ავტორი:

პაციენტის მტკიცებით, კლინიკაში უთხრეს, რომ კონკრეტული ორგანო ამოაჭრეს, თუმცა რამდენიმე წლის მერე გაარკვია, რომ ეს ორგანო ადგილზე აქვს - რას დაადგენს გამოძიება?

პაციენტის მტკიცებით, კლინიკაში უთხრეს, რომ კონკრეტული ორგანო ამოაჭრეს, თუმცა რამდენიმე წლის მერე გაარკვია, რომ ეს ორგანო ადგილზე აქვს - რას დაადგენს გამოძიება?

პაციენტი, რომელსაც ქირურგებმა უთხრეს, რომ კონკრეტული ორგანო ამოაჭრეს, ამბობს, რომ ექიმებმა მოატყუეს, რადგან ორგანო ისევ ადგილზე აქვს.

2016 წლის 2 აგვისტოს ახალციხეში მცხოვრები ფიქრია ბარბაქაძე მუცლის უეცარმა ტკივილებმა შეაწუხა. იმავე დღეს ექოსკოპიის გადასაღებლად ახალციხეში, დალი ქოზაშვილის კლინიკაში მივიდა. ექიმმა უთხრა, რომ გარეორსულობა ჰქონდა, ნაყოფი შვიდ კვირაზე მეტის იყო და თუ სასწრაფო ოპერაციას არ ჩაიტარებდა, სიცოცხლისთვის საშიში პრობლემები შეექმნებოდა. რამდენიმე საათში პაციენტი გააგზავნეს ახალციხის "იმედის“ კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ქირურგმა უთხრა, რომ ამოაჭრეს მარჯვენა ფალოპის მილი, რომელშიც გარე ორსულობა აღინიშნებოდა. მისცეს შესაბამისი დოკუმენტები და ჩატარებული სამედიცინო მომსახურება დეტალურად აღწერეს ფორმა #100-ში.

ფიქრია ყვება, რომ ოპერაციის შემდეგ, მალევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეირყა. პერიოდულად ჰქონდა ტკივილები, სვამდა წამლებს და ელოდებოდა, რომ პრობლემები გაივლიდა, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა.

"მარჯვენა მხარეს მქონდა ოპერაცია გაკეთებული და ტკივილები მარცხენა მხარეს მაწუხებდა. გადავწყვიტე, თბილისში წავსულიყავი გამოკვლევებზე. ტატიშვილის კლინიკაში ჩავიტარე გამოკვლევა, საკმაოდ მძიმე ანალიზები მქონდა. სეფსისის პროცესი ვითარდებოდა ორგანიზმში და პრობლემები იყო ლიმფურ კვანძებშიც... დავიწყე მკურნალობა. თანდათან უკეთესად გავხდი, მაგრამ 2020 წელს ისევ ძალიან ცუდად გავხდი, ისევ დალი ქოზაშვილთან მივედი და ისევ გარეორსულობა დამიდგინა, ამჯერად მარცხენა საკვერცხეზე. ამაზეც მეუბნებოდნენ, სასწრაფო ოპერაცია უნდა გაკეთდეს და ეს მილიც უნდა ამოიჭრასო. ჩემმა მეუღლემ იკითხა, შვილი აღარ გვეყოლებაო? - ასე გამოდისო, - უპასუხა ექიმმა. ჩვენ ორი შვილი გვყავს, თუმცა, გვინდოდა, მესამეც გაგვეჩინა და ძალიან დავითრგუნეთ. ოპერაციისთვის თბილისში წავედით", - გვიყვება ფიქრია ბრბაქაძე.

თბილისში, ოპერაციისთვის, "იმედის“ კლინკაში მივიდა. სწორედ ამ კლინიკაში აღმოაჩინეს, რომ პაციენტს, მარჯვენა ფალოპის მილი ადგილზე ჰქონდა.

"ქირურგმა რომ გამსინჯა, მკითხა, ამხელა ჭრილობა რატომ გაქვსო? - ვუთხარი, რომ მარჯვენა ფალოპის მილი მქონდა ამოჭრილი. წარმატებით ჩამიტარდა ოპერაცია. ნარკოზიდან რომ გამოვედი, ქირურგმა მითხრა, - რატომ მომატყუე, მარჯვენა მილი არ გაქვს ამოჭრილი... ადგილზეა, სრულიად უპრობლემოა და შეგიძლია შვილის გაჩენაზეც იფიქროო.

გავოგნდი და დავიწყე დოკუმენტების მოძიება, სადაც ეწერა, თუ რა ოპერაცია მქონდა ჩატარებული 4 წლის წინ. ბოლომდე რომ დამედასტურებინა ის, რასაც ექიმი მეუბნებოდა, წავედი ქართულ-ამერიკულ კლინიკაში და გავიკეთე მილის გამტარიანობაზე გამოკვლევა. იქაც იგივე მითხრეს. ექსპერტმაც დამიდასტურა, რომ მილი ადგილზე იყო", - იხსენებს ახალგაზრდა ქალი.

ამის შემდეგ ფიქრია ბარბაქაძემ ახალციხის კლინიკა "იმედს“ მიაკითხა და ფორმა #100 გამოითხოვა. შეხვდა კლინიკის ქირურგებს და წარუდგინა თბილისის კლინიკიდან წამოღებული დოკუმენტები, სადაც ეწერა, რომ პაციენტს, მარჯვენა ფალოპის მილი ამოკვეთილი არ ჰქონდა.

"ეჭვი შემეპარა, საერთოდ თუ ვიყავი საოპერაციო და მქონდა თუ არა ნამდვილად გარეორსულობა. რატომ გამჭრეს, ფულის გამო ხომ არა?! ქირურგმა მალხაზ მაისურაძემ, რომელმაც უშუალოდ ჩამიტარა პირველი ოპერაცია, ვერ გასცა მკაფიო პასუხი ჩვენს კითხვებზე. მე და ჩემს მეუღლეს გვიმტკიცებენ იმას, რასაც თბილისის კლინიკაში კატეგორიულად გამორიცხავდნენ. ბოლოს, რომ არ იცოდნენ რა ეთქვათ, გვითხრეს, ალბათ, რამე პათოლოგია გქონდათ და რამდენიმე მილი გაქვთო, ხდება ასეთი რამეცო. თუ პათოლოგიური მდგომარეობა მქონდა, ეს ვერ შენიშნეს იმ უამრავ გამოკვლევაზე, რომელსაც მიტარებდნენ? ან ოპერაცია რომ ჩამიტარეს და მითხრეს მარჯვენა მილი ამოგაჭერითო, თუ კიდევ იყო იქ მეორე, პათოლოგიური მილი, რატომ მაშინვე არ ჩამაყენეს საქმის კურსში?!" - აცხადებს პაციენტი.

კითხვებზე მკაფიო პასუხები რომ ვერ მიიღო, ფიქრია ბარბაქაძემ სასამართლოს მიმართა. ახლა საქმეს ახალციხის რაიონული პოლიცია იძიებს. დაკითხულია საქმეში მონაწილე ექიმების ნაწილი. დანიშნულია ექსპერტიზა. სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ მთავარ კითხვას, რაც საქმის გამოძიებას გააიოლებს და საბოლოოდ, დაადგენს, რამდენად სწორად გაეწია სამედიცინო მომსახურება პაციენტს.

რა ეტაპზეა ექსპერტიზის პროცესი, რა გარემოებები იკვეთება ამ ეტაპზე და როდის იქნება საბოლოოდ მზად დასკვნა - ამ კითხვებით მიმართა ambebi.ge-მ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს.

რაზეც უწყებამ ასე გვიპასუხა:

"სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში კვლევა დაინიშნა 2021 წლის 17 თებერვალს. ამ ქალბატონს ორჯერ ოპერაციული ჩარევით ამოკვეთილი აქვს ფალოპის მილი საშვილოსნოს გარე ორსულობის გამო. პირველად ერთ მხარეს და მეორედ - მეორე მხარეს.

გარკვეული გამოკვლევების ჩატარების შედეგად ექიმმა უთხრა ქალბატონ ფიქრიას, რომ ერთ-ერთ მხარეს კვლავ ფიქსირდებოდა ფალოპის მილი. ზოგადად, ადამიანს ანატომიურად აქვს 2 მილი. შესაბამისად, იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ბარბაქაძეს ამჟამად ფალოპის მილი, სწორად ჩაუტარდა თუ არა მკურნალობა, დაინიშნა ექსპერტიზა. ბიუროს მიერ ექსპერტიზის წარმოების პროცესში წარმოდგენილ იქნა ოპერაციული მასალა, რომელსაც ამჟამად იკვლევს ჰისტოლოგი. კვლევა დასრულების ეტაპზეა. ბიუროში ასევე დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს წარმოდგენილი მასალა ეკუთვნის თუ არა ფიქრია ბარბაქაძეს. ყველა კვლევის დასრულების შემდგომ მასალებს შეისწავლის ექიმი-გინეკოლოგი და მხოლოდ ამის შემდგომ გახდება შესაძლებელი დასკვნის დასრულება".

სამხარაულის ბიუროს პასუხის თანახმად, ადამიანს ბიოლოგიურად ორი ფალოპის მილი აქვს - ერთი მარჯვენა, ხოლო მეორე მარცხენა მხარეს. თუ ფიქრია ბარბაქაძეს პირველი ოპერაციის დროს მარჯვენა მხარეს მილი ამოაჭრეს, შესაბამისად, მას ახლა ეს მილი აღარ უნდა ჰქონდეს. თუმცა როგორც ის აცხადებს, გამოკვლევები ადასტურებს, რომ მილი ადგილზეა.

ჩვენ დავუკავშირდით იმ ექიმებს, რომელთა მიმართაც პაციენტს პრეტენზიები აქვს.

ექოსკოპისტი დალი ქოზაშვილი ამბობს, რომ იგი მზადაა საგამოძებო ორგანოებთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულია, რომ არანაირი გადაცდომა არ მოსვლია.

"ჩემთან რომ მოვიდა ეს პაციენტი, ნამდვილად ჰქონდა გარეორსულობა და სასწრაფოდ იყო საოპერაციო. ამოსაჭრელი იყო ის მარჯვენა მილი, რომელზეც არის ლაპარაკი. პაციენტი ამბობს, - არ ამოუჭრიათ და ისევ ადგილზე მაქვსო. ეს უკვე ჩემი კომპეტენცია არ არის. ეს ქირურგების საქმეა. მაგრამ ვვარაუდობ, რომ შესაძლოა ანომალიასთან გვქონდეს საქმე. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, რამდენიმე ელენთა, თირკმელი და ა.შ. ასევე, შეიძლება ორგანიზმში იყოს ერთი, ორი ან სამი ფალოპის მილი. ასეთი შემთხვევები მედიცინის ისტორიაში არსებობს. ჩემთან თუ ის პრეტენზია აქვს, რატომ არ გამოჩნდა ექსოკოპიაზე, თუ ანომალიური მილები მქონდაო, ამაზე შემიძლია ვუპასუხო, რომ ამას მე კი არა, ბუნებაში ვერავინ დაადგენდა, რადგან ეს ექოსკოპიაზე არ ჩანს. ამისთვის ქირურგიული კვეთაა საჭირო", - ამბობს დალი ქოზაშვილი.

დავუკავშირდით ქირურგ მალხაზ მაისურაძეს და მის თანაშემწეს - მარინა ხაბაროვასაც. მათ, წესით, ქირურგიული კვეთისას უნდა დაენახათ ანომალიური მილი, თუ, რა თქმა უნდა, პაციენტს ამგვარი ანომალია ჰქონდა. ექიმებმა გამოძიების დასრულებამდე მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

"ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს" - როგორ სძალავდნენ ქართველ ემიგრანტებს ფულს: პროკურატურის განცხადება

დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამას დაზიანებები მიაყენეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები