პაატა დათუნაშვილს ორი პროფესია აქვს - მსახიობი და ჟურნალისტია, მაგრამ ამჯერად ჩვენი ყურადღება თავისი საოცარი გატაცებით მიიქცია - უნიკალურ მაკეტებს ქმნის. ამბობს, რომ ხელოვნება ბავშვობიდან იზიდავდა, სულ სცენაზე იყო, მღეროდა, კონცერტები ჰქონდა - ცენა იყო ადგილი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა.
ხატვის ნიჭიც ბავშვობიდან დაჰყვა, მაგრამ თავიდანვე უმეტესად ანიმციური მიმართულებით მუშაობდა. მიუხედავად სიმღერისა და ხატვისა, პროფესიული არჩევანი მსახიობობასა და ჟურნალისტიკაზე გააკეთა. მერე დიდობაშიც მოუწია სცენასთან აქტიური შეხება, კონცრტების წამყვანის ამპლუაში ყოფნა, ამასთან, წლებია, მუსიკალური რადიოს წამყვანია და გახმოვანების მსახიობი.
"ეს ყელაფერი ჩემთვის მაცოცხლებელი რამ არის და კომფორტის ზონაც. მოკლედ, პროფესიაც რაღაც თავისით ჩამოყალიბდა, რაც შეეხება ჟურნალისტიკას, ტელე-რადიოჟურნალისტიკის კუთხით ვსწავლობდი. ვმუშაობდი ტელევიზიაში "საინფორმაციოს" წამყვანად "დილის" და "შუადღის" გამოშვებში. ამჯერად აქტიურად რადიოში ვარ და მსახიობი ვარ გახმოვანების მიმართულებით" - გვეუბნება პაატა.
- მაგრამ ის, რაზეც ახლა უნდა ვისაუბროთ, ქართულ მოტივებზე შექმნილი თქვენი მაკეტებია. მათგან 70-80-იანი წლების თბილისის ერთ-ერთი ქუჩის ფრაგმენტს გამოვარჩევ... შთამბეჭდავი რამ არის...
- "70-80-იანი წლების თბილისი" მაკეტს მასში წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალებების გამო დავარქვი, თორემ მოგეხსემენათ, შენობები, რომელთა ფასადებიც ჩანს, კიდევ უფრი დიდი ხნისაა, საუკუნის წინანდელია, გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული. ეს არის ძველი პლეხანოვის მიმდებარე ქუჩები - წინამძღვრიშვილი, ჯავახიშვილი და იქაური შენობების ფასადებია აღებული. რაღაცები იმ პერიოდის თბილისიდან მეც მახსოვს. მის შექმნას ცოტა ნოსტალგიური ფონიც ჰქონდა...
- რა მასალისგან არის ასე ლამაზად დამზადებული?
- ძირითადად სპეციალური პლასტიკატისა და სამშენებლო მასალის მიქსია, ყველა დეტალი სათითაოდაა დამუშავებული. ყველაფრი სიბრტყეში შექმნილი კი არა რელიეფურია... ვიყენებ ასევე აკრილის საღებავებს, პასტელურ ფერებში ვღებავ, სჭირდება ასევე დაგრუნტვა. შესაბამისი ფერების მოყვანის შემდეგ, ბოლო ეტაპი უკვე დაძველების ეფექტის მიცემაა. გარდა ამისა, შენობების ფასადებს აქვს ფანჯრები, ესეც არ არის მარტივი ამბავი, მასში შუშების ჩასმაც შესაბამისი მასალით ხდება, რომელიც მინის ეფექტს იძლევა.
- ეს არის სერიოზული ტექნოლოგია, რომელიც ცოდნის გარეშე არ არსებობს...
- ჩემს შემთხვევაში, ცოდნა პრაქტიკაში მოვიდა. ბევრ რამეს ინტერნეტში გადავაწყდი... უკვე იმხელა მაკეტებზე მაქვს ნამუშევარი, ეს, რაზეც ვსაუბრობთ, ქართული დიორამაა, ანუ ქუჩის ეპიზოდები, ფრაგმენტები, რომელსაც დაბოლოება არ აქვს, იმ დიდ მაკეტებთან არაფერია... მაკეტებზე სხვადასხვანაირად მიმუშავია. თავიდან მუყაოთი ვაკეთებდი და ამ მიკროსამყაროს შექმნა თავიდანვე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
- ასეთი სიზუსტის, სიმეტრიის დაცვას როგორ ახერხებთ? ეს ხომ არქიტექტურაა?
- კი და არქიტექტურის მიმართულებით არანაირი კლასი არ მაქვს გავლილი... ხომ ვთქვი, დიდ მაკეტებზე ბევრნაირი ცდა მაქვს ჩატარებული. ვიყენებ წებო-ცემენტს, ბოლო დროს თაბაშირისგანაც ვძერწავ და ტექნოლოგიებს ვიგონებ. რაც მთავრია, ამ ყველაფერს თავისუფალ დროს ვაკეთებ, რაც ჩემთვის დასვენების ტოლფასია. დასვენება კი, ძალიან მჭირდება. ეს ისაა, რაც არასდროს მღლის.
- საკუთარ ნამუშვარს არ ყიდით?
- არა, ამისთვის არ გამიკეთებია არასდროს, თუმცა ყოფილა შემოთავაზება, შეკვეთის სახით, მას მერე, რაც ჩვენი პროექტი "მე-4 რაიონის ამბები“ გაკეთდა. გაყიდვაზე არც მიფიქრია...
- "მე-4 რაიონის ამბები" ახსენეთ. ესეც ხელით და თქვენით შექმნილი სერიალია, რომლის ჯერჯერობით მხოლოდ 2 სერიის ხილვა ინტერნეტის საშუალებითაა შესაძლებელი. 3-წუთიან სერიაში მაყურებელი გაიდიალებულ სამყაროში ხვდება. ასე რატომ გადაწყვიტეთ?
- თუ დიორამაში 1:43-ჯერ არის მასშტაბი, "მე-4 რაიონის ამბებში" მასშტაბი უფრო პატარაა - 1:87. ასეთია იქაური რეალობა - იქ ადამიანები დაახლოებით, 4 მმ ზომისაა. რატომ გაჩნდა ამის შექმნის იდეა? - მკითხეთ. როგორც აღვნიშნე, მაკეტების შექმნა მიყვარდა და ვაკეთებდი ბევრი წლის განმავლობაში-მეთქი, სარკინიგზო მაკეტებზეც ვმუშაობდი...
თუმცა ეს ინსპირაცია შარშან სრული ლოქდაუნისას გაჩნდა, როცა სახლში ვიყავით და ბევრი დრო გვქონდა. მოკლედ, ერთ დღესაც დიდ მაკეტზე რომ დავიწყე მუშაობა, ჩემმა მეუღემ, ანა მელიქიძემ, რომელიც ტელერეჟისორია (დოქტორანტი) და სცენარებსაც წერს, მითხრა, მოდი, ეს ქალაქი, რასაც ქმნი, გავაცოცხლოთო. დავეთანხმე, რადგან ორივეს დაგვაინტერესა, რა გამოვიდოდა.
მე მაკეტზე ვმუშაობდი და ანა პარალელურად სცენარს წერდა. საბოლოოდ საკუთარი ძალებით, სახლის პირობებში გადავიღეთ 8 სერია, რაშიც მეგობრებიც დაგვეხმარნენ. ჯერ ინტერნეტით მხოლოდ 2 სერია გვაქვს გამოტანილი. სერიალი აუცილებლად გაგრძელდება...
ეს არის უტოპიური ქალაქი, სადაც არ არის მითითებული დრო, წელი, რიცხვი, ვერ გაიგებ, რა პერიოდია. ამ ქალაქში ჩავასახლეთ პერსონაჟები. თითოეული თავისთავად საინტერესოა, რომლებსაც ერთმანეთთან გარკვეული კვეთა და თავისი ისტორია აქვს. ამ პერსონალური სერიების მუსიკაზე ჩემი უახლოესი მეგობარი, მომღერალი გიორგი დათიაშვილი ექსკლუზიურად მუშაობს და "მე-4 რაიონს" ესეც განსაკუთრებულობას სძენს... ანას მიერ დაწერილი სცენარით, პერსონაჟებს მე ვახმოვანებ, ყველაფრი ჩვენივე რესურსებით შევძელით და როგორც გითხარით, მეგობრები (განათება, მონტაჟი) დაგვეხმარნენ.
ყველაფერი კი საკუთარი სახლის მეორე სართულზე შეიქმნა. ასეთი მასშტაბის ნამუშევარში მსგავსი ლიტერატურულ თემა ჯერ არსად გაკეთებულა. მაყურებელმაც კარგად მიიღო, ანუ ისე, როგორც გვინდოდა.
- როგორც ვხდები, გინდოდათ, რამდენიმე წუთით მაყურებელს არსებული რეალობა დაევიწყებინა და თქვენს ქალაქში გადმოსულიყო...
- კი, ასეა - ჰქონოდათ რამდენიმე წამი, სადაც რეალობას მოწყდებოდნენ და უტოპიურ ქალაქში იმოგზაურებდნენ. ქალაქში, სადაც მხოლოდ სიყვარულია, სიკეთეა და სადაც არ არიან ანტიგმირები. ეს კი პანდემიაში მათთვის აუცილებელი იყო. ხალხმა მიღო ისე, როგორც ჩავიფიქრეთ და ითხოვდნენ მომდევნო სერიებს... რაც შეეხება 4-იანს, ამაზე თქვნც მკითხეთ და სხვებიც ინტერესდებიან - ეს ჩემი საყვარელი რიცხვია.
მაგრამ ეს პროექტი ფინანსური დაინტერესებისთვის არ შექმნილა, თუმცა თუ იქნება, რა პრობლემაა? მაგრამ ჩვენი მთავარი ოცნებაა, რომ თბილისში ასეთი მაკეტების მუზეუმი, ან შოურუმი გაიხსნას, სადაც წარმოდგენილი იქნება დიდი მაკეტები, დიორამები, სხვადასხვა მოდელები, იქ ადამიანები მათ სანახავად ივლიან, დაათვალიერებენ კულტურის დარგის ამ ნაწილს.
ეს ევროპაში ძალიან განვითარებული სფეროა. იქ მსგავსი პროდუქტის პავილიონები ხალხით მუდმივად სავსეა. მოკლედ, საბოლოოდ, ეს არის ჩვენი მიზანი, გავხსნათ შოურუმი. ასეთი იდეა სხვათა შორის, „მე-4 რაიონის“ ნახვის შემდეგ აქაც ბევრს გაუჩნდა და ემიგრანტებმაც გვითხრეს. თუკი ვინმე ამ კუთხით დაგვეხმარება, რომ ეს საქმე წინ წავიდეს და დარგიც უკეთ განვითარდეს, ამას რა სჯობია?!.