თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს თბილისზე მეტად რეგიონებში არ იცავენ.
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებამ კიდევ „ერთ-ორი თვე უნდა მოითმინოს“.
„მთავარია მოსახლეობა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც დაახლოებით, 2 თვის წინ იყო, როცა პირბადეებს ვიყენებდით, სოციალურ დისტანცირებას ვიცავდით. ქართველი კაცი ვერასდროს ამბობდა უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, მათ შორის სამეგობროს შეკრებებზე, ქორწილზე, ქელეხზე, მაგრამ მათი რაოდენობა იყო მინიმალური, თუ ერთი-ორი შეკრება იქნებოდა, ის ცნობილი ყველასთვის ხდებოდა. ახლა სამწუხაროდ, პირბადეების გამოყენება ჩამოვიდა 40%-ზე, სოციალურ დისტანცირებას აღარ ვიცავთ და ხალხმრავალი შეკრებები გამრავლდა, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისი შედარებით იცავს, მაგრამ რეგიონებში არის მოშვებული. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი, რომ ვუთხრათ ხალხს, კიდევ მოითმინონ ერთი-ორი თვე, სადაც ნოემბერ-დეკემბრის პიკს გავუძელით, რამაც მოსახლეობის 68% NDI-ის და 60%-IRI-ის გამოკითხვით ათქმევინა, რომ ხელისუფლება კარგად მართავს პანდემიას. ეს ადვილი სათქმელი არ იყო, იმ მოსახლეობისგან, რომელიც უამრავ შეჭირვებულ მდგომარეობას განიცდის, სადაც ბიზნესი ღია ჯერ კიდევ არ არის, სადაც მთელი რიგი შეზღუდვები არსებობს. ეს არის ხალხის პასუხი მოსახლეობის იმ მცირე ნაწილზე, რომელათაც არ უნდათ პირბადის ტარება, არ სწამთ ვაქცინაციის და არ უნდათ მასობრივ შეკრებებზე უარის თქმა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძის შეფასებით, მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის თვითმიზანი გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, რათა მერე ამით მანიპულირება მოხდეს.
„გუშინ იყო 900-მდე ახალი შემთხვევა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება გაქცეულიყო ნახტომისებურად, როგორც ეს ყველას გვახსოვს ნოემბერ-დეკემბერში მოხდა. დღეს 640 შემთხვევაა, ანუ გუშინდელი კი არ გაიზარდა, არამედ 200-ით შემცირდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასეა, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი თვითმიზანიც გახდა, შემთხვევებმა მოიმატოს, რათა მერე ამით მოხდეს მანიპულირება, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს... ვგულისხმობ მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც „ფეისბუქზე" ისე აქტიურობენ, რომ თუ რამე კარგი ინფორმაცია გამოჩნდა - ავადმყოფობის რაოდენობის შემცირება ან გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირება, უკმაყოფილო არიან და ამაზე ილანძღებიან. აქედან გამომაქვს ეს დასკვნა. როცა აქვეყნებ ოპტიმისტურ ინფორმაციას და ამაზე მოდის უკმაყოფილება და ლანძღვა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს ეს პოზიტიური ინფორმაცია ხელს არ აძლევს. საბედნიეროდ, ეს არის მოსახლეობის უმცირესობა, უმრავლესობას ძალიან არ უნდა მესამე ტალღა, ძალიან არ უნდა, რომ დავუბრუნდეთ ძველ შეზღუდვებს.
გუშინ უფრო პესიმისტურად ვიტყოდი, დღეს ის, რომ 200-ით მოიკლო შემთხვევებმა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება მათი ისტორიული მაქსიმუმი.
ჩვენ ვწუხვართ, რომ ჩვენი ადამიანები გვსაყვედურობენ მინიმალური შეზღუდვებისთვის და ესეც გასაგებია, რომ ყველას თავისი თავი აინტერესებს და არა ის საფრანგეთში რა ხდება ან ბელგიაში რა ხდება, მაგრამ იზოლირებულ სამყაროში არ ვართ და უნდა მაინც თავი შევადაროთ იმას, რა ხდება ევროპაში და ამერიკაში. ისრაელის და ბრიტანეთის გარდა ყველა ევროპულ ქვეყანაზე და ამერიკულ ქვეყნებზე უკეთესი მონაცემები აქვს საქართველოს, ეს უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მესამე ტალღის აჩრდილი მოჩანს ევროპიდან", - განაცხადა ცერცვაძემ.