ეპიდსიტუაცია საგანგაშოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონსა და მთელს მსოფლიოში. წინა წლებიდან უნდა ვისწავლოთ, რადგან ახლა ვართ სიტუაციაში, სადაც გასული წლის სცენარი მეორდება, როდესაც პირველი ტალღის შემდეგ შემთხვევები შემცირდა და ხალხმა მოადუნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების შესრულება, დაიწყო ტურისტული აქტივობები და ამას მოჰყვა მეორე, დიდი ტალღა გასულ წელს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა მთავრობებს, რომ გასული წლის გამოცდილებიდან ისწავლონ და თავიდან აიცილონ იგივე შეცდომების დაშვება.
"რა თქმა უნდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ ბევრმა მთავრობამ შეამსუბუქა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომები, ამასთან ბევრ ქვეყანაში ძალიან დაბალია ვაქცინების მოხმარება. ძალიან ცოტა ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ უმეტეს ქვეყანაში და მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ 10 %-ზე დაბალია.
მოვუწოდებთ, რომ სექტემბრისთვის მოსახლეობის სულ მცირე 10 % იყოს ვაქცინირებული, დეკემბრისთვის კი - მინიმუმ 40 %, მომავალი წლის შუა პერიოდისთვის კი მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 70% პროცენტი უნდა იყოს ვაქცინირებული.
ახლა ჩვენ გვაქვს „დელტა“ ვარიანტი, რომელიც ცირკულირებს და იკავებს „ალფა“, „ბეტა“ და სხვა ვარიანტების ადგილს, „დელტა“ ვარიანტი საქართველოშიც ვრცელდება,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
კითხვაზე, უნდა დააწესოს თუ არა მთავრობამ ახალი შეზღუდვები, ჯანმო-ს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ეს მთავრობის გადასაწყვეტია.
"შეზღუდვების დაწესება ან მოხსნა მთავრობის გადასაწყვეტია, რომელიც დამოკიდებულია რისკის შეფასებაზე. ასე რომ ამას ყველა ქვეყანა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობაზე, ვაქცინაციის მაჩვენებელსა და სხვა მრავალი ფაქტორის შეფასებაზე დაყრდნობით აკეთებს“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.