საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიგინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი.
პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა "ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას".
თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.
"ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდნეტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა
შესაბამისად, პრეზიდენტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების ორივე კანონის პროექტს ხელს მოაწერს. პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს როგორც პირის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ასევე წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებას.
გასულ კვირას პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან" დაკავშირებით ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტი მიიღო.
პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
გარდა ამისა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო, რაც ცალკე კანონპროექტის სახით იყო წარდგენილი.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.
ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.