"ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩინური ვაქცინის, "სინოფარმის“ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსთან ბრძოლის იარაღი და არეალი ფართოვდება.
"ჩვენი არეალი და იარაღი უფრო ფართოვდება კოვიდთან ბრძოლაში. უკვე მესამე ვაქცინაა ქვეყანაში. მოგეხსენებათ, პირველი იყო "კოვაქსის“ საშუალებით "ასტრაზენეკას“ ვაქცინა, შემდეგ ისევ "კოვაქსის“ საშუალებით "ფაიზერის“ ვაქცინა და ახლა უკვე ჩინეთის მიერ, კომპანია "სინოფარმის“ წარმოებული ვაქცინა.
ვფიქრობ, ვაქცინების მრავალფეროვნება ხელს შეუწობს ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას, რადგან ეპიდემიის დამარცხების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ბრიტანეთში სიკვდილიანობა მინიმუმამდე დავიდა იმის გამო, რომ ვაქცინაციის პროცესი ფართოდ მიმდინარეობს; აცრილია მოსახლეობის თითქმის 50%.
"ამიტომ ჩვენც გვეძლევა საშუალება, ვაქცინის 100 ათასი დოზის მიღებით, რომ გაფართოვდეს ქვეყანაში პროცესი. მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს რაც შეიძლება მალე და შესაბამისად, ის ეპიდვითარება, რომელიც ბოლო 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში, სამწუხაროდ, უარესდება ისევე, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, როგორმე შევაჩეროთ და შევაკავოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
"ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის" - ამირან გამყრელიძე