ავტორი:

3 ლარი საბანკო ანგარიშზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული 50 000 - რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე?

3 ლარი საბანკო ანგარიშზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული 50 000 - რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე?
  • ფოტოზე: გუბაზ სანიკიძე მეუღლესთან ერთად

"ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე“, - გუბაზ სანიკიძის გასული წლის ნოემბერში ნათქვამი ეს ფრაზა ლამის ფრთიან გამონათქვამად იქცა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლის მრავალთვიანი დავიდარაბის განმავლობაში. ევროპელების მართლაც განსაცვიფრებელი ძალისხმევისა და სიჯიუტის წყალობით, პარლამენტში საბოლოოდ ყველა პოლიტიკური ძალა შევიდა.

ყველაზე ბოლოს, 8 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოში შეაბიჯეს "ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შექმნილი ბლოკის ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“) დეპუტატებმა, მათ შორის გუბაზ სანიკიძემაც.

საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობისას, "გირჩის“ დეპუტატების მიერ ორგანიზებულ "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში გუბაზ სანიკიძეც მოხვდა, რომელმაც კითხვას, - რა ემოციებით მივიდა პარლამენტში, - ასე უპასუხა:

"სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც არ მქონდა ემოციები. ამ შენობასთან დაკავშირებით არ მაქვს კარგი შეგრძნებები, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქ მოვაწერე. ეს შენობა დამწვარიც მაქვს ნანახი, ქართველების სიჯიუტის გამო, ამიტომ არ მიყვარს, რომ არ დაგიმალოთ“.

მან ასევე განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არ დასრულდა, სახე იცვალაო და დასძინა: "ოპოზიცია პარლამენტში ერთად რომ შემოსულიყო, კარგი იქნებოდა“.

მიუხედავად იმისა, რომ სანიკიძეს პარლამენტის შენობა თურმე არ უყვარს, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იქ აქვს გატარებული. ის 5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

სხვადასხვა დროს გუბაზ სანიკიძე საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგენდა:

  • ბლოკს "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ (14-11-1990 - 04-11-1992);
  • ბლოკს "საქართველოს აღორძინება“ (20-11-1999 - 22-04-2004);
  • "გაერთიანებულ ოპოზიციას (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“ (07-06-2008 - 20-06-2008);
  • გაერთიანებას "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ (21-10-2012 - 18-11-2016);
  • ახლა კი წარმოადგენს ბლოკს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“.

რაც შეეხება მრავალგზის დეპუტატის ქონებას, ბოლოს გუბაზ სანიკიძემ ქონებრივი დეკლარაცია ა.წ. 11 თებერვალს შეავსო.

ბატონ გუბაზს ჰყავს მეუღლე - 1980 წელს დაბადებული ირმა სანიკიძე და ქალ-ვაჟი: 1999 წელს დაბადებული ლევანი და 2001 წელს დაბადებული ნინო.

ლევან სანიკიძე

დეკლარაციის თანახმად, პარლამენტარის საკუთრებაშია 150 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭყვიშში, რომლის შეძენის თარიღად მითითებულია 2017 წელი, ფორმად - საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო ფასად - 45000 ლარი.

გუბაზ სანიკიძე ამავე სოფელში ფლობს 2008 წელს შეძენილ 60000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელშიც გადაუხდია 2500 ლარი და როგორც ირკვევა, მასზე ვენახიც გაუშენებია.

მისი მეუღლის, ირმა სანიკიძის სახელზეა გაფორმებული 150 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც 2011 წელს შეუძენიათ და მასში გადახდილია 250 000 ლარი.

გუბაზ სანიკიძეს მითითებული აქვს, რომ ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ იშვიათი გამოცემების ბიბლიოთეკას და 2017 წელს შეძენილ Land Rover Discovery 2003-ს, რომელშიც გადახდილია 7000 დოლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტში, მისი ქალიშვილის, ნინოს "თი–ბი–სი ბანკის" ანგარიშზე ირიცხებოდა 2725 დოლარის ანაბარი.

ლევან სანიკიძეს მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 3000 დოლარი, ირმა სანიკიძის სახელზე გახსნილ ანაბარზე კი ირიცხებოდა - 375 დოლარი.

ხოლო თვითონ გუბაზ სანიკიძეს "ლიბერთი ბანკის" საპენსიო ანგარიშზე მხოლო 3 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს, გუბაზ სანიკიძემ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის პენსიის სახით მიიღო 6720 ლარი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით - 50 000 ლარი. წყარო