათ მიერ სახელმწიფოს პოზიციონირებაზე საერთაშორისო სისტემაში. შესაბამისად, ჩვენ არანაირად არ გვაწყობს, არ შედის ჩვენს ინტერესებში, რომ რაიმე ტიპის სანქცია იქნას დაწესებული ინდივიდუალურ ან სახელმწიფოს წინააღმდეგ. მეორე მათგანი კიდევ უფრო მძიმეა, მაგალითად, აშშ ირანის ისლამურ რესპუბლიკას უწესებს სანქციებს და მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ურთიერთობა იმ დონეზე უნდა გაგვიუარესდეს, როგორც იმ ქვეყნებს აქვთ ერთამანეთთან ურთიერთობა გაუარესებული, რომლებიც სანქციებს ერთმანეთის წინააღმდეგ აწესებენ.

საბედნიეროდ, დღეს არა ქვეყნის, არამედ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სანქციებზეა ლაპარაკი, მაგრამ ესეც ძალიან ცუდია, რადგან ჩვენი მმართველი პოლიტიკური ლიდერები, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე წარმოგვადგენენ, გაიგივებულები არიან იმ ტიპის ლიდერებთან, როგორიც იყო მაგალითად, თავის დროზე სუდანის მმართველი, რომელსაც ცალკეულ ქვეყნებში შესვლა აკრძალული ჰქონდა; ასეთივეა ბელარუსის მმართველი დღეს. ანუ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ხარისხობრივად ინაცვლებს მსგავსი ლიდერების რიცხვში და ეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ წარმოაჩენს კარგად. სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც ვამბობთ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქმე სანქციებამდე არ მივიდეს. ვიღაცამ შეიძლება ილაპარაკოს იმაზე, რომ მათ პირად კომფორტს დაემუქრება საფრთხე. არა, მათ პირად კომფორტს კი არა, საქმე პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებს დაემუქრება. თუ ჩვენი ლიდერები დასავლური საზოგადოების მიერ აღქმული იქნებიან, როგორც მაგალითად, თავის დროზე, ზიმბაბვეს დიქტატორი, საბოლოო ჯამში, სადამდე მივალთ? მივალთ იქამდე, რომ ჩვენს ხმას, რომელსაც ჩვენი ლიდერები აჟღერებენ, აღარ მოისმენენ - ესაა პრობლემა და ყველაზე რთული მომენტი ამ სანქციებში. ანუ, თეორიაში ინდივიდუალური სანქციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვიხაროდეს, რადგან მას მთელი ქვეყნისთვის ექნება შედეგი მიუხედავად იმისა, თუ რამ და ვინ გამოიწვია ქვეყანაში კრიზისი და ვისი ბრალია ის, თუ რა მდგომარეობაშიც ვართ დღეს. ამით დაზარალდება საქართველოს სახელმწიფო, რაც არც ოპოზიციის, არც ხელისუფლების და ბუნებაში არავის ინტერესში არ უნდა იყოს“, - აცხადებს გობრონიძე AMBEBI.GE-სთან.

რაც შეეხება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკაში ოფიციალურად აღარ არის, ეს დასავლეთის მხრიდან ამ მოქმედებას ხელს სულაც არ შეუშლის. თავისთავად, ეს იმისთვის ხაზგასმა იქნებოდა, რომ დასავლეთის გადმოსახედიდან, საქართველოში არაფორმალური მმართველობის პრობლემა დგას და ადამიანი, ვინც პოლიტიკაში არაა, პოლიტიკური პროცესების განვითარებაში მაინც მონაწილეობს...

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უკავია თუ არა მას პოლიტიკური თანამდებობა. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ოლიგარქს უკრაინაში აშშ-მ სანქციები დაუწესა, შეგახსენებთ იმავე, მოლდოვას ვითარებას ერთი წლის წინ. ასე რომ, აქ საუბარი იმაზე არაა, ადამიანს უკავია თუ არ უკავია კონკრეტულად დღეს თანამდებობა, საუბარია იმაზე, ამ ადამიანს დააკისრებენ თუ არ დააკისრებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ქმედების გამო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ნიშნავს მაინცდამაინც რომელიღაც კონკრეტული თანამდებობის დაკავებას, პოლიტიკაზე და გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა შეიძლება ოფიციალური თანამდებობის გარეშეც, ეს ყველაფერი საქართველოში ძალიან კარგად ვიცით და ასევე იციან ჩვენმა პარტნიორებმაც. თუმცა გავიმეორებ, რომ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არა პიროვნების პრობლემაა, არამედ, ძალიან ცუდი ფაქტია ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.

"თუ პარტნიორების მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული სანქციებზე, მათ შეუძლიათ, დაუწესონ იმ ადამიანებს, მოქალაქეებს, ვინც მათ მიერ შესაბამისად ჩაითვლება სანქციების პაკეტში მოსახვედრად. ისე არაა, რომ მაინცდამაინც, კონკრეტულად პოლიტიკურ ლიდერებს უნდა დაუწესდეთ სანქციები. მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, შეიძლება, იყოს ცალკეულ შემთხვევებში სამხედრო მეთაურის წინააღმდეგ და სხვა. მაგრამ ზოგადად არაფორმალური მმართველობის აღიარებაზე რომ ვსაუბრობთ, ეს უკვე საქართველოს გამოწვევაა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა ქვეყანამ რეალურად აჩვენოს პარტნიორებს ორი რამ: პირველი, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ე.წ. არაფორმალური მმართველობა, რადგან ეს მუდმივად ჩვენი პრობლემაა. თუ დავაკვირდებით, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, მუდმივად ჩნდება მოსაზრებები, რომ ის პოლიტიკიდან გადის, მაგრამ იმავდროულად, არ მიდის.

მეორეა ის გამოწვევა, რომ ვანახოთ პარტნიორებს, რომ დემოკრატიული განვითარების გზით მივდივართ. თუ ამის ჩვენებას ვერ ვახერხებთ, მაშინ უკვე კითხვები ჩნდება ავტოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უკვე მივდივართ ალბათობის დაშვებამდე, რომ ქვეყანაში არის ე.წ. არაფორმალური მმართველობა. ამ შემთხვევაში არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციური და პროცესუალურად გამართული მექანიზმი, რაც სახელმწიფოს წარმოაჩენს, როგორც არაპროგნოზირებად და არაკეთილსინდისიერ პარტნიორს“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად  იქნება! - მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი" - გიორგი ვაშაძე

როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ?