ალექსანდრ ანქვაბი დაჭრეს

ალექსანდრ ანქვაბი დაჭრეს

22 სექტემბერს გვიან ღამით აფხაზეთში დე-ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა განხორციელდა. გუდაუთის რაიონში ალექსანდრ ანქვაბის ნათესავების სახლს, სადაც ვიცე-პრეზიდენტი ბოლო წლებია ცხოვრობს, ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ანქვაბი ყუმბარის ნამსხვრევებისგან ხელსა და ფეხში დაიჭრა.

როგორც თავად ანქვაბმა განაცხადა, უცნობების მიერ ყუმბარმტყორცნიდან ნასროლი ჭურვი იმ ოთახში შევარდა, სადაც ეძინა. სროლის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს კი აუცილებელი სამედიცინო დახმარება სახლის პირობებში ჩაუტარდა. შემთხვევის ადგილზე დე-ფაქტო აფხაზეთში შსს საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თქმით, ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა გამიზნული.

"ამჟამად ალექსანდრ ანქვაბის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიჭირს იმის თქმა, ვინ შეიძლება იდგეს ამ დანაშაულის უკან, მაგრამ ერთში ეჭვი არ მეპარება - ეს რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის კეთდება", - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ანქვაბზე თავდასხმის ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. წინა სამი მაშინ განხორციელდა, როცა ანქვაბი დე-ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი იყო.

ალექსანდრე ანქვაბი 1952 წელს სოხუმში დაიბადა. 1992-93 წლებში ის არძინბას ხელისუფლებაში შსს მინისტრის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც საცხოვრებლად მოსკოვში გადაბარგდა. აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ანქვაბი 2005-2010 წლებში რესპუბლიკის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო, 2010 წლიდან კი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?