ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლამდე ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, ექიმებმა ვერც ბავშვის გადარჩენა შეძლეს. კლინიკის ექიმი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ქალმა საავადმყოფოს სუნთქვის უკმარისობის პრობლემით მიმართა, რის შემდეგაც კოვიდინფექცია დაუდგინდა.
"34 წლის ქალბატონი იყო 29, 30-ე კვირის ორსული როდესაც მომართა ჩვენს კლინიკას. მას დაუდგინდა კოვიდინფექცია, აქტიური სტატუსი ჰქონდა, ძირითადი პრობლემა, რის გამოც ის ჩვენთან მოვიდა, იყო სუნთქვის უკმარისობა.
ქალბატონს გაუუარესდა ფიზიკური მდგომარეობა, გაუუარესდა სუნთქვის უკმარისობა და საჭირო გახდა უკვე რეანიმაციული გუნდის ჩართვა მის მკურნალობაში, საქმეში შემოვიდა დიალიზი, თირკმლის უკმარისობა გამოიხატა, კორონავირუსის მძიმე ინფექციის გამო, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ლეტალური შედეგი", - ამბობს ექიმი.
მისივე თქმით, გაკეთდა სასწრაფო საკეისრო ოპერაცია, რადგანაც ნაყოფის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი:
"გაკეთდა სასწრაფო საკეისრო ოპერაცია იმიტომ, რომ ნაყოფის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, ისიც გადავიდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მასაც ჰქონდა სუნქთვის უკმარისობა", - ამბობს ექიმი და აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით მშობიარე ქალს არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.
ცნობისთვის, ფეხმძიმე კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. 34 წლის ქალს კორონავირუსი აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.
ნახეთ ვიდეო: