ავტორი:

"ხვალაც ვრჩები თბილისში" - რაზე შეთანხმდნენ მეორე შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონი და "ოცნების" ლიდერები

"ხვალაც ვრჩები თბილისში" - რაზე შეთანხმდნენ მეორე შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონი და "ოცნების" ლიდერები

ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიზიტი გახანგრძლივოს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ“, - განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი ვიზიტი საქართველოში 12-14 მარტის პერიოდში იყო დაგეგმილი.

ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგს ზედმიწევნით ასრულებს.

„პრემიერი მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დეტალებზე საუბარი პირობის დარღვევა იქნება, რადგან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას და წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც, საჭიროებს გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას და დამატებით დაზუსტებას და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებები არის გასაგრძელებელი, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას. ანუ დეტალებზე საუბარი გაგვიჭირდება გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებული ვართ ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან. მე ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ პირობას არღვევენ პერმანენტულად ოპოზიციის წარმომადგენლები, მუდმივად არღვევენ ამ პირობას და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის პირობის უხეში დარღვევა. ჩვენ ამ პირობას არცერთ შემთხვევაში არ დავარღვევთ“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები გაგრძელდება ბირუსელში ვიზიტის შემდეგ.

„მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, დიალოგი გაგრძელდება მომდევნო პერიოდში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ბატონი დანიელსონი ამ პროცესში, როგორც მედიატორი დარჩება - ჩვენი პოზიცია დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც კარგად ესმის", - აღნიშნული განცხადება კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ საზოგადოება პროცესებს დაინახავს.

„რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება. ბატონი დანიელსონი დარჩება ამ პროცესში, როგორც მედიატორი. ამ ეტაპზე დამატებით პუნქტებზე ჩვენ მსჯელობა არ გვქონია. სულ რაღაც ორი დღეა, რაც ევროკავშირის მედიაციით ვსაუბრობთ, ვფიქრობთ, რომ პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე დაახლოვდეს, შევთანხმდეთ. ჩვენი პოზიცია დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც კარგად ესმის. განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ პროცესებს ვნახავთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, დიალოგი გრძელდება და რჩება საკითხები, რაზეც საჭიროა პოზიციების დაახლოება. მან იმედი გამოთქვა, მხარეები სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას შეძლებენ.

“დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დღე მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ მივესალმებით და მადლობას ვუხდით ევროკავშირს ასეთი მაღალი ჩართულობისთვის და დიალოგის ფასილიტაციისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება, სამუშაო საკითხებზე პოზიციები რომ კიდევ დაახლოვდეს. ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს.

შეთანხმების მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით უკვე გაკეთებულია.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. რა თქმა უნდა, შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დგას საქართველოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერების, ევროინტეგრაციის ამოცანები, მაშინ როცა რეგიონში არის გარკვეული გამოწვევები, როდესაც პოსტკოვიდური ეკონომიკა სწრაფ აღდგენას მოითხოვს, როდესაც საჭიროა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ გადაწყვეტილებები ზუსტად ამ ამოცანების გარშემო უნდა მივიღოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა ორჯერ გამართა, მან შეხვედრა გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. შარლ მიშელის წარმომადგენელი შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ბლოკში მყოფი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, კიდევ ერთი შეხვედრა მან "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

"ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა და..." - ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ?

რა შედეგი გამოიღო კრისტიან დანიელსონისა და უმრავლესობის შეხვედრამ?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"