რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის საქალაქო სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა ქალაქ ბაღჩისარაის მკვიდრ პენსიონერ ქალს, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში ბრალდებულად სცნეს. იგი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის და გათავისუფლების შემდეგ კიდევ ერთი წლის განმავლობაში გადაადგილება შეეზღუდება.
სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მსჯავრდებულის სახელი და გვარი მითითებული არ არის, მაგრამ ღია წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ საქმე ეხება 1955 წელს დაბადებულ მოქალაქეს გალინა დოვგოპოლს.
სასამართლო მოსმენები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა იმ მოტივით, რომ „გამოძიების მიერ შეკრებილი მასალები სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს“ და ამრიგად, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ უნდა იყოს.
განაჩენი გასულ კვირას იქნა გამოტანილი: "მოქალაქე დ. ასრულებდა სადაზვერვო ხასიათის დავალებას, რომელიც ითვალისწინებდა მონაცემების შეგროვებას რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ცალკეულ საავიაციო პოლკის შესახებ“, - ასე იქნა გაცხადებული სასამართლოში. ჯერჯერობით რაიმე კომენტარები ბრალდების (გამომძიებლების) ან დაცვის წარმომადგენლების (ადვოკატების) მხრიდან არ გავრცელებულა.
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დაიწყო სახელმწიფო ღალატის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალინა დოვგოპოლს, რომელიც ყირიმიდან მოსკოვის "ლეფორტოვოს“ იზოლატორში წაიყვანეს, საკანი შეუცვალეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ იგი თანასაკნელმა ქალმა არაერთხელ სცემა.
2019 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია სევასტოპოლში რუსეთის მოქალაქის დაკავების თაობაზე, რომელიც, უწყების მტკიცებით, გადაბირებული იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ და სადაზვერვო მიზნით სამხედრო ხასიათის საიდუმლო მონაცემებს აგროვებდა.
მოამზადა სიმონ კილაძემ