დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისამდე აცრის დღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს.
ამის შესახებ გამყრელიძემ ქვემო ქართლში განაცხადა, სადაც ეპიდვითარების გასაცნობად ჩავიდა.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 35 ათასამდე ადამიანია აცრილი.
"პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება, ერთმანეთის გვერდით ყოფნით წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 35 ათასამდე ადამიანი.
გუშინ, 24 საათში, 1 600-მდე აიცრა, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება. მაგრამ ამ რიცხვმაც უნდა მოიმატოს და ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.