ძალადობას მხოლოდ შემსრულებლები და ის ველურები არა ჰყავს, ძალადობას ჰყავს ორგანიზატორები და დამკვეთები, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რითაც "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაიცვალებას გამოეხმაურა.
სამუშიამ მწუხარება გამოთქვა და ოჯახს მიუსამძიმრა.
" ყველას ვუსამძიმრებ, ვუსამძიმრებ ოჯახს და ჟურნალისტურ საზოგადოებას. ძალადობას მხოლოდ შემსრულებლები და ის ველურები არა ჰყავს, ძალადობას ჰყავს ორგანიზატორები და დამკვეთები. ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდება ქვეყანაში და რა სიტუაციაც არის და რა მოწოდებები გამოიწვია" , - განაცხადა სამუშიამ.
"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა.
შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.