ბოლო ხანს არ წყდება მითქმა-მოთქმა თურქულ და რუსულ პრესაში მონტრეს კონვენციის გადახედვის შესაძლებლობაზე. შეგახსენებთ, 1936 წელს ხელი მოეწერა მონტრეს კონვენციას, რომლითაც შავი ზღვის სრუტეებზე - ბოსფორსა და დარდანელზე კონტროლის ბერკეტები თურქეთის რესპუბლიკას გადაეცა. კომერციული გემებისთვის ამ სრუტეებში გავლა, მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს, თავისუფალია. ასევე შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს სრუტეებში არსებითი შეზღუდვების გარეშე ატარებენ. სხვა ქვეყნების სამხედრო გემების მიმოსვლა კი მათი კლასის, ტონაჟისა და შავ ზღვაში ყოფნის ვადების მიხედვით იზღუდება. ეს თემა განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში გამწვევბული ვითარების ფონზე.
"ამჟამად თურქეთი მონტრეს კონვენციიდან გასვლას არ გეგმავს, თუმცა თუ მომავალში ეს საჭირო გახდება, ქვეყნის მთავრობა ნებისმიერ კონტრაქტს გადახედავს, რათა ქვეყანას მეტი კეთილდღეობა მოუტანოს", - ეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი 85 წლის წინანდელი მონტრეს საზღვაო შეთანხმების მხარდამჭერი განცხადების ხელმოწერის გამო დააკავეს. ყოფილ საზღვაო მაღალჩინოსნებს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ შეთქმულებაში ედებათ ბრალი.
თურქული გაზეთ "მილიეთში“(«Milliyet») გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა და მონტრეს კონვენციის ბედი“, რომელშიც ლაპარაკია შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილ სიტუაციაზე, რაც ბოლო დღეებში მკვეთრად გამწვავდა რუსეთ-უკრაინის კონფრონტაციის გამო.
პუბლიკაციაში ბევრი კითხვაა დასმული:
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე საკმაო გამოცდილება აქვს ბოსფორ-დარდანელის სრუტეებისა და შავი ზღვის აკვატორიის "ათვისებაში“, ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კრიზისიდან.
გაზეთი ესაუბრება სტამბოლის უნივერსიტეტის დოქტორს, გადამდგარ გენერალს ნაიმ ბაბიუროღლუს, რომელიც აცხადებს:
"საქართველო-რუსეთის კრიზისის დროს, 2008 წლის ზაფხულში, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შეყვანა განიზრახა, თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკის გემების გატარებაზე ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. ახლა ვაშინგტონი ფიქრობს, რომ რადგანაც თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში (თურქეთი აღიარებს ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ), შესაძლოა ანკარამ თავისი პოზიცია შეარბილოს: მონტრეს კონვენციის მოთხოვნებზე თვალი დახუჭოს და ამერიკის გემებს სრუტეებში გასვლის ნება მისცეს, რითაც ვაშინგტონს, თავისი მოკავშირეების - ბულგარეთ-რუმინეთ-საქართველოს დახმარებით, შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის ფლოტზე ბევრად მეტი ხომალდები ეყოლება. მაგრამ მონტრეს კონვენციის გვერდის ავლა საშიშია როგორც თურქეთისთვის, ასევე შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებისთვისაც. არაა გამორიცხული, რომ შავ ზღვაში სამხედრო ძალების კონცენტრაციამ არასახარბიელო შედეგები გამოიწვიოს. თურქეთმა უნდა დაინახოს ეს ხაფანგი და არცერთ სხვა ქვეყანას სრუტეების გასაღები ხელში არ უნდა ჩაუგდოს, - აცხადებს ნაიმ ბაბიუროღლუ. წყარო
ქართველი ექსპერტის მამუკა არეშიძის თქმით კი, ნატო და აშშ, შავ ზღვასთან დაკავშირებით, რუსეთთან უკიდურეს გამწვავებაზეც კი არიან წამსვლელები.
"შავი ზღვა ნატოსთვის სამხედრო-პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია. მონტრეს კონვენციის პირობების შეცვლა იქნება თურქეთის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი დასავლეთის სასარგებლოდ. ერდოღანი ერთდროულად რამდენიმე თამაშს თამაშობს - ერთი მხრივ, ცდილობს დასავლეთი ახლო აღმოსავლეთის თემებში შეზღუდოს, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობაში თავის პარტნიორად აქციოს. მონტრეს კონვენციის შეცვლა მარტივი არ იქნება, ხელმომწერი არაერთი ქვეყანაა, მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშინ აშშ-ის მე-6 ფლოტს შეეძლება საერთოდ "დასახლდეს" შავ ზღვაში. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ფუნქცია. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: იცვლება მონტრეს ხელშეკრულება, შავ ზღვაში შემოდის ამერიკული ფლოტი, საქართველოში კი ისევ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე ვდაობთ. ეს ხომ სასაცილო ვითარება იქნება! ამ გლობალური ცვლილებების ეპოქაში მეათეხარისხოვან საკითხებზე მსჯელობით ვართ დაკავებული, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს“, - განაცხადა მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან“.
(სტატიის მოსამზადებლად გამოვიყენეთ ჟურნალ "ისტორიანის“ სტატია, ავტორი: კახაბერ ყალიჩავა)
1936 წლის 22 ივნისიდან 20 ივლისამდე, შვეიცარიის ქალაქ მონტრეს კონფერენციაზე შეიქმნა ახალი კონვენცია, რომელიც ისტორიაში «მონტრეს კონვენციის» სახელით შევიდა. მან შავი ზღვის სრუტეებზე - ბოსფორსა და დარდანელზე კონტროლის ბერკეტები თურქეთის რესპუბლიკას გადასცა. კონვენციას ხელს აწერდნენ: თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, იუგოსლავია, ავსტრალია, იაპონია და საბჭოთა კავშირი.
მონტრეს კონვენციის I ნაწილი არეგულირებს სავაჭრო ხომალდების მიმოსვლას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. მშვიდობიანობის ჟამს, ნებისმიერი ქვეყნის სავაჭრო ხომალდს, ნებისმიერი სახის სავაჭრო ტვირთით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ისარგებლოს სრუტეებით, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. მათი ერთადერთი ვალდებულება სანიტარიული შემოწმების გავლაა, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო აწყობს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ყველა გემი, რომელიც შედის შავ ზღვაში, სრუტეებთან სანიტარიულ სადგურზე უნდა გაჩერდეს, სადაც საერთაშორისო სანიტარიული კანონმდებლობის თანახმად შემოწმდება - სხვადასხვა ვირუსისა თუ გარემოსთვის მავნე ტვირთის გადატანის თავიდან ასაცილებლად. პროცედურის გავლის შემდეგ ხომალდები გზას განაგრძობენ შავ ზღვაში.
სავაჭრო გემზე შავი ჭირი, ქოლერა, ტიფი ან სხვა ინფექციები თუ აღმოჩნდა, ან ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბორტზე თუ შეინიშნებოდა ამ ვირუსების შემთხვევები, გემები სანიტარიულ სადგურებში საჭირო ხნით შეყოვნდებიან. გზას ისინი პრობლემის მოგვარების შემდეგ განაგრძობენ. რამე გადასახადი სანიტარიული შემოწმებისთვის დაწესებული არ არის.
მონტრეს კონვენციის მე-4 მუხლი არეგულირებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სავაჭრო გემების მიმოსვლას ომიანობისას, იმ შემთხვევისთვის, როცა თურქეთი ომის მონაწილე არ არის. ასეთ დროს ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ხომალდს, ნებისმიერი სახის სავაჭრო ტვირთით, უფლება ეძლევა, ისარგებლოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით, ზემოაღნიშნული ფორმალობების დაცვით.
კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, ომიანობის ჟამს, როცა თურქეთი მეომარი მხარეა, შავი ზღვის სრუტეებით სარგებლობის უფლება აქვს ყველა იმ ქვეყნის სავაჭრო ხომალდს, რომელიც არ არის ჩაბმული ომში თურქეთის წინააღმდეგ და არც თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლ რომელიმე ქვეყანას ეხმარება. ამ ხომალდებს სრუტეებში შესვლა დღისით შეუძლიათ, დანიშნულების პუნქტამდე მისასვლელ მარშრუტს კი თურქეთის რესპუბლიკა არეგულირებს.
ტერმინი «სავაჭრო ხომალდი» აღნიშნავს ყველა არასამხედრო ტიპის ხომალდს. სამხედრო გემებს კონვენციის მეორე ნაწილი ეძღვნება.
მონტრეს კონვენციის II ნაწილის მე-13 თავში საუბარია იმ შეტყობინებების ვადებზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო ხომალდებმა უნდა გაუგზავნონ თურქეთს, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სამხედრო ხომალდების გასატარებლად. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა საკუთარი სამხედრო გემის შავ ზღვაში შეყვანამდე რვა დღით ადრე უნდა შეატყობინონ თურქეთის რესპუბლიკას ამის შესახებ. არაშავიზღვისპირა რეგიონის ქვეყნებისთვის, შეტყობინება 15 დღით ადრე უნდა გაიგზავნოს. შეტყობინებაში მითითებულია დანიშნულების ადგილი, სახელი, ხომალდების ტიპი და რაოდენობა, შავ ზღვაში შესვლისა და შავი ზღვის დატოვების დრო.
კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, სრუტეებში ტრანზიტით გამავალი სამხედრო ფლოტის მაქსიმალური ტონაჟი არ უნდა იყოს 15 ათას ტონაზე მეტი, ფლოტში შემავალი ხომალდების რაოდენობა კი - არაუმეტეს 9 ხომალდისა. რაც შეეხება შავი ზღვის ქვეყნებს, მათ შეუძლიათ სრუტეებში მეტი ტონაჟის შეყვანა, ოღონდ გემებს ორ საესკადრო ნაღმოსანზე მეტი არ უნდა ახლდეს.
მე-18 მუხლში მიმოხილულია პირობები არაშავიზღვისპირა ქვეყნის სამხედრო ფლოტისთვის მშვიდობიან დროს, რის მიხედვითაც, შავ ზღვაში მყოფი ხომალდების წყალწყვა 30 ათას ტონას არ უნდა აღემატებოდეს. იმავე მუხლის ბ) პუნქტის მიხედვით, თუკი შავი ზღვის რეგიონის რომელიმე ქვეყნის სამხედრო ფლოტი გაიზრდება სულ ცოტა 10 ათასი ტონით, იმ წყალწყვასთან შედარებით, რაც ამ ქვეყნის ფლოტს მონტრეს კონვენციის ხელმოწერისას ჰქონდა, მაშინ არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ფლოტისთვის დაწესებული 30-ათასტონიანი შეზღუდვა გაიზრდება 45 ათას ტონამდე. ამ პარამეტრის რეგულირებისთვის, შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანას ევალება, ყოველი წლის 1-ელ იანვარსა და 1-ელ ივლისს აცნობოს თურქეთს საკუთარი სამხედრო ფლოტის წყალწყვის შესახებ. თურქეთის რესპუბლიკა კი, თავის მხრივ, იმ დროისთვის ვალდებული იყო, მიღებული მონაცემები გადაეცა შესაბამისი ინსტანციისთვის ერთა ლიგაში.
მონტრეს კონვენციის მე-18 მუხლის ც) პუნქტის მიხედვით, არაშავიზღვისპირა ქვეყნის სამხედრო ფლოტის წყალწყვა არ უნდა აღემატებოდეს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი სამხედრო ფლოტის წყალწყვის ორ მესამედს.
პრივილეგირებულია ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შავ ზღვაში შემომავალი არაშავიზღვისპირა სამხედრო ფლოტი, რომლის წყალწყვაც, მე-18 მუხლის დ) პუნქტის მიხედვით, 8 ათას ტონას არ უნდა აღემატებოდეს. ამ შემთხვევაში სრუტეებში გატარება შესაძლებელია თურქეთისთვის გაგზავნილი შეტყობინების გარეშეც.
იმავე მე-18 მუხლის თანახმად, შავ ზღვაში ნებისმიერი მიზნით შესული არაშავიზღვისპირა სამხედრო ხომალდი იქ 21 დღეზე მეტს ვერ დაყოფს.
ომიანობისას, როცა თურქეთი მებრძოლი მხარე არ არის, მე-19 მუხლის მიხედვით, არამებრძოლ ქვეყანათა სამხედრო ფლოტებს სრუტეებით სარგებლობა შეუძლიათ. რაც შეეხება ომის მონაწილე ქვეყნებს, აქ საქმე შედარებით რთულადაა. შავ ზღვაში შესვლა შეუძლია იმ ქვეყნის სამხედრო ფლოტს, რომელიც, ერთა ლიგის წესდებისა და კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე თურქეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე ომში აგრესიის მსხვერპლი მხარის დახმარებას ლამობს.
საომარ ვითარებაში, როცა თურქეთი მებრძოლი მხარეა, მე-20 მუხლის თანახმად, შავ ზღვაში ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო ფლოტის მოძრაობის რეგულირება მთლიანად თურქეთის განკარგულებაში გადადის.
კონვენციის მეორე ნაწილი 22-ე მუხლით სრულდება, რომელიც მე-3 მუხლის მსგავსად, ხომალდზე ვირუსული ინფექციის თუ სხვა რამ გარემოსთვის მავნე და მაინფიცირებელი ნიშნების შემჩნევის შემდეგ, ხომალდს კარანტინის გავლას ავალდებულებს, რის შემდეგაც იგი გზას განაგრძობს.
* * *
მონტრეს კონვენციის მესამე ნაწილი, რომელიც მხოლოდ 23-ე მუხლისგან შედგება, სამოქალაქო ავიაციას ეხება. ამ მუხლის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკამ უნდა დაადგინოს მარშრუტი ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის მფრინავი სამოქალაქო საავიაციო რეისებისთვის. განსაკუთრებული შემთხვევების მიზეზით ფრენასთან დაკავშირებით, თურქეთმა რეისის შესახებ ინფორმაცია სამი დღით ადრე უნდა მიიღოს. რეგულარული ფრენის რეჟიმისთვის კი თურქეთს ფრენის განრიგი უნდა ჰქონდეს, რეგიონში საფრენი ზოლების უსაფრთხოების რეგულირებისთვის.
კონვენციის 26-ე მუხლის თანახმად, მისი რატიფიცირება უახლოეს ვადებში უნდა მომხდარიყო. თავად დოკუმენტი იგზავნებოდა პარიზში. მონტრეს კონვენციაზე ხელის მოწერის საშუალება, მისი რატიფიცირების შემდეგ, ეძლეოდა ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც 1923 წლის 24 ივლისს ლოზანის კონფერენციაში მონაწილეობდა. საინტერესოა, რომ ყველა ხელმოწერა კონვენციაზე უნდა მომხდარიყო ოფიციალურ პარიზთან შეთანხმებით.
მონტრეს კონვენცია, 28-ე მუხლის მიხედვით, ძალაში დარჩებოდა 20 წელიწადს და ავტომატურად გაგრძელდებოდა, თუ არც ერთი ხელის მომწერი მხარე არ მოითხოვდა მის დენონსაციას ვადის გასვლამდე ორი წლით ადრე. 20 წლის გასვლის შემდეგ დენონსაციის მოთხოვნისას კი კონვენცია ძალაში რჩებოდა კიდევ ორი წლის განმავლობაში. ნებისმიერი ასეთი მოთხოვნა უნდა შეთანხმებულიყო ოფიციალურ პარიზთან, კონვენციის დენონსაციის შემდგომ მოიწვეოდა საგანგებო კონფერენცია, რომელიც ახალი კონვენციის შემუშავებაზე იმსჯელებდა.
მონტრეს კონვენციის გაფორმებიდან ხუთწლიანი ვადის გასვლამდე, კონვენციის უკანასკნელი, 29-ე მუხლის მიხედვით, ყოველ ხელის მომწერ სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა, ერთი ან რამდენიმე მუხლის შესწორება-გაუმჯობესებაზე ემუშავა. სარევიზიოდ წამოჭრილი ნებისმიერი საკითხი გამაგრებული უნდა ყოფილიყო დანარჩენი წევრების თანხმობით (ხუთწლიანი ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე), აგრეთვე საკითხის წამომჭრელი მხარის მიერ წერილობითი ახსნა-განმარტებით.
მონტრეს კონვენცია 1936 წლის 20 ივლისს გაფორმდა. დამზადდა თერთმეტი ასლი. პირველი, რომელზეც ქვეყნების წარმომადგენელთა ხელმოწერები იყო დასმული, შესანახად პარიზში გაიგზავნა, ხოლო დანარჩენი ათი ასლი ხელის მომწერ ქვეყნებს გაეგზავნა.
მონტრეს კონვენციის მიღების შემდეგ, ხელის მომწერ მხარეთაგან რევიზია არ მომხდარა (მიუხედავად იმისა, რომ რევიზიის მცდელობა რამდენჯერმე იყო). მოხდა მხოლოდ მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ჩასწორებანი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, რამაც შავი ზღვის სრუტეებზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო განამტკიცა.
1982 წლის 24 აპრილს მიიღეს გაერთიანებული ერების კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ (United Nations Convention on the Law of the Sea), რომლის 41-ე მუხლი თურქეთს ანიჭებს უფლებას, გარკვეულწილად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები მშვიდობიანობის პერიოდშიც. ეს უფლება თურქეთმა გამოიყენა და სრუტეების მიმართ პოლიტიკა გაამკაცრა 1994 წლის 13 მარტს დარდანელის სრუტესთან მომხდარი ავარიის შემდეგ, როცა ორი კვიპროსული ხომალდი (მათ შორის ერთ-ერთი დატვირთული 98,6 ათასი ტონა ნავთობით) შეჯახებისას აფეთქდა და დაახლოებით 18 ათასმა ტონა ნავთობმა დარდანელის სრუტის ზედაპირის თითქმის 60% დაფარა. ინციდენტის საპასუხოდ, თურქეთმა 1994 წლის 1-ელ ივლისს დამატებით აამოქმედა თურქეთის სრუტეებსა და მარმარილოს ზღვაში მოძრაობის წესები.