გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპატაევას გაუპატიურებაში ბრალდებული სიძის, მურატ მეირბეკოვის ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გაუპატიურების სავარაუდო ფაქტის შემდეგ, ქალი ჯერ ტანსაცმლის საყიდლად წავიდა, შემდეგ კი მცხეთაში ექსკურსიაზე.
როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქარქაშაძე აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის მასალებში, რომელიც მას სრულად გადაეცა, გარდაცვლილი ქალის სამი თანამშრომლის ჩვენებაა, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის, ბესიკ თოდუას ჩვენება.
ადვოკატის განმარტებითვე, თანამშრომლების ჩვენებები აბსურდული და ჭორზე აგებულია.
"რაღაც ჭორზე აგებული ბრალია, მეტი არაფერი. ძირითადი ყურადღება და აქცენტი მეორე ბრალდებულთან აუდიოჩანაწერზეა გაკეთებული, მაგრამ ბრალდება თვითონ ამბობს, რომ ჩანაწერში გოგოს დაშინება, დაშანტაჟება, მუქარა, ფსიქოლოგიური ძალადობა ხდება. ამ შემთხვევაში, მისი ნათქვამი რამდენად ადეკვატურია, რეალურია და რამდენად გასაზიარებელია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს სხვა საკითხია. ჩანაწერში მურატ მეირბეკოვზეა საუბარი, რომ მასზე იძალადა, გააუპატიურა, ეს მისი ნათქვამი რამდენად უნდა იყოს გასაზიარებელი, ესეც სხვა საკითხია. ქალზე სხვა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლა, მუქარა, დაშინება ხდებოდა, აქედან გამომდინარე, მისი ეს ნათქვამი, რამდენად ადეკვატურია, ეს სხვა თემაა.
თანამშრომლების ჩვენებაში გაკვრით არის ნათქვამი, რომ თურმე გარდაცვლილი გოგონა მეირბეკოვიდან სხვასთან საცხოვრებლად იმის გამო გადავიდა, რომ მასზე მეირბეკოვმა იმ ორი დღის განმავლობაში, რაც მასთან ცხოვრობდა, იძალადა. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ექსპერტიზა, არ არსებობს.
მეირბეკოვთან დაკავშირებით საუბარია ერთი თანამშრომელი გოგონას ჩვენებაში, ასევე მეორე ბრალდებულის, ბესიკ თოდუას და ყაზახი დამფუძნებლის ჩვენებაში, თუმცა ეს პირი ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ მას თოდუამ უთხრა“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბესიკ თოდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის სიძეს, მურატ მეირბეკოვს. ის გარდაცვლილი ქალის დედის საჩივრის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში დააკავეს, თუმცა ყაზახეთის პროკურატურის მიერ დაკავებულს ამ ეტაპზე ტრეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი.