მე მგონი გავიწყდებათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უბედური ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხართ - ფარცხალაძის პატრონებს კეზერაშვილზე რა გალაპარაკებთ საერთოდ? ან სასამართლო „კლანის“ პატრონებს რა გალაპარაკებთ იმ უბედურებებზე, რაც წარსულში იყო? თქვენ, ცხრა წელში რა გააკეთეთ, ეგ გვითხარით, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ვაშაძის თქმით, დღეს საქართველოში უმუშევრობა, შიმშილი და ვალები ახრჩობს ხალხს.
„ბატონო ირაკლი, ძალიან ბედნიერი იყავით, ხუმრობდით და ხშირად ცინიკურად. თქვენ კი ბედნიერი ხართ, მაგრამ მე მგონი გავიწყდებათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უბედური ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხართ. უმუშევრობა, შიმშილი და ვალები ახრჩობს ხალხს დღეს საქართველოში და მართლა მაინტერესებს ამ პირობებში, ამ უბედური და მშიერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რა ეხუმრება? რატომ არ პასუხობთ კონკრეტულ კითხვებს? მაინტერესებს კითხვებს, რომ გაურბიხართ, რატომ არ პასუხობთ? ისიც მაინტერესებს, ფარცხალაძის პატრონებს კეზერაშვილზე რა გალაპარაკებთ საერთოდ? ან სასამართლო „კლანის“ პატრონებს რა გალაპარაკებთ იმ უბედურებებზე, რაც წარსულში იყო? თქვენ, ცხრა წელში რა გააკეთეთ, ეგ გვითხარით. რამდენი სამუშაო ადგილი შექმენით, რამდენი ადამიანის ვალი გაისტუმრეთ?," - მიმართა ვაშაძემ ღარიბაშვილს.