"მასტერშეფის“ გამარჯვებული ნუცა სურგულაძე უკვე ერთი წელია, წონას ჯანსაღი კვებითა და ვარჯიშით ებრძვის და როგორც კვების რაციონს, ასევე ვარჯიშის ვიდეოებს "ინსტაგრამის“ გამომწერებს უზიარებს. თუ როგორ დაიკლო წონაში - კვების რაციონსა და ცხოვრების წესზე ნუცა AMBEBI.GE-ს ესაუბრება:
- 14 წლიდან სულ არასწორ დიეტებზე ვიყავი და თავს ვიწვალებდი. ხან მხოლოდ იოგურტს მივირთმევდი, ხან მხოლოდ - ვაშლს. მეტაბოლიზმი დამიქვეითდა და ამასთან ერთად, შიმშილის გამო წონაც ძალიან მოვიმატე. დიეტებში დიდი გამოცდილება მაქვს... ახლა კი, უკვე ერთი წელია, ჯანსაღ კვებაზე ვარ და ვვარჯიშობ. 80 კილოგრამს ვიწონიდი, ახლა 67 ვარ. პირველი თვე ძალიან რთულია, მით უფრო, როცა შენი ცხოვრების წესი სახლში ჯდომა და თავისუფლად კვებაა. ზუსტად ერთ თვეში მივეჩვიე ახალ რეჟიმს, შემეცვალა ხედვა და გადავწყვიტე, ეს დროებითი დიეტა არ ყოფილიყო - ვაკონტროლო რას მივირთმევ, რომ კალორიული და არაჯანსაღი საჭმელი არ მივირთვა და ყოველთვის ვივარჯიშო. პანდემია რომ დაიწყო, კვირაში სამი დღე, მზიურის ბაღში პერსონალურ მწვრთნელთან დავიწყე ვარჯიში.
- როგორია შენი კვების რაციონი და რეჟიმი?
- არაფერი ამომიღია. ზოგადად, ტკბილ და გაზიან სასმელებს არ ვსვამ და მათ გარეშე ყოფნა არ გამიჭირდა. კალორიებს ვითვლი და 18-საათიან კვებას ვიცავ. საუზმე დილის ცხრა საათზე მაქვს და შემდეგი კვება 15:00-სთ-ზე. კვირაში 4-5-ჯერ ვვარჯიშობ. დღის პირველ ნახევარში დასაშვები და საჭიროა ჩვენს თავს არ ავუკრძალოთ ის, რაც ძალიან გვიყვარს, ასევე, აუცილებელია მარტივი ნახშირწლების მიღება, რათა ორგანიზმმა კარგად იმუშაოს და მეტაბოლიზმი არ დაქვეითდეს. ტორტებსა და ნაყინს არ ვჭამ, მაგრამ შეიძლება, შოკოლადი შევჭამო ან ხაჭო და შაქარი ერთად. მხოლოდ ქათმის ფილესა და მოხარშულ წიწიბურაზე არ ვარ. დილით აუცილებლად კვერცხს მივირთმევ ბოსტნეულითა და ნახშირწყლებით, თუ მომინდება დესერტსაც ვაყოლებ. მეორე კვებაზე - ხორცსა და დიდ პორცია სალათს, შეიძლება, პურიც მივაყოლო, ზოგჯერ ხაჭაპურსაც მივირთმევ. ვიცი, რომ ბევრი არ უნდა ვჭამო და რაოდენობას ვაკონტროლებ. მთავარია, კალორაჟში ჩავჯდე და კალორიების საკმარისი რაოდენობა მივიღო.
- ამ რეჟიმამდე როგორი იყო შენი კვება?
- მანამდე სტრესული პერიოდი მქონდა. საფრანგეთში ცხოვრებისას დღეში ხუთჯერ და კალორიულად ვჭამდი, იქიდან რომ ჩამოვედი, უკვე 80 კილოგრამამდე ვიყავი ასული და ზედმეტი წონა მაწუხებდა. მაშინ ვერ აღვიქვამდი, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ ძველ ვიდეოებს, ძალიან არ მომწონს საკუთარი თავი.
- რთულია ახალ რეჟიმში ჩაჯდომა?
- ძალიან. ერთი თვე გჭირდება მისაჩვევად და რამდენიმე დღითაც რომ დაარღვიო, შეიძლება, ეგრევე გადაეჩვიო. არ იფიქროთ, რომ ეს ჩემთვის ადვილია, ყოველდღე ბრძოლა მაქვს საკუთარ თავთან, რომ სწორი არჩევანი გავაკეთო. არ გადავდო ვარჯიში, წყალი დავლიო, საკვები მოვამზადო. არ ვნებდები. კოვიდი რომ დამემართა, ყველაფერს ვსინჯავდი, მაგრამ საბედნიეროდ, წონაში არ მომიმატია, რადგან სწორად ვიკლებდი.
- შედეგი ნამდვილად საუკეთესოა, მაგრამ თვითონ პროცესი რამდენად მოგწონს?
- ვარჯიში ძალიან მომწონს. ერთი წელია, არ ჩამიგდია. მეტაბოლიზმიც ჩქარდება, კუნთების მასაც იმატებს, ფორმებიც იცვლება. ვიცი, რომ შედეგამდე ჯერ ბევრი მიკლია, მაგრამ ჩაციკლული არ ვარ, ნელ-ნელა მივყვები და ვიცი, რომ ოცნების სხეულს აუცილებლად მივიღებ, თავდაჯერებულობა შემემატა. ეს საქმე ბოლომდე არ მიმიყვანია, ჯერ პროცესში ვარ, რომელიც ხანგრძლივია, მაგრამ არ ვნებდები და ვაგრძელებ, კიდევ ათი კილო მაქვს დასაკლები.
ავტორი: ხათუნა კორთხონჯია