სვაზილენდი აფრიკის სამხრეთით პატარა სახელმწიფოა. ეს ქვეყანა ცნობილი მხოლოდ იმით არის, რომ მას კონტინენტის ერთადერთი აბსოლუტური მონარქი - მსვატი III მართავს. 42 წლის მეფეს 14 ცოლი ჰყავს და 23 - შვილი. მაგრამ ახლახან სამეფო ოჯახი სკანდალმა შეაზანზარა.
1986 წელს მსვატიმ სიბონელო მნგომეზულა მოიყვანა ცოლად და მას შემდეგ არ შეჩერებულა - საკუთარი ცოლების შტატს რეგულარულად ზრდის.
ახალი ცოლის შერჩევის პროცედურა მხიარული საქმიანობაა. ყოველწლიურად, ზაფხულის ბოლოს, უმხლანგის დღესასწაული იმართება. დღესასწაულის კულმინაცია ნახევრად შიშველი გოგონების მასობრივი ცეკვაა, რომლებიც დედოფლობაზე ოცნებობენ. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას 50-დან 100 ათასამდე ქალი იღებს. უცნობია, როგორ არჩევს მეფე ამდენ ქალეი სასურველ საცოლეს.
მაგრამ უფრო საინტერესო ის არის, როგორ ენდობა მონარქი 14 ცოლს, თუმცა როგორც ჩანს, არ უნდა ენდოს.
პირველად ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ მეფის ერთ-ერთი ცოლი ქმარს ღალატობდა, 2004 წელს გაჟონა, როცა მისი ორი მეუღლე სვაზილენდიდან ლონდონში გაფრინდა. მაშინ ბევრი ვარაუდობდა, რომ გოგონებმა ბრიტანეთის დედაქალაქში საყვარლები გაიჩინეს, თუმცა ხმები არ დადასტურდა.
გავიდა ხანი და გაზეთებმა ცოლების ერთგულების საკითხი კვლავ წამოჭრეს. ამჯერად ეჭვები გამართლდა. როგორც დასავლეთის პრესა წერს, მონარქის მე-12 ცოლმა ნოტანდო დუბემ, რომელზედაც ის 2005 წელს დაქორწინდა, ქმარს იუსტიციის მინისტრთან უღალატა.
ხმები, რომ 22 წლის დუბე, მის სვაზილენდის კონკურსის ყოფილი ფინალისტი, ქმრის ერთგული არ იყო, ჯერ სამეფო კარზე დაირხა.
მეთორმეტე ცოლი ქმარს საკმაოდ მოხერხებულად ღალატობდა. ის სამხედრო ფორმაში სასახლიდან საყვარელთან გარბოდა. ვინაიდან ჯარისკაცები მუდმივად დარაჯობდნენ სასახლეს, ნოტანდო სამეფო რეზიდენციიდან შეუმჩნევლად გაპარვას ახერხებდა.
როგორ მოახერხეს მეფემ და მისმა ამალამ ნოტანდოსა და მისი სატრფოს, იუსტიციის მინისტრის ნდუმისო მამბუს "გამოჭერა", უცნობია. სვაზილენდის მმართველმა ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლებს ოჯახურ სკანდალზე კრინტის დაძვრაც კი მკაცრად აუკრძალა.
მამბასა და მსვატი III-ის ცოლს ერთ საწოლში, სასახლიდან რამდენიმე კმ-ში, სასტუმრო Royal Villas-ში წაასწრეს. აღსანიშნავია, რომ მამბასა და მონარქს აქამდე დიდი მეგობრობა და საერთო ბიზნესპროექტები აკავშირებდათ.
მინისტრისა და მეფის მოღალატე ცოლის დაკავების ოპერაციის დასრულების შემდეგ სვაზილენდის დედაქალაქში ხუთწუთიანი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა სიბუსისო დლამინიმ თანამდებობიდან მამბას გადაყენების შესახებ გამოაცხადა, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
ამჟამად ნოტანდო დუბეს საყვარელი დაკავებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. როგორც ამბობენ, მამბას ციხეში არაერთი წელი მოუწევს ყურყუტი. რაც შეეხება ახალგაზრდა და ვნებიან ნოტანდოს, მსვატი III-ის გადაწყვეტილებით, მას მთელი ცხოვრების გატარება დედამთილისა და მეფის დაცვის წევრების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევს.
თავად მონარქს კი უმხლანგის მომავალ დღესასწაულამდე წელიწადზე მეტი დრო აქვს, რათა კარგად გაიაზროს მომხდარი და საცოლის შერჩევას მეტი სიფრთხილით მოეკიდოს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.