თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ, კონკრეტულ თანხას ასახელებდით, თვიდან-თვემდე რამდენი შემომთავაზა და გადამიფორმა ბიძინა ივანიშვილმა, ახლა გეკითხებით, თქვენ რომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?! - ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
ელისაშვილის განცხადებით, გაუგებარია რატომ შევიდა "ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
"ზოგიერთი იდგა და გვწყევლიდა, ზიზღს აფრქვევდა და რას არ გვაბრალებდა. 43 წლის ვარ და ღმერთმა იცის, სუს-მაც და "ქართულმა ოცნებამ“, რომ ხელფასის მიღმა არასდროს არცერთი თეთრი არ ამიღია. მეზიზღება კორუფცია, ყველა, ვინც არის მექრთამე და ჩართული კორუფციაში. თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე, კონკრეტულ თანხებს ასახელებდით, თვიდან-თვემდე რამდენი შემომთავაზა და გადამიფორმა ბიძინა ივანიშვილმა, ახლა გეკითხებით, თქვენ რომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?!
შეთანხმებას ხელი არ მოაწერეთ, არადა ამ შეთანხმებით თქვენი ლიდერი და გიორგი რურუაც გამოვიდა, კრიზისი განიმუხტა, პარლამენტმა ფუნქციონირება დაიწყო და გაგეხსნათ თქვენც გზა რომ შემოსულიყავით. კარგი, ხელს არ აწერთ, მაგრამ იმ შეთანხმებაში წერია, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა გატარდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ, გააყალბეს არ ვიძახდეთ და ახალ თამარ ჟვანიას არ ვასახელებდეთ. მართლმსაჯულების რეფორმა წერია, მურუსიძეს ხან ერთი იძახდით ხან მეორე, ერთმა მოიყვანეთ და მეორემ - დატოვეთ. ეს მურუსიძე რომ არ ისმოდეს და სასამართლო ნდობასთან იყოს ასოცირებული, ის წერია ამ დოკუმენტში. ამას ხელს არ აწერთ, საარჩევნო რეფორმას ხელს არ აწერთ, თქვენი ლიდერები ამ შეთანხმებით გამოვიდნენ ციხიდან აქ რისთვის შემოხვედით ეს მაინტერესებს? მე აქ ვარ შემოსული, რომ ხალხს ვემსახურო, ისეთ გაჭირვებაშია ხალხი, რომ ლუკმა პური ენატრებათ. მე მათი სამსახურისთვის ვარ აქ შემოსული და არა იმისთვის, რომ ოთხი თვე ავურიო სიტუაცია და შემდეგ რაღაცები დავანიშნინო, ან არ დავანიშნინო“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მან ასევე კითხვით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ელისაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებდნენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მასში შესვლას არ აპირებდნენ, თუმცა "სანამ სააკაშვილმა მწვანე შუქი არ აუნთოთ, მანამდე ფეხს ვერ დგამდნენ“.
"ეს პარლამენტი ლეგიტიმურია დღეს თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, რატომ სხედხართ და კითხვების დაზუსტებისთვის დროს რატომ ითხოვთ, საერთოდ რას აკეთებთ აქ თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია? სააკაშვილმა რომ გითხრათ გამოდითო, გახლავთ ხვალ? სანამ იმან არ გითხრათ და მწვანე შუქი არ აგინთოთ, მანამდე ფეხს ვერ დგამდით აქ, ყველას შეურაცხყოფას აყენებდით, იმ ხალხსაც კი, ვისთანაც თვეობით მაგიდასთან ისხედით, მონებს ეძახდით და "სირცხვილის კორიდორებს“ უწყობდით. შემოხვედით და ვითომც არაფერი მომხდარა, თქვა სააკაშვილმა კიო და შემოხვედით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილი გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ ინციდენტსაც, როდესაც აქტივისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და თავზე ნაგავი დააყარეს . მისი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ამ ინციდენტის გამო ჩავლეიშვილისთვის ბოდიში უნდა მოეხადათ.
"მამის ტოლა კაცს ბათუმში თქვენი ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ და ნაგვის ყუთი თავზე ჩამოამხეთ, იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ? თუ კიდევ კმაყოფილები ხართ იმ საქციელით? საერთოდ არ ვიცნობ ბატონ ჩავლეიშვილს, მაგრამ მან მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება - ადგა და შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. თქვენ კიდევ როგორ მოექეცით, ეს პოლიტიკისთვის ნორმალური პროცესია?“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.