ავტორი:

თურქული გამოცემა: "ჩვენმა ნაბიჯებმა კავკასიის რეგიონში, ამერიკა საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა" - რა პასუხი შეიძლება გასცეს თურქეთმა აშშ-ს?

თურქული გამოცემა: "ჩვენმა ნაბიჯებმა კავკასიის რეგიონში, ამერიკა საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა" - რა პასუხი შეიძლება გასცეს თურქეთმა აშშ-ს?

თურქულმა გამოცემამ "ჰაბერ-7-მა" («Haber-7») გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "როგორ უნდა ვუპასუხოთ ამერიკას ისე, რომ მისთვის მტკივნეული იყოს?“, რომელშიც პოლიტოლოგი ტაჰა დაღლი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების ფონზე, თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობის სავარაუდო პერსპექტივაზე საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მაშინ როცა ჯო ბაიდენი თურქეთის დასჯას ცდილობს გენოციდის ბრალდებით, გავიხსენოთ, რომ ამერიკას ჩვენც კარგად "ვკბენდით“ 2016 წლის შემდგომ პერიოდში. რასაკვირველია, დღეს უფრო მეტი საფუძველი გვაქვს იგივე გავაგრძელოთ და თან მეტი შემართებით ვიმოქმედოთ, უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ ამერიკას, თუმცა წინასწარ მაინც ყველაფერი უნდა გავთვალოთ.

  • ინჯირლიყის სამხედრო ბაზის დახურვა

დიახ, თურქეთს ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება, ამაზე უნდა დავფიქრდეთ. გავიხსენოთ, რომ ჩვენმა მთავრობამ 1975 წელს, როცა კვიპროსის გამო გერმანელებმა ემბარგო გამოგვიცხადეს, ინჯირლიყიდან გერმანელი სამხედროები გააძევა, მაგრამ შემდეგ ისინი იორდანიაში დაფუძნდნენ, სადაც დღემდე იმყოფებიან. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ ინჯირლიყი გერმანიისათვის დავხურეთ, მაგრამ ისინი იორდანიაში შევიდნენ..

იგივე შეიძლება მოხდეს აშშ-ს შემთხვევაშიც. ინჯირლიყის სამხრეთით, სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის 20-მდე ბაზა არსებობს, ამიტომაც ვიფიქროთ, რამდენად შეუცვლელია ამერიკისთვის ინჯირლიყი. დღის წესრიგში უნდა შევიტანოთ საკითხი ბაზაზე ამერიკული ბირთვული იარაღის არსებობის თაობაზე (ატომური იარაღის დაახლოებით 50-მდე ერთეული). ამიტომაც თურქეთისათვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია არა იმდენად ამერიკელების გაძევება ინჯირლიყიდან, არამედ მათი ატომური ბომბების გატანა ბაზიდან.

  • ქიურეჯიყის რადარის დემონტაჟი

მალათიის პროვინციაში, ქიურეჯიყში აშშ-ის რადიოლოკაციური ბაზა მდებარეობს, რომელიც ნატოს ლისაბონის სამიტის გადაწყვეტილებით დაარსდა 2010 წელს. ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ ამის გამო მეზობელმა ირანმა მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა. სტრატეგიულად ქიურეჯიყის რადარი მართლაც უნიკალური ნაგებობად ითვლება იმისთვის, რომ დასავლეთი აღმოსავლეთიდან შეტევისაგან იყოს დაცული, ამიტომაც მისი ფასი მაღალია. შეუძლია თუ არა თურქეთს ამ ბაზის დახურვა? დიახ, შეუძლია. მაგრამ ეს უფრო ნატოს პრობლემა იქნება, ვიდრე ამერიკისა. შესაბამისად, ჩნდება რისკი, რომ ნატოს წევრები ჩვენს შევიწროვებას დაიწყებენ. თურქეთმა რაც არ უნდა გააკეთოს, ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიოს ის, რომ ნატოს არ უნდა დაშორდეს. არა იმდენად იმიტომ, რომ ნატო ჩვენთვის სასარგებლოა, არამედ უფრო იმიტომ, რომ თურქეთი თუ ნატოდან გავა, მის ადგილს ალიანსში ბერძნული კვიპროსი დაიკავებს.

  • აშშ-ის ელჩის გაძევება ქვეყნიდან

თურქეთს შეუძლია ქვეყნის ტერიტორიიდან ამერიკის ელჩი გააძევოს, მაგრამ რას მიიღებს ამით? თუ ჩვენ იმათ ელჩს გავაგდებთ, ისინი ჩვენს ელჩს გამოაგდებენ. ჩვენ მივალთ თურქეთ-ისრაელის კრიზისის მსგავს კრიზისადე, რომელიც 2010 წლიდან გრძელდება.

თურქეთმა ამერიკას ისე უნდა უპასუხოს, რომ ვაშინგტონი ჩვენ ანაზდეულად რთულ სიტუაციაში ჩავაგდოთ, მაგრამ ისე, რომ ურთიერთობა ბოლომდე არ გავწყვიტოთ. ელჩის გაძევებამ და ნატოს მეშვეობით "კბენებმა“ შეიძლება ჩვენთვის არასასურველი პროცესები, მაგალითად, დიპლომატიური იზოლაცია გამოიწვიოს. შესაძლოა, ამერიკასაც ეს უნდა, ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ.

ჩვენ შეიძლება უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ ლიბიაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, კავკასიაში, რაც აშშ-სათვის საგრძნობი იქნება და შეშფოთდება. თუ ჯო ბაიდენი დღეს სომეხთა გენოციდის აღიარებით ცდილობს ჩვენს დასჯას, ესე იგი, ჩვენმა ნაბიჯებმა კავკასიის რეგიონში 2016 წლიდან მოყოლებული, ამერიკა საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა.

  • კვიპროსი: თურქული რესპუბლიკის აღიარება და სამხედრო ბაზის შექმნა

ალბათ, ჩვენი პასუხებიდან ამერიკისთვის ყველაზე მტკივნეული კვიპროსის მიმართ გადადგმული ნაბიჯები იქნება. ეს საბერძნეთზე და კვიპროსელ ბერძნებზეც იმოქმედებს. კვიპროსი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური და დიპლომატიური იარაღის როლს ასრულებს. თურქეთის წითელი ხაზი კვიპროსზე მდგომარეობს ორი სახელმწიფოს არსებობაში, აშშ და ევროკავშირი კი თავს გვახვევენ კუნძულის ფედერაციის პრინციპით მოწყობას. თურქეთმა, გენოციდის ბრალდების საპასუხოდ, "ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ საერთაშორისო აღიარებისაკენ უფრო მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგას. დიდი ბრიტანეთი ამ მხრივ გარკვეულ სიგნალებს იძლევა, მაგრამ კვიპროსის საკითხში ლონდონის იმედი მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს, არიან სხვა ალტერნატიული ქვეყნები: მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრის მხარდაჭერით შეიძლება ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის აღიარების პროცესი გაგრძელდეს.

ჩვენ შეგვიძლია ჩრდილოეთ კვიპროსზე თურქული სამხედრო-საჰაერო ბაზა შევქმნათ, რაც ამერიკისათვის საგრძნობი და არასასიამოვნო იქნება. აბა რა, ჩვენც არ გვსიამოვნებს ამერიკის მოქმედება.

  • სირია - ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ

ალბათ, არც ის იქნება კარგი ამერიკისათვის, თუ ჩვენ სირიაში ქურთული პარტიის "დემოკრატიული კავშირის“ წინააღმდეგ ოპერაციას - "ევფრატის ფარს“ გავაგრძელებთ. "ევფრატის ფარმა“ ხელი შეუშალა აშშ-ის მცდელობას, ქურთებისათვის ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი მიეცა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ გენოციდის აღიარება ამერიკის მხრიდან და ქურთების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია ჩვენი მხრიდან - ურთიერთდამაბალანსებელი ნაბიჯებია.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"სინოფარმმა" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

კონტროლიდან გამოსული ჩინური რაკეტის პირველი ფოტო - ასტრონომებმა ის დედამიწასთან მოახლოებისას დააფიქსირეს

რას აცხადებენ კონტროლიდან გამოსული რაკეტის შესახებ ჩინეთში - "მისი ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება"