დღეს 9 აპრილია - დღე გლოვისა და ზეიმისა, როდესაც პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს და და ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
პოლიტიკოსებმა, ტრადიციულად, 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას და განცხადებებიც გააკეთეს:
კახა კალაძე, თბილისის მერი:
"9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და მინდა, ამ ყველაფრისთვის ჩვენს გმირებს დიდი მადლობა გადავუხადო",
დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი:
"9 აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და, ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც, დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით, და ამავდროულად, სიამაყით ვიხსენებთ. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი თავდადებით სამშობლოს თავისუფლებისკენ გაკვალა გზა,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ჩვენი ვალია მათი ხსოვნის წინაშე, რომ ვიყოთ გაერთიანებული, კონსოლიდირებული. საქართველოს ისტორიაში მართლაც იშვიათია ისეთი მომენტები, როდესაც ერი ასეთი გაერთიანებულია. სწორედ, დღეს გვაკლია ეს ერთობა, გაერთიანება და კონსოლიდაცია იმ სერიოზული გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა - ოკუპაცია, პანდემია, ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გამკლავება“
.გიგა ბოკერია, ევროპული საქართველოს ლიდერი:
"ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშველოვანესი დღეა და მომავალშიც დარჩება უმნიშველოვანეს თარიღად. პირველ რიგში, ტრაგიკული დღეა, ამ დღეს ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის ამ რეპრესიულმა მანქანამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ამავე დროს, ქართული საზოგადოების გამარჯვების დღეა, ამ ტრაგედიის ფონზე, არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა თავისი ხალხისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ არ შევეგუებით ვიყოთ ამ ბოროტების იმპერიის - საბჭოთა კავშირის ან მისი მემკვიდრის, კონტორლის ქვეშ".
9 აპრილის მემორიალი გვირგვინით ასევე შეამკო საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.