ავტორი:

"დანიელსონის დარჩენა ეს არის დირექტივა, რომელიც ბრიუსელისგან მიიღო... ძალიან ცუდად გამოვიყურებით, დიდ პრობლემას ვუქმნით ჩვენს ქვეყანას" - ექსპერტი

"დანიელსონის დარჩენა ეს არის დირექტივა, რომელიც ბრიუსელისგან მიიღო... ძალიან ცუდად გამოვიყურებით, დიდ პრობლემას ვუქმნით ჩვენს ქვეყანას" - ექსპერტი

შემიძლია დაგარწმუნოთ სრული პასუხისმგებლობით, რომ დღევანდელ დღეს ძალიან ცუდად გამოვიყურებით და ძალიან სერიოზულ პრობლემას ვუქმნით ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას და მის შემდეგ კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს პოლიტიკოსებისგან განსხვავებით კარგად ესმის, რომ კრიზისის განმუხტვა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„დავიწყებ იმით, რომ მეც და ალბათ, ყველა მადლობელია დანიელსონის და ევროკავშირის, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მისიისთვის, ყურადღებისთვის და პასუხისმგებლობისთვის, რითაც ის საქმეს ეკიდება, ასევე იმისთვის, რომ ის საქართველოში დარჩა და გუშინ ვიზიტი არ დაასრულა. მას ძალიან კარგად ესმის ის, რაც ჩვენ პოლიტიკოსებს არ ესმით, რომ ამ კრიზისის დროზე განმუხტვა საქართველოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ის კიდევ ერთი დღე დარჩა, რომ ასოცირების საბჭოზე საქართველო უკეთეს მდგომარეობაში წარდგეს, ვიდრე ის დღეს არის. შემიძლია დაგარწმუნოთ სრული პასუხისმგებლობით, რომ ძალიან ცუდად გამოვიყურებით დღევანდელ დღეს და ძალიან სერიოზულ პრობლემას ვუქმნით ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას და მის შემდეგ კეთილდღეობას. ასევე, ამ ვიზიტმა აჩვენა, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად ცდილობს ხელში აიღოს ის სადავეები, რომელიც მხარეებს გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. აქ მხოლოდ და მხოლოდ შუამავლობაზე არ არის საუბარი, ევროკავშირი თავად არის ჩართული იმ კომპრომისული შეთანხმების შემუშავებაში, რომლითაც უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რომ პოლარიზაციის ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს, რადგან მიუხედავად ასეთი მაღალი დონის ჩართულობისა, ჩვენ დღემდე ვერ მოვახერხეთ ერთმანეთთან ნორმალურად დალაპარაკება“, - აცხადებს ფხალაძე.

მისივე განმარტებით, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში დარჩენისა და ვიზიტის გაგრძელების დირექტივა ბრიუსელიდან მიიღო.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დანიელსონის დარჩენა ეს არ არის მხოლოდ დანიელსონის გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრიუსელთან იყო შეთანხმებული და მან ეს დირექტივა მიიღო. მას შემდეგ, რაც გუშინ, თითქოს, დასრულდა მოლაპარაკებები, მან შესაბამისი დირექტივა მიიღო, რომ დარჩენილიყო და მუშაობა გაეგრძელებინა. ერთადერთი გამოსავალი, შეთანხმების მიღწევაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იმ შეთანხმებით დასრულდება, რა შეთანხმებაც უნდა შედგეს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხვალ ასოცირების საბჭოა, ყველას ამოცანა, მე მგონი, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, რომ ღირსეულად წარდგეს ამ მნიშვნელოვან ფორუმზე. ეს არის ეროვნული ინტერესი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეროვნულ ინტერესზე ზრუნვა უფრო პრიორიტეტული იქნება ჩვენი პოლიტიკოსებისათვის, ვიდრე სხვა რამ.

გუშინდელი განცხადებები აბსოლუტურად ნაჩქარევი და არასწორი იყო, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა იმით, თუ როგორ გაგრძელდა პროცესი. ამიტომ, თავს თუ შვეიკავებთ ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და უფრო მეტად ვიქნებით შინაარსზე კონცენტრირებული, მით უფრო მალე მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ფხალაძემ.

"ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა" - ნიკა მელიას წერილი რუსთავის ციხიდან

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"