ბავშვები ყველა ომში ზარალდებოდნენ. ასეა ისრაელი-პალესტინის ბოლო ომშიც, რომელი რამდენიმე დღის წინ გამწვავდა და ყოველდღიურად მასშტაბური ხდება. ბავშვობაწართმეული ბავშვისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარეა მართალი, რადგან მას შეიარაღებული აგრესიის შემდეგ, დევნილობაში ან ნანგრევებში, მშობლებთან, ხშირად კი, მის გარეშე უწევს ცხოვრების გაგრძელება.
არავინ იცის, რამდენი ათასი ბავშვის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი შეეწირა ომს. ბოლო დღეებში ახლო აღმოსავლეთში განახლებულმა კონფლიქტმა არაერთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. საერთაშორისო ორგანიზაციები და მედია ინტენსიურად ავრცელებს შეშინებული, ატირებული, დაჭრილი და დაღუპული ბავშვების ფოტოებს. ომი კი, გრძელდება.
საერთაშორისო ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სარაკეტო დარტყმები, რომლის შედეგადაც, მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები იხოცებიან.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არტილერიული დაბომბვის შედეგად, ათობით ბავშვები დაიხოცა. არასრულწლოვანთა მსხვერპლია ისრაელშიც...
euronews.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის წარმომადგენელი მაზენ ნაიმი მხარეებს მიმართავს, დაფიქრდნენ იმაზე, რომ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ბავშვები არიან.
"არასდროს მინახავს ასე შეშინებული ბავშვები. ყველა მათგანის ქცევები ომის შემდეგ იცვლება. შიშისგან მუდმივად კანკალებენ, მაშინაც კი, როდესაც ბომბები არ ცვივა. როდესაც ბომბები ცვივა, ტირიან და გარბიან..." - ამბობს ის.
ორგანიზაციის ცნობით, ისრაელის საჰარეო ძალების მიერ პალესტინის ანკლავზე განხორციელებული დარტმყის შედეგად დაღუპულებს შორის არაერთი ბავშვია. ისრაელში ჩამოვარდნილი ჭურვის შედეგად დაღუპულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
Associated Press-სთან საუბარში იერუსალიმში მცხოვრები არაბი მოქალაქე ჰყვება იმ დაძაბულობაზე, რაც ახლა ადგილობრივ მოსახლეობაშია.
"რამდენად ცდილობს "ჰამასი" თავისიანების დაცვას, რთული საკითხია, რადგან ქალაქ ლოდში ჩამოვარდნილი ჭურვის შედეგად 16 წლის არაბი ნადინი და მამამისი, ხალილ აბადი დაიღუპენ... მამაკაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილი შვილის დაცვას ცდილობდა. ტრაგედია, ოჯახის დანარჩენი წევრების თვალწინ მოხდა... თუმცა, რაც მთავარია, ადგილობრივ ებრაელ და არაბ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გრძელდება და შესაბამისად, რომ არა, ისრაელის პოლიციის ოპერატიული ქმედებები, რომელსაც არაბი ახალგაზრდები, მათ შორის, არასრუწლოვნები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან, მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა" - ამბობს ქალაქ ლოდის მერი იაირ რევივო, რომლის თარგმანსაც lenta.ru ავრცელებს.
პალესტინელი ბავშვების თქმით, მათ გარშემო ბომბსაფარი შენობების მხოლოდ 20% აქვს. 12 წლის მასია ამბოს, რომ მათ შორის მისი კორპუსიც არის, ამიტომ დაბომბვისას კიბის ქვეშ იმალებიან.
მისგან განსხვავებით, ბომბსაფარი აქვთ ისრაელში მცხოვრები ანასტასიას სახლს. მისი თქმით, ზოგჯერ, სირენა დაუსრულებლად კივის და მათაც საათობით უწევთ ე.წ. ბუნკერში ყოფნა.
"აფეთქება აფეთქებას მოჰყვება. თითქოს ეს გუგუნი არასდროს სრულდება და ამ დროს ვიფქრობ, საფარიდან გასულს რა დამხვდება დანგრეული, ჩემი სახლი, ჩემი მეგობრის კორპუსი თუ სკოლა? ვცდილობ დავმშვიდდე, რადგან დედაც ნერვიულობს და არ მინდა დავუმატო. ღამეები არ გვძინავს. ახლა თუ ვინმე მკითხავს რა მენატრება, ვუპასუხებ - მშვიდად გამოძინება..." - ამბობს 14 წლის გოგონა gazeta.ru-სთან საუბრისას.
იმავე გამოცემაში კიდევ ერთი მოზარდი იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა დაბომბვისას მისი საყვარელი კატის დაჭერას, რათა ისიც ბომბსაფარში წაეყვანა, თუმცა, შეშინებული ცხოველის მოხელთება გაუჭირდა.
"დედა მიყვიროდა, წამოდი, მალე დავრბუნდებითო, მაგრამ ჩემი კატის გარეშე წასვლა არ მინდოდა... მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც რაკეტების ხმა იყო, ჩემს კატაზე ვფიქრობდი. იმ დღეს ხოლონში, ავტობუსი დაბომბეს. ჩვენ გავიმართლა, გადავრჩით" - ამბობს 10 წლის ებრაელი გოგონა.