ავტორი:

"ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები

"ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები

ჩვენს ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა ახლახან, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი ძალოსნების შთამბეჭდავმა წარმატებამ, რაშიც ლომის წილი ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძეს მიუძღვის... მოგეხსენებათ, ის მრავალგზის მსოფლიო, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონი და ორგზის პარლამენტარია. მრავალი ტონის ამწევი და "დაუთვლელი ჯილდოების“ მფლობელი, გიორგი ასანიძე ოთხი წლის წინ საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. "ქართული ძალოსნობის წარმატება ტრადიციად გვაქვს საქართველოში. მინდა, ძალოსნობა იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ოქროს ასოებით ჩაწეროს თავისი ისტორია, რომელიც ლეგენდებს დაუკავშირდება. გვაქვს სპორტული ამბიციები და მინდა მივაღწიოთ დიდ მიზნებს ჩემი და სხვისი შვილების სახით. მერწმუნეთ, რომ ქართული ძალოსნობა ყოველთვის კვარცხლბეკზე იქნება", - ამბობს და ეჭვის შეტანის საფუძველიც არ გაქვს, როცა დროდადრო ქართველი ძალოსნების ტრიუმფის მომსწრე ხდები.

როდესაც პოლიტიკაში დაბრუნებაზე ვკითხე, მიპასუხა: "დღეს-ხვალ ნამდვილად არ დავბრუნდები, უამრავი გეგმა მაქვს სპორტში. შემდეგ ვნახოთ, გამორიცხული არაფერია. თუ აუცილებლობამ მოითხოვა, სადაც მაღალი იქნება საზოგადოებრივი ინტერესი, იქ ვიქნები. სულით და გულით სპორტსმენი ვარ და ეს არის ჩემთვის პოლიტიკაც, პატრიოტიზმიც და ყველაფერი. ისეთი მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც დღეს ვემსახურები, ჩემი ადგილი, ვფიქრობ, დარბაზშია და მადლობა იმ მოზღვავებული გულშემატკივრობისთვის, რომელიც ხალხს აქვს ჩვენი სპორტსმენების მიმართ“.

  • ბავშვობა

1975 წლის 30 აგვისტოს დავიბადე საჩხერეში, სკოლაც იქ დავამთავრე და ამის მერე თბილისს უკავშირდება ჩემი ცხოვრება. ჩავაბარე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, რომელსაც იმხანად ფიზკულტურის ინსტიტუტი ერქვა. ძალოსნობა ბავშვობიდან გახდა ჩემი განუყოფელი ნაწილი. პატარა ასაკში გამიტაცა, 10 წლისა შემიყვანეს და ლამის ოთხი ათეული წელია ამ სახეობაში ვარ. სპორტსმენების ოჯახი ვიყავით, ჩემი ერთი ძმა მოკრივე, მეორე კი ფეხბურთელი იყო. ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ და ჩემგან განსხვავებით, მათ სპორტისთვის თავის დანებებამ მოუწიათ. სულ მინდოდა ძალოსანი გამოვსულიყავი და ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინდივიდუალური ძალისმიერი სპორტის სახეობაა. ამას ემატებოდა ის გარემო, რომელიც რაიონში გვქონდა - კარგი სკოლა, რომელიც, ტრადიციულად, წარმატებებს აღწევდა.

  • ჩემი წარმატების საიდუმლო

ყველა თავის გზას ირჩევს და მეც ავირჩიე. დავიწყე და არც გავჩერებულვარ, თუ არ ჩავთვლით ფიზიკურ ტრავმებს, რომელიც პერიოდულად ამ სპორტს თან ახლავს. ბავშვობაში ხელი მოვიტეხე, რამაც 2 წელი გამომთიშა სპორტულ კარიერას, თუმცა ის ჟინი ყოველთვის იყო, მევარჯიშა და საყვარელი საქმე გამეგრძელებინა. საჩხერეში 6 წელი გოგი თოთაძესთან ვვარჯიშობდი, თბილისშიც ძალიან კარგ მწვრთნელთან მოვხვდი - ვანო გრიქუროვთან, მადლობელი ვარ ორივესი, მათ მიუძღვით დიდი წვლილი ამ სპორტში თუ რამეს მივაღწიე, მომცეს რეალიზების საშუალება და მეც გავამართლე მათი იმედები. სპორტის აკადემიის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე და ეკონომიკის ფაკულტეტიც დავამთავრე. სპორტი რუტინულ შრომას ითხოვს და დიდი ხელშეწყობა მქონდა სასწავლებლიდან, რათა მაქსიმუმისთვის მიმეღწია.

ჩემი წარმატების მიზეზი ალბათ თავდაუზოგავი შრომა და მონდომება გახდა. ბევრი რამის დათმობაც მომიწია, იმ ყოველდღიურობისა, რაც ჩემს თანატოლებს ჰქონდათ. ალბათ მქონდა მონაცემებიც.. ხან წარმატება იქნება, ხანაც - მარცხი, არც უმაგისობაა... შრომას დიდ პატივს ვცემ და მაინც, ძალიან უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებ. ჩემი პირველი გამარჯვების სიხარული ბავშვობის ასაკს უკავშირდება. ახლა სკოლისდროინდელი გამარჯვებები მახსენდება, როგორი ამაყი ვიყავი... ამან მომცა სტიმული, რომ მეტი მეშრომა და მეტისთვის მიმეღწია. მახსენდება პირველი ეროვნული ჩემპიონატი, მერე ჩემი პირველი გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე - იტალიაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ვერცხლის მედალი მოვიპოვე. ამას მოჰყვა და მოჰყვა გამარჯვებები. ძალიან ბევრი ჯილდო მაქვს, არ დამითვლია. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე სხვადასხვა დროს 9 ოქროს მედალი მაქვს მოპოვებული. სპორტსმენისთვის გვირგვინი და მწვერვალი ოლიმპიური თამაშებია და ვმადლობ უფალს, რომ ამის შესაძლებლობა მომცა - სიდნეიში ბრინჯაოს ( 2000 წელს), 2004 წელს კი ათენში, ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ავიღე.

  • "შვილებმა მამის გზა აირჩიეს"

ოჯახი ბევრი წლის წინ შევქმენი, 1995 წელს, როცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი. ჩემი მეუღლე თეა კოტუა ოჩამჩირიდანაა, ერთმანეთს ვიცნობდით, შეგვიყვარდა და შეუღლება გადავწყვიტეთ. გვყავს ოთხი შვილი - ორი ვაჟი და ორი - ქალიშვილი. კახიმ და საბამ, მამის გზა აირჩიეს, ორივე ძალოსანია და ძალიან პერსპექტიული სპორტსმენები. ბევრი შრომა მოუწევთ. ვერავინ იტყვის, გახდებიან თუ არა ოლიმპიური ჩემპიონები, მაგრამ ვიცი, ანგარიშგასაწევი ძალად იქცევა ორივე... მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, სხვა სპორრტსმენებს ვასწავლი ხეზე ასვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვილებსაც.

მეუღლესთან ერთად

გოგონები სწავლობენ, უფროსმა - მარიამმა იურიდიული დაამთავრა და მაგისტრატურაში სწავლობს, კახიც სწავლობს, ტყუპები - სალი და საბა კი აბიტურიენტები არიან. ძნელია, შვილები გამოვყო და მათზე, როგორც სპორტსმენებზე, ცალკე ვისაუბრო. გუნდში ყველა ჩემი შვილია და ყველას წარმატება ერთნაირად მახარებს. თუ სენტიმენტალური კუთხით მივუდგებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მღელვარებაა, როცა შვილის გამოსვლას უყურებ. ალბათ ჩემზე ისე არ განვიცდიდი, როგორც შვილებზე. თუ მოინდომებენ, წარმატებულები იქნებიან...

კახი, მამასთან ერთად, ასპარეზობისას

  • რატომ წავედი პოლიტიკაში?

პოლიტიკაში წავედი, მაგრამ სპორტს არასდროს ჩამოვცილებივარ. იქაც იმიტომ წავედი, რომ ჩემი მიზანი ქართული სპორტის მხარდაჭერა იყო. მართლა მეამაყება ის ნაბიჯები, რომელიც იმ დროისთვის გადაიდგა, ის კონკრეტული საკითხები, რასაც მე ვკურირებდი. ოლიმპიური თამაშების მერე უკვე აღარ ვიყავი ბავშვი, ასაკიანი სპორტსმენი ვიყავი და კარგად მესმოდა, რომ იმჟამინდელი საქართველო ცვლილებებს, ახალ ხედვებს ითხოვდა. მერე გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპორტის ბიუჯეტი მილიონნახევრიდან 80 და 100 მილიონამდეც ავიდა. ასე რომ, ის, რომ თითქოს მცდარი იყო ჩემი გადაწყვეტილება, ასეც არ არის. როცა პოლიტიკაში ხარ, ბევრ რაღაცაზე მოგიწევს პასუხისმგებლობის აღება და მე ჩემს იმჟამინდელ პასუხისმგებლობას არც გავურბივარ. მოტივაცია მაინც ქართული სპორტის მხარდაჭერა იყო.

საბა მამასთან ერთად

როცა პოლიტიკიდან წავედი, კიდევ ერთხელ შევედი დარბაზში იმისთვის, რომ ჩემი თავის რეალიზება ახალგაზრდა თაობების აღზრდაში გადამეტანა. არ ვნანობ, პოლიტიკაში რომ ვიყავი, არც ის ვიცით არავინ, ხვალ რა იქნება. როდესაც პოლიტიკას ირჩევ, იცი, რომ საზოგადოება ერთ ჭკუაზე არასდროს იქნება და ან ასე შეგაფასებს, ან - ისე. რაც მთავარია, მართალი ვარ ჩემი თავისა და იმ ხალხის წინაშეც, ვინც თუნდაც მლანძღავდა იმიტომ, რომ ჩემს საქმეს, ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მართალი ვარ იმ ნაბიჯებში, რომელიც გადამიდგამს. მადლობა იმ პოლიტიკურ გუნდს, ვისთანაც მიწევდა მუშაობა და რომელიც ხელს მიწყობდა იმაში, ქართული სპორტისთვის რაღაც გამეკეთებინა - ფედერაციის მხარდაჭერა, ბიუჯეტის გაასმაგება, ბევრი სპორტული დარბაზის აშენება და ა.შ. და კიდევ, კონსტიტუციის 34-ე პრიმა მუხლში შევიტანეთ სპორტის ვალდებულება, რაც, ვფიქრობ, ქართული სპორტის ხელმძღვანელობის მონაპოვარია.

მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად

მივაღწიეთ იმას, რომ სკოლაში სპორტი დაბრუნებულიყო. ეს ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო, თუ რამე გამიკეთებია ქართულ პოლიტიკაში.

დაბრუნება? დღეს-ხვალ ნამდვილად არ დავბრუნდები პოლიტიკაში, უამრავი გეგმა მაქვს სპორტში. შემდეგ ვნახოთ, გამორიცხული არაფერია. აუცილებლობამ თუ მოითხოვა, სადაც მაღალი იქნება საზოგადოებრივი ინტერესი, იქ ვიქნები. სულით და გულით სპორტსმენი ვარ და ეს არის ჩემთვის პოლიტიკაც, პატრიოტიზმიც და ყველაფერი. ისეთი მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც დღეს ვემსახურები, ჩემი ადგილი, ვფიქრობ, დარბაზშია და მადლობა იმ მოზღვავებული გულშემატკივრობისთვის, რასაც ხალხი ჩვენი სპორტსმენების მიმართ იჩენს.

  • "ბევრი მძიმე მომენტი და იმედგაცრუება იყო ჩემს ცხოვრებაში"

ბევრი მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ბევრი იმედგაცრუება, ისეთი ტრაგიკული მოვლენები, როგორიცაა დედისა და ძმების დაკარგვა... ამ თემაზე არ მიყვარს საუბარი, არცაა საჭირო. რაც მთავარია, ჩემი ძმები ქართულ საქმეს აკეთებდნენ და ეს მეამაყება. მე იმ საქართველოში მომიწია ცხოვრებამ, რომელშიც ეროვნული მუხტი მძვინვარებდა. შემდეგ იყო ბევრი სისუსტე, არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ერთი ომი, მეორე ომი... ეს ყველაფერი ჩემთვის ძალზე მტკივნეულია. მთავარი სამშობლოს თავისუფლება და ერთიანობაა, რომლისთვისაც 30-35 წლის წინ დაიწყო ბრძოლა. ამასობაში და ამ ტკივილების ფასად, ცხოვრებამ დიდი გამოცდილება მომცა. მძიმე მომენტების მიუხედავად, მინდა, მაინც ოპტიმისტად დავრჩეთ. მართალია, არ უნდა დავივიწყოთ, რაც თავს გადაგვხდენია, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, რადგან ცხოვრება გრძელდება... მეც მაქვს ბევრი სინანული, შეცდომები და ჩემს გულში დავიტოვებ, ამის საჯაროდ გამოტანას არ ვაპირებ, თუმცა ბევრი გულისწყვეტა მაინც ჩემს ქვეყანას უკავშირდება. მინდა ერთიანი საქართველო, მინდა, ყველამ საერთო საქმე ვაკეთოთ, მინდა მეტი პოზიტივი, მეტი სამუშაო ადგილი და ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ესა თუ ის მთავრობა ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებს. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და რაც უნდა მოვიპოვოთ, მერე მაინც მოგვიწევს ბრძოლა მისი შენარჩუნებისთვის.

  • "მეამაყება ჩემი ძალოსნები!"

როცა სპორტსმენი ეროვნულ ნაკრებში ხვდება, ის უნდა იყოს ღირსეული. ღირსეულ გუნდში ღირსეულად უნდა მოხვდნენ და მერე თუნდაც ასე გვანერვიულონ.

ქართველი სპორტსმენები სხვაზე ნაკლები არ არიან და სადაც იქნებიან, მინდა, სპორტშიც პატრიოტული მუხტი შეინარჩუნონ და ეროვნული საქმე აკეთონ. მინდა, ძალოსნების გუნდი იყოს ანგარიშგასაწევი ძალა, იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ოქროს ასოებით ჩაწეროს თავისი ისტორია, რომელიც ლეგენდებს დაუკავშირდება. გვაქვს სპორტული ამბიციები და მინდა მივაღწიოთ დიდ მიზნებს ჩემი და სხვისი შვილების სახით. მერწმუნეთ, რომ ქართული ძალოსნობა ყოველთვის კვარცხლბეკზე იქნება, რადგან მას ეს ტრადიციად აქვს ქცეული.

თუნდაც რად ღირს ლაშას ტრიუმფი-ტრიუმფზე, ანტონის, ირაკლის, კახის, შოთიკოს, რეზის და სხვების წარმატებები... ძალიან კარგი თაობა გვეზრდება, მეამაყება ჩვენი ძალოსნები და სპორტი, რომელშიც ვარ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალოსნობა იყოს პრიორიტეტული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროცენტულად და ისტორიულად, ყველაზე მეტი ოლიმპიური ჩემპიონი ამ პატარა დალოცვილ მიწაზე, საქართველოზე მოდის და მინდა ყველას წარმატება ვუსუსრვო. უფრო მეტი და მეტი ოქრო, ვიდრე წინა ოლიმპიურ თამაშებზე, ესაა ჩვენი დევიზი და ვიცი, ასეც იქნება. ღმერთს ვთხოვ, სულ ასეთი წარმატებული სპორტსმენები დამანახოს, როგორებიც დღეს ჩემი ძალოსნები არიან. ძალიან მომთხოვნი ვარ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ვფიქრობ, მაქსიმუმისთვის არ მიმიღწევია, წინ ბევრია გასაკეთებელი. პროგრამა მინიმუმი და ჩვენი ტაქტიკური გეგმაა, ჩვენი სპორტსმენები ღირსეულად გამოვიდნენ უახლოეს ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც აგვისტოში გაიმართება. ყველას წარმატებას ვუსურვებ!

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი