ავტორი:

Covid 19: რა ვიცით ჩინური წარმოების ვაქცინებზე - რომელი ქვეყნები ცრიან მათი გამოყენებით მოქალაქეებს, რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხოა ეს პრეპარატები?

Covid 19: რა ვიცით ჩინური წარმოების ვაქცინებზე - რომელი ქვეყნები ცრიან მათი გამოყენებით მოქალაქეებს, რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხოა ეს პრეპარატები?

მსოფლიოს უკვე აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა, ზოგიერთი დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ზოგი დამტკიცებას ელოდება და ახლა კლინიკური კვლევების ეტაპს გადის. ვაქცინაციის პროცესი უკვე არაერთ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც აცრა ჯერ არ დაუწყიათ.

იმ ფონზე, რომ Pfizer-ისა და Astrazeneca-ს ვაქცინები ჯერჯერობით ვერ მივიღეთ, დღეს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები საუბრობენ ჩინური ვაქცინის შესაძლო შემოტანის შესახებ. მაგალითად, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, თუმცა აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა, რაც მთავრობამ გაითვალისწინა.

  • თენგიზ ცერცვაძის განცხადება

"ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? - მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას უნდა დაელოდოს და მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე."

  • ვნახოთ, ჩინური წარმოების რომელი ვაქცინებია პოპულარული, რამდენად ეფექტიანია და რომელ ქვეყნებში იყენებენ მათ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინები დადებითი რეპუტაციით ვერ სარგებლობენ, თუმცა თავად ჩინეთში ამას "დიპლომატიის ჩავარდნას" აბრალებენ და აცხადებენ, რომ რეალური სურათი და ადამიანების წარმოდგენა ამ ვაქცინებთან დაკავშირებით განსხვავდება. ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობა პანდემიის საწყის ეტაპზევე დაიწყო.

ის იყო მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც 2020 წლის ზაფხულში ვაქცინაცია ჩაუტარა მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს. ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო 16 სხვადასხვა ვაქცინა აქვთ, მაგრამ პოპულარული Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებია.

მათ მიწოდებასთან დაკავშირებით ჩინეთს შეთანხმება დადებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანასთან. ჩინური წამროების ვაქცინებს იყენებენ თურქეთში, ბრაზილიაში, აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ინდონეზიაში, ჩილეში, ფილიპინებში, სინგაპურში, ასევე სერბეთში. აღსანიშნავია, რომ სერბეთი არის პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით დაიწყო. მთავრობამ სხვადასხვა წყაროებიდან 2,6 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა და მათი უმეტესობა ჩინური წარმოების იყო.

  • რა ვიცით ამ ვაქცინების შესახებ და არის თუ არა სანდო?

BBC-ის ინფორმაციით, Sinovac-ისა და SinoPharm-ის ვაქცინები, ორივე მათგანი ერთნაირი პრინციპით მუშაობს. ერთი ინექციის შემდეგ ჩნდება ანტისხეულები და ორგანიზმი მზადდება იმისთვის, რომ შემდგომში ებრძოლოს კორონავირუსის ინფექციას.

"მოდერნასა" და "ფაიზერის" ვაქცინების მსგავსად, ჩინური წარმოების ვაქცინის ეფექტიანობისთვისაც მისი ორი დოზის მიღებაა საჭირო, მაგრამ ზემოთ ხსენებული ვაქცინებისგან განსხვავებით, "სინოვაკსა" და "სინოფარმს" არ სჭირდებათ განსაკუთრებული პირობები შენახვისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვაქცინებს არ სჭირდება ექსტრა ყინულოვანი მაცივრები, მათი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. ყოველივე კი დისტრიბუციისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის.

  • რამდენად ეფექტიანია ჩინური წარმოების ვაქცინები?

BBC-ის ინფორმაციით, დაზუსტებით ცნობილი არ არის მათი ეფექტიანობა, რადგანაც სხვადასხვა ქვეყნებში ვაქცინაციის პარალელურად, ორივე მათგანზე ჯერ კიდევ კვლევა მიმდინარეობს.

Sinopharm-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 79%-ით ეფექტიანია, ხოლო Sinovac-ის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ ვაქცინას CoronaVac-ს უწოდებენ, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ვაქცინა 91%-ით ეფექტიანი იყო, მაგრამ მოგვიანებით კვლევებმა სხვა შედეგი აჩვენა. ბრაზილიიდან მიღებული შედეგის მიხედვით, ვაქცინა 50,4%-ით ეფექტიანია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მარტში გადაწყვეტს დაამტკიცოს თუ არა აღნიშნული ვაქცინები.

განვიხილოთ Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები დეტალურად:

  • რა ვიცით Sinovac-ის ვაქცინის შესახებ?

როგორც BBC წერს, სინოვაკის ვაქცინა კლავს ვირუსს და არ ახლავს სერიოზული გვერდითი ეფექტი. Moderna-სა და Pfizer-ისგან განსხვავებით, ეს ვაქცინა შექმნილია ტრადიციული მეთოდით და არ იყენებს mRNA-ის. ვაქცინაციის დროს კორონავირუსის გენეტიკური კოდის ნაწილი შეჰყავთ ორგანიზმში და ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომელიც ვირუსთან საბრძოლველადაა საჭირო.

"ეს ვაქცინა შექმნილია ტრადიციული მეთოდით, ისეთივე გზით, როგორიც გამოიყენება მაგალითად, ცოფის ვაქცინაში“, - ამბობს ასოცირებული პროფესორი ლუო დაჰა.

ვაქცინამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი ეფექტიანობა აჩვენა. შუალედური მონაცემების მიხედვით, თურქეთში ვაქცინა 91,25%-ით ეფექტიანი იყო, ხოლო ინდოენზიაში 65,3%-ით. ბრაზილიელი მკვლევარების თქმით, ვაქცინა 78%-ით ეფექტიანი იყო კვლევის საწყის ეტაპზე, თუმცა მოგვიანებით, ეს მაჩვენებელი 50,4%-ზე დაეცა.

სან პაულოს ოფიციალური პირები "სინოვაკის" ვაქცინით

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიაში ამ ვაქცინის კვლევა 2020 წლის ნოემბერში მოხალისეთა ჯგუფზე დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოხალისე გარდაიცვალა, ვაქცინაცია შეჩერდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა, ამიტომაც, ცდები გაგრძელდა და ამ ეტაპზე ბრაზილიაში ამ ვაქცინით მოსახლეობის აცრა აქტიურად მიმდინარეობს.

"სინოვაკის" ვაქცინის გამოყენება ჩინეთში გადაუდებელი აუცილებლობის დროს დაუშვეს ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში. სექტემბერში მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ ვაქცინას არ ახასიათებს მწვავე გვერდითი მოვლენები. მათივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ გვერდითი ეფექტი ვლინდება ვაქცინაჩატარებულ ადამიანთა 5%-ში და ეს შეიძლება იყოს მცირე დისკომფორტი, დაღლილობის შეგრძნება.

ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხის გაცემა კვლევის მესამე ფაზის დასრულების შემდეგ შეეძლებათ, ამ ეტაპზე გადაჭრით ვერაფერს ამბობენ. "სავარაუდოდ, ის ეფექტიანი ვაქცინაა“, - აცხადებენ Sinovac-ის მეცნიერები.

  • რა ვიცით Sinopharm-ის ვაქცინაზე?

"სინოფარმმა“ 2020 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვაქცინის კვლევის სამმა ფაზამ აჩვენა, რომ ის 79%-ით ეფექტიანია. აღსანიშნავია, რომ ამ ვაქცინის შემთხვევაშიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგი არსებობს. მაგალითად, ვაქცინის გამოყენება დაუშვეს გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, სადაც იანვარში განაცხადეს, რომ შუალედური შედეგის მიხედვით, ის 86%-ით ეფექტიანი იყო. კომპანიის სპიკერმა აღნიშნულ შეუსაბამობაზე "როიტერსთან“ თქვა, რომ დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ჯერ კვლავ კვლევის ეტაპზეა, ის ჩინეთში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში.

2020 წლის დეკემბრის დასაწყისში პერუში სინოფარმით ვაქცინაცია მას შემდეგ შეაჩერეს, რაც მოხალისეს "სერიოზული გვერდითი ეფექტი" გამოუვლინდა, მოგვიანებით კი, ვაქცინაციის პროცესი კვლავ გააგრძელეს.

როგორც BBC წერს, კლინიკური კვლევების დროს ვაქცინაციის შეჩერება ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმაც შეაჩერა კვლევები ოქსფორდის ვაქცინაზე მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მოხალისეს "საეჭვო სიმპტომები" გამოუვლინდა. ხოლო კვლევები განახლდა მას შემდეგ, რაც ყოველივეს მიზეზად ვაქცინა გამოირიცხა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთი კორონავირუსის მართვის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მაგალითად, ბოლო 24 საათში ოფიციალური ცნობით, იქ კორონავირუსის მხოლოდ 10 შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობას, Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 108 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 265-მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

როგორც გამოცემა წერს, ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6-მილიონამდე ადამიანს უტარდება, ამ ტემპით კი, პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება. ყველაზე მეტი - 78 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 52 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 8.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 91 ვაქცინირებულს ნიშნავს.

ისრაელის შემდეგ პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, ჩილეში, მაროკოსა და თურქეთშია.

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია" - სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?

როგორი ხმები ისმის მარსზე? - მოუსმინეთ პირველ აუდიოჩანაწერს, რომელიც Perseverance-მა პლანეტიდან გამოგზავნა

"ჩვენ არ ვართ რასისტების ოჯახი...ვაპირებ ჩემს ძმას დაველაპარაკო" - პრინც უილიამის პირველი კომენტარი ჰარისა და მეგანის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ