ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ დროისთვისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 1467 პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, აქედან 299 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 80 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი კი რჩება მობილიზებული. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან ვაქცინაციის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველო მიიღებს "ფაიზერის“ ვაქცინას და მედიკოსებსა და 65 წელს ზემოთ ადამიანებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რომელ ვაქცინას გაიკეთებენ.
"მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს წესების დაცვით კუთხით. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, 1467 პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, აქედან 299 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 80 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული იმ შემთხვევისთვის თუ დაგვჭირდება მათი გამოყენება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის პასუხი იყოს დაუყოვნებელი.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის დღევანდელი მდგომარეობით აცრილი. ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება 25 მარტიდან 65 წელს ზემოთ პირებისთვის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რაზეც გუშინ იმსჯელა უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭომ და დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე ეს გადაწყვეტილება იქნა მხარდაჭერილი.
პროცესი დაიწყება 25 მარტიდანვე ანუ 65 წლის ზემოთ პირებს შეუძლიათ რეგისტრაციაც და ასევე, უკვე ჩაეწერონ და მივიდნენ ვაქცინაციაზე, თუკი ამისი შესაძლებლობა 25-შივე იქნება. ამ კვირის ბოლომდე ველოდებით "ფაიზერის“ ვაქცინას, ასე რომ, როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტების ფარგლებში, "ფაიზერსა“ და "ასტრაზენეკას“ შორის და შემდეგ უკვე ველოდებით დამატებით დოზებსაც აპრილის ბოლოსკენ, რაც, ასევე, განსაზღვრულია "კოვაქსის“ პლატფორმით,“- განაცხადა გაბუნიამ.
მისივე განცხადებით, კითხვის ნიშნები, რამდენად იყო ანტიშოკური პირობები ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს.
"ის, რომ ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება ნებისმიერმა ვაქცინამ გამოიწვიოს, დიდი ხანია ცნობილია, ამდენად, ბაზისური მოთხოვნა, რაც ვაქცინაციის პროგრამების წინაშე დგას, არის ის, რომ ყველას აქვს ანტიშოკური მედიკამენტების ნაკრები. იმის შესახებ, რომ ადრენალინი და სხვა ანტიშოკური მედიკამენტები უნდა არსებობდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მედპერსონალი ინფორმირებულია. ვფიქრობ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ეს ამბავი.
გარკვეულწილად მეტად გაშლილი იყო იმუნიზაციის პროცესი ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში - იყო სპორტულ დარბაზებში, კათედრალებში, რათა დიდი რაოდენობით მოსახლეობა მოეცვათ. ეს ასუსტებს პასუხის შესაძლებლობას სამედიცინო სფეროს მხრიდან. ბევრად უფრო უსაფრთხოა, თუ ეს ჰოსპიტალურ სექტორში ხდება და ამიტომ, ჩვენი იმუნიზაციის პროგრამაც უკვე გადაეწყო სრულად იმუნიზაციის სექტორზე. ამბულატორიულ პირობებში ვაქცინაცია დიდი ხანია ტარდება და ჩატარდება სხვა ვაქცინაციისთვის, მაგრამ, რადგან განსაკუთრებულ გარემოებებზე ვსაუბრობთ, მაინც გაგრძელდება მრავალპროფილურ კლინიკებში.
ახალციხის კლინიკა სრულად მომზადებულია იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეაქციას უპასუხოს, ეს კლინიკა ახლაც დარჩება იმუნიზაციის პროგრამაში, რადგან ის სრულად აღჭურვილია და პერსონალსაც შესაბამისი ტრენინგები გავლილი აქვს. კითხვის ნიშნები იმაზე, რამდენად იყო ანტიშოკური პირობები ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს, მაგრამ გადაზღევისთვის, ყველა კლინიკა, რომელიც პროგრამაში იქნება ჩართული, იქნება მულტიპროფილური საავადმყოფო, რომ რეანიმაციული განყოფილებაც იქვე იყოს. ესაა ჩვენი მთავარი პირობა დღეს“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად გამოიწვია ახალციხეში მოხდარი ფაქტი ნამდვილად ვაქცინაციამ.
"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რეალურად დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რაც მოხდა. რამდენად გამოიწვია ეს ვაქცინამ. ამაზე მოკვლევა მიდის. გარკვეული დრო სჭირდება ყველა სტრუქტურას, რომ საბოლოო დასკვნები მივიღოთ“,- განაცხადა გაბუნიამ.