ავტორი:

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის 17 "კლასტერია“ და ყველა წვეულებებს უკავშირდება - "როგორმე თავი უნდა შევიკავოთ. როგორმე უნდა მოვითმინოთ"

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის 17 "კლასტერია“ და ყველა წვეულებებს უკავშირდება - "როგორმე თავი უნდა შევიკავოთ. როგორმე უნდა მოვითმინოთ"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მონაცემებით ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა. ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ არ იქნება რადიკალური ზომები მიღებული და საზოგადოება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შეიძლება დაიწყოს ვირუსის საყოველთაო გავრცელება.

"ეპიდსიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან თანდათან მეტად რთულდება. მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაწყებულია და ჩვენთანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათას მოსახლეზე, რასაც ინციდენტობას ვეძახით, გაზრდილია, თუ ეს მაჩვენებელი გვქონდა 2 კვირის წინ 9-10-ის ფარგლებში, დღეს ეს არის 16-17-ის ფარგლებში.

ასევე კუმულაციური ინციდენტობაც გაზრდილია. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. გუშინ 24 საათში 14 ათასამდე ტესტი ჩატარდა და გვაქვს ახალი 359 შემთხვევა. აქტიური შემთხვევა 7017-ია. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2,62; 7- დღიანი - 2, 51; ბოლო 30 დღის მიუახლოვდა 2%-ს. რეპროდუქციის პროცენტი ავიდა 1,34-ზე, რაც ძალიან საგულისხმოა.

ყველა ეს ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გაუარესებულია. ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევები. ბოლო ორ კვირაში, წინა ორ კვირასთან შედარებით უფრო მეტი დადებითი შემთხვევაა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება. დღევანდელი დღით გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება ქვეყანაში, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ მივყევით რეკომენდაციებს, არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები, შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 17-ვე "კლასტერი“, რომელიც დღეს ქვეყანაში ფიქსირდება, წვეულებებსა და სუფრას უკავშირდება. მან დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ დიდი წვეულების გამართვისგან და სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.

"მინდა მივმართო მოსახლეობას, ყველამ დავიცვათ ის აუცლებელი რეკომენდაციები, რაც ყოველთვის ჟღერდება ჯანდაცვის სექტორის მიერ. ეს გახლავთ ხუთი რეკომენდაცია:

  1. პირბადის უნივერსალური ტარება.
  2. დისტანცია.
  3. სანიტარული წესრიგი
  4. დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.
  5. იმუნიზაციის და აცრების მეტად გააქტიურება.

ვიმეორებ, შეიძლება თავი მოგაწყინეთ, მაგრამ 17-ვე "კლასტერი“, რომელიც დღეს ქვეყანაშია, სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ. როგორმე უნდა მოვითმინოთ და თავი შევიკავოთ წვეულებებისგან. თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, დიდი იმედი გვაქვს, ეპიდემიის შემდგომ განვითარებას შევაკავებთ. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, თბილ ამინდში უფრო მეტად დამშვიდებული შევალთ, რომ ეპიდსიტუაცია მეტად არ გაუარესდება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მან ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაახლოებით 3-დან 4 ათასამდე ყოველდღიური აცრაა საჭირო, რათა ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი შეიქმნას.

“ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3-დან 4 ათასამდე ყოველდღიური აცრა, რომ მარტ-აპრილში ქვეყანაში გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ. დაახლოებით თუ გვექნება 3-დან 4 ათასამდე აცრა, მაშინ გვეყოლება ქვეყანაში მარტ-აპრილ-მაისში, სადღაც 200-დან 250- 300 ათასამდე ერთჯერადად აცრილი, დაახლოებით 50 ათასამდე ორჯერადად აცრილი ადამიანი. ამიტომ, ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ამ 3 თვეში აცრის ამ მაჩვენებელზე გავიდეთ. დიდი ალბათობით, მასობრივი აცრები ჩვენთან ივლისში დაიწყება, როდესაც შესაბამისი დოზები მარაგში გვექნება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

"საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ... ქეიფი საჭირო არ არის" - პაატა იმნაძე

განიხილება თუ არა დამატებითი შეზღუდვები - რა განაცხადა ამირან გამყრელიძემ?

რატომ ვერ შეაჩერებს კორონავირუსს მხოლოდ ვაქცინები? - შვეიცარიული ყველის მოდელი