"ქართული ოცნება" იქამდე მივიდა, აშშ-ს მოკითხა სად იყავი 2012 წლამდეო, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა 2012 წლამდე პერიოდი გაიხსენა, როცა უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა.
მისი თქმით, ეს პერიოდი „რთული და არა უსაფრთხო“ იყო და მაშინ თუ ვინმეს იმედი ჰქონდათ სწორედ საელჩოები იყვნენ.
„"ქართული ოცნება" იქამდე მივიდა, აშშ-ს მოკითხა სად იყავი 2012 წლამდეო. ყოფილი ელჩი, ბატონი კელი კი გამოეხმაურა ამას ფაქტებით, მაგრამ ორიოდ სიტყვა მეც მინდა ამაზე ვთქვა: 2008 წელს ვმუშაობდი ლონდონში, არ ვაპირებდი სწრაფად დაბრუნებას, მაგრამ ომის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ჩემს ქვეყანაში უნდა დავბრუნებულიყავი. ჩავერთე უფლებადაცვით საქმიანობაში. ეს იყო რთული წლები, სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით ხოლმე აქციებზე გლდანის ციხესთან, პარლამენტთან, ვიკვლევდით უფლებადარღვევებს, ვყვიროდით და ვიბრძოდით როგორც შეგვეძლო. ეს იყო რთულიც და არც უსაფრთხო. და თუ ვინმეს იმედი გვქონდა მაშინ, იყო სწორედ საელჩოები - აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და რამდენიმე სხვა ელჩი, ევროკავშირის ელჩი და პოლიტიკური ოფიცერი (ევა პასტრანა), და ასევე ევროსაბჭოს უფლებათა კომისარი და მისი სპეც.წარმომადგენელი (საბრინა ბუჩლერი). ეს ხალხი იყო ჩვენი საყრდენი და სულ რამდენიმე მედია.
მაშინ ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და ისევ გაგრძელდებოდა მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, თავდასხმა - ახალი მეთოდებით! "ოცნების" დეპუტაციის უდიდესი ნაწილი სახეზეც არ მახსოვს, არათუ გვარ-სახელებით ან საქმით, ამ ბრძოლებში. და ვინც მახსოვს, ისეთი ტრანსფორმაცია განიცადეს, სჯობს არც მახსოვდნენ. თავად სად იყვნენ "ოცნების" დღევანდელი სახეები? სად იყვნენ და კონფორმიზმში! ხოლო დასავლეთი იქ იყო სადაც ახლა დგას - საქართველოს დემოკრატიის და უფლებების სადარაჯოზე!“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.