დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, როდესაც ტელეკომპანია "მთავარის“ გადამღებ ჯგუფს და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები დაესხნენ თავს, ისაუბრა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, კონკრეტულად ჟურნალისტებსა და ოპერატორებთან მას პრობლემა არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მას ისე ესხმიან თავს, რომ ამას თავის მოჭრა სჯობს...
"რაც შეეხება ივერი მელაშვილს, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ და განწყობაც იცი საზოგადოების და ხალხის შენს მიმართ, თან 6 000 ბერის ხსენების დღეა და მიდიხარ იქ, სადაც შეიძლება რაღაც მოხდეს, იცი, რომ იქ ტელევიზიებიც იქნებოდნენ, ეს რას ნიშნავს? შორს ვარ შეთქმულების თეორიიდან, მაგრამ... სად მიდიხარ ასაკოვანი კაცი, თან გულში ჩაიხედოს, რა აქვს გაკეთებული და რა გაფუჭებული... სასამართლოს გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი, მესმის, უდანაშაულობის პერზუმფციაც, მაგრამ თქვენ ხომ მაგათ უჯერებთ, მე კიდევ მამა კირიონის და დანარჩენების მჯერა. მესმის რაღაცებიც... რატომ არ უნდა დავუჯერო მამა კირიონს და უნდა დავუჯერო იმ პოლიტიკოსებს, თავიდანვე იმის მტკიცება რომ დაიწყეს, უდანაშაულოაო, რომლებსაც ერის ყოფა არ აინტერესებთ და ძაბავენ სიტუაციას, თან კრიზისი რომ არის ქვეყანაში, ეს უხარიათ. ნეტა იმათ ტვინში ჩამახედა, რას ფიქრობენ... რაღა ამ დროს ჩავიდა, როცა ასეთი დღეა, როცა პრემიერს ჰქონდა ვიზიტი აზერბაიჯანში. რა ვიცით, რომ ეს შეგნებული პროვოკაცია არ იყო?!
ავიღოთ ის ილიჩოვაც, ის არ იკადრა, რომ ქართული ესწავლა, ამდენი წელიწადია, სახელმწიფო ენა არ იცოდა და როგორ კომისიაში იყო? რა უნდა ვიფიქრო... სააკაშვილის პერიოდი რომ მოვიდა, ასეთ რუსულენოვანს რომ ტოვებ ასეთ სამსახურში, კრიზისს რომ ქმნი, ვისი ხარ... ჩემთვის ყველა რუსეთისაა.
ეკლესიაზე ისეთი ძალადობებია ხშირად, არავინ წუხხართ ხოლმე ამაზე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.