მიგვაჩნია, რომ იმ სისტემაში შესვლა, რომელიც დღეს არსებობს, რითიც დაკავებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, საქმის გამკეთებელი არ არის, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის „უფსკრული არსებობს“.
„ვხედავთ, რამდენად აცდენილია რეალურ პრობლემებს, რაც ხალხში არსებობს. პრაქტიკულად უფსკრულია მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. ვერ ვპოულობთ თანხვედრას და ბმას იმ ადამიანებთან, რომლებიც თითქოს ჩვენი პრობლემების გამომხატველები უნდა იყვნენ. ამიტომ, ჩვენ არ ვცდილობთ, რომ შევქმნათ იგივე მექანიზმი და იმ სისტემაში მივიღოთ მონაწილეობა, რომელსაც არ აქვს უნარი, ეს პრობლემა მოგვიგვაროს“, - განაცხადა გოლეთიანმა.
მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებს არა რევოლუცია, არამედ კონკრეტული პრობლემის მოგვარება სურთ.
„ჩვენ ამ ბრძოლაში არ გავჩერდებით და ეს იქნება იმდენად კანონზომიერი შერყევა, თუნდაც პოლიტიკური, რომ ეს პასუხსისმგებლობა თავიდან ბოლომდე მათზე გადაინაცვლებს. ჩვენ არ გვქონდა იმის სურვილი, რომ ხელისუფლება გადაგვეგდო, რევოლუცია მოგვეწყო. ჩვენ გვინდა, კონკრეტული პრობლემა მოვაგვაროთ და როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, არჩეული ხელისუფლება ვაკონტროლოთ, ეს არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა გოლეთიანმა.
გოლეთიანმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
"ჩვენ ჩავალთ ყველგან და სისტემურ მუშაობას დავიწყებთ. ეს შეარყევს სისტემას და ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას. გადაწყვეტილება მათზეა. ჩვენ სახალხო პრობლემებზე და წუხილების სადარაჯოზე ვიქნებით სულ. ჩვენ უნდა დავინახოთ ამ ლოკალურ პრობლემაში სისტემური სახე სისტემისა.
ხვალ, 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო. ჩვენ აქ დავრჩებით ყველა იქამდე ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. თუ ხვალ, 12:00 საათამდე არ იქნება პასუხი, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერ შეძლებს გადაადგილებას.
ამისთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდე დაგვემატონ.
მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე!" , - განაცხადა გოლეთიანმა.