"ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. Deutche Welle-ს ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო და თქვა, რომ ეს ქმედება ისრაელის დანაშაულითა და აგრესიითაა გამოწვეული.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ისროლეს. სამხედროების თქმით, ღაზადან შვიდი რაკეტა ისროლეს და მათი უმეტესობა ღია სივრცეში დაეშვა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შემდეგ, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად პალესტინაში ცხრა პალესტინელი დაიღუპა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.
ღაზას სექტორიდან გამოსროლილი რაკეტის შედეგად, ისრაელში ერთი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა. რაკეტა ქალაქ სდეროტში მსუბუქ ავტომანქანას მოხვდა. დაჭრილი სამოქალაქო პირია. ამის შესახებ ისრაელის არმია იუწყება.
მათივე ცნობით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცს ნასხლეტები სახესა და კიდურებზე მოხვდა.
ისრაელის არმიის ცნობით, იერუსალიმში, ბეით-შემეშში, აშკელონსა და სდეროთში დღეს განგაშის სიგნალი ჩაირთო, რისი მიზეზიც ღაზას სექტორიდან გამოსროლილი შვიდი რაკეტა გახდა. ერთი მათგანის განადგურება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „რკინის გუმბათის“ მეშვეობით მოხერხდა.
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.
"მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან. მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას", - ნათქვანია ინფორმაციაში.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის ლიდერთან მაჰმუდ აბასთან და „ხამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელთან ისმაილ ხანიასთან სატელეფონო საუბრების დროს განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ისლამური სამყაროს მობილიზებისთვის „პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის ტერორის შესაჩერებლად“.
მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის დარჩება პალესტინის საქმის მომხრედ, იდგება პალესტინელი ძმების გვერდით და დაიცავს იერუსალიმის ღირსებას.
შეგახსენებთ, ისრაელი დღეს „იერუსალიმის დღეს“ აღნიშნავს. დილით, ალ-აქსას მეჩეთთან პალესტინელმა მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, მანათობელი ხელყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ ინფორმაციით, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის სამართალდამცავებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 305 პალესტინელი დაშავდა.