პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესა და "ლელოს" დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მდინარაძემ ნაცვლიშვილს ტრაგედიით მოვაჭრე და ცუდი მსახიობი მაშინ უწოდა, როცა ანა ნაცვლიშვილი მდინარაძესთან მედიასთან საუბრის დროს მივიდა. ანა ნაცვლიშვილმა მას უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რომ მედიის წარმომადგენლებს, რომელსაც საშვი აქვთ, საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. ნაცვლიშვილის თქმით, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დეპუტატებსაც შეექმნათ შენობაში შესვლის პრობლემა.
ანა ნაცვლიშვილმა მდინარაძეს მოსთხოვა დაერეკა და გაერკვია, რატომ შეეზღუდათ მათ შენობაში შესვლა. მდინარაძემ თავდაპირველად ნაცვლიშვილს უპასუხა, რომ დარეკავდა, თუმცა, არა მედიის თანდასწრებით, მოგვიანებით კი უთხრა, რომ რეგლამენტზე ნაცვლიშვილს წარმოდგენა არ აქვს.
"წარმოდგენა ხომ უნდა გქონდეთ რეგლამენტზე, ფრაქციის თავმჯდომარეს ვინ ეკითხება აპარატის კონტროლს“, - განაცხადა მდინარაძემ და ნაცვლიშვილს "ცუდი მსახიობი" უწოდა. მდინარაძის განაცხადებით, ტრიბუნასთან მივარდნა არის სპექტაკლი, რაშიც მონაწილეობას არ მიიღებს. მდინარაძემ ნაცვლიშვილს უთხრა, რომ ტრაგედიით ვაჭრობს.
"სპექტაკლებს ნუ აწყობ, ანა. ფრაქციის თავმჯდომარის საქმე არ არის ეს, ნუ სპეკულირებთ, ადამიანის ტრაგედიით მოვაჭრეები ხართ“, - განაცხადა მდინარაძემ.