„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, თუ რატომ არ სურთ პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა.
როგორც მან აქციაზე განაცხადა, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგით მოქმედება იმ ერთობის დამანგრეველია, რაც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს აერთიანებთ.
“მუდმივად აპელირებენ სოციალურ მედიაში და ტელესივრცეებში, რომ პოლიტიკური მიზნები გვაქვს და ა.შ. პარტიულ დღის წესრიგს ვგულისხმობ, თორემ დღეს პოლიტიკურ ბრძოლაში ისედაც ვართ. პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ვაკეთებთ და ის აუცილებად ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა, რატომ არ ვთვლით პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას საჭიროდ და რატომ მიგვაჩნია, რომ არ შეუძლია იმ დღის წესრიგს გადაგვიწყვიტოს პრობლემა: პირველ რიგში, იმიტომ რომ იმ ერთობის დამანგრეველია, რა ერთობაც ახლა ჩვენს წინაშე დგას. ამ მოედანზე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები არიან. კიდე ერთხელ ვამბობ, ვკონცენტრირდეთ საქმეზე, უშუალოდ იმაზე, რისთვისაც დღეს აქ ვიკრიბებით და მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ სისტემა, რომელზეც ის დგას, შეირყევა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, კონკრეტულად იმ სკამზე ვინ ზის დღეს, მნიშვნელოვანია, არის თუ არა ის ხალხის ნების აღმსრულებელი და ეროვნული ინტრესების გამტარებელი. ამიტომ, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ სიმრავლეს, ხალხის მოთხოვნას, საზოგადოების დაკვეთას, არ იქნება ეროვნული ინტერესების მატარებელი, ჩვენ კი არ გადავაგდებთ ამ ხელისუფლებას, თვითონვე მოარყევს თავის თავს და მას მოარყევს ჩვენი სიმრავლე“, - განაცხადა გოლეთიანმა.
მისი განცხადებით, შესაძლოა, პროტესტი გაგრძელდეს.
„აქ არის სწორედ ჩვენი ძალა, როცა ვაცნობიერებთ იმას, რომ დღევანდელ დღეს აქ უნდა ვიდგეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, აქ დგომა მოცემულ დროსა და ადგილზე. ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი, შესაძლოა პროცესები უცებ ვერ გადაწყდეს, მაგრამ თითოეული ჩვენთაგანი განწყობილი ვართ ბრძოლის იმ ჟინით, რომელიც მართულია ნაწილობრივ ემოციებით, მაგრამ ამას წინ უძღვის სტრატეგია, დაგეგმვა, მთელი ეს დაგეგმვითი ნაწილი აისახება სწორედ დღევანდელ დღეზე იმიტომ, რომ ეს არის პროტესტი, რომელიც 209 დღის წინ არ არსებობდა.
დღეს არის მრავალათასიანი პროტესტი იმიტომ, რომ არის გულწრფელი და პირველ რიგში, სამართლიანი. ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოების პრობლემები გადაჭრას. დღის წესრიგში დადგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და არსებობის საკითხი, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად გვემართება ასეთი რამ, ამა თუ იმ პარტიას ვაძლევთ ხოლმე ძალაუფლებას, შემდეგ კაცი აღარ ჩანს, ვინც გააკონტროლებს ამ გადაცემულ ძალაუფლებას და აგრძნობინებს ამ ადამიანებს პასუხისმგებლობას იმ სკამებზე, რომელზეც ახლა ასე კომფორტულად არიან მოთავსებულები. ჩვენ ამას ვადევნებთ თვალს და გამწარებული ვართ ყველა, მაგრამ თითქოს ზემოქმედების ბერკეტი და მექანიზმი ხელთ არ გვიპყრია, ეს არის სწორედ ჩვენი პრობლემა, რომ ამას ასე მივიჩნევთ. რა არის ზემოქმედების ბერკეტი, ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი სიმრავლე და პასუხისმგებლობის შექმნა“, - განაცხადა გოლეთიანმა.
ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ.