2011 წლის გაზაფხულზე, მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელ ერიკ აბიდალს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ფრანგ მცველს ექიმმა აუხსნა, რომ შესაძლებელი იყო დაავადებას ფატალური დასასრული მოჰყოლოდა. სხვადასხვა სპეციალისტებიდან მოისმინა, ტრადიციული დამშვიდება, - დრო ოჯახს დაუთმე, იცხოვრე, როგორც უკანასკნელი დღე და დატკბი ცხოვრების თითოეული წამითო. თუმცა ერიკს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. სულით ხორცამდე მებრძოლის ხასიათის მქონე ფეხბურთელი დანებებას არ აპირებდა.
ლიონის ქუჩებში პატარა ბიჭები ბურთით ხშირად თამაშობენ. ხელს უშლიან ადგილობრივ მოხუც კოლორიტებს, რომლებიც დილიდან საღამომდე სხვადასხვა სამაგიდო თამაშებით ირთობენ თავს. ვინ იცის, რამდენჯერ მოხვედრია მათ მაგიდას აბიდალის ბურთი. თუმცა მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ბიჭუნა, რომელიც მათ ეზოში იზრდებოდა, დიდ ფეხბურთს ითამაშებდა და საკლუბო დონეზე ყველა ტიტულს მოიგებდა.
აბიდალმა იცოდა, რომ მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ უმაღლეს დონეზე თამაში. მწვრთნელებს კი თავი ნიჭზე მეტად, შრომისმოყვარეობით მოაწონა.
"აბიდალი თავისი ტექნიკითა და სისწრაფით ჩვენი გუნდის წარმატების მთავარი საიდუმლო იყო. თუმცა მისი წვრილი ფეხები ყოველთვის მადარდებდა. მეგონა, რომ ძალიან სუსტი იყო.“ - იხსენებს ერიკის პირველი მწვრთნელი ჟან-პოლ ლოტში.
მიუხედავად აღიარებისა და შთამბეჭდავი შედეგებისა, ერიკი მაინც მერყეობდა - იყო თუ არა ფეხბურთი მისი ცხოვრების მთავარი საქმე. ვიდრე პროფესიონალურ კონტრაქტს გაუფორმებდნენ, გადაწყვიტა მშობლების ხარჯზე არ ეცხოვრა და მუშაობა მხატვარ-გამფორმებლად დაიწყო. ბევრი წლის შემდეგ ერიკმა სპორტში სოლიდური თანხის გამომუშავება დაიწყო, მაგრამ უარს არასდროს ამბობდა, თუკი ვინმეს სახლში საბავშვო ოთახის გაფორმება სურდა და ფეხბურთელის დახმარება სჭირდებოდა.
მორიგი თამაშის დღეს, "მონაკოს“ სკაუტები და მწვრთნელი პიუელი "ნიცას“ შემტევი ნახევარმცველის, დომინიკ ოლანიეს დასაკვირვებლად ჩამოვიდა. ოლანიე ახალგაზრდა ტალანტად მოიაზრებოდა, რომელზეც ევროპული კლუბები ნადირობას იწყებდნენ. იმ დღეს "ნიცას“ მეტოქე "ლიონ-დიუშერი“ იყო, რომლის შემადგენლობაში ახალგაზრდა 19 წლის აბიდალი გამოდიოდა. პატარა კლუბის მარცხენა მცველი იმდენად დამაჯერებლად თამაშობდა, რომ "მონაკოს“ დელეგატები მხოლოდ მის პერფორმანსს უყურებდნენ. ერიკმა გოლიც გაიტანა და "ნიცა“ 4-0 დაამარცხეს. ნამატჩევს მონაკოელმა სკაუტმა არა ოლანიეს მიუტანა კონტრაქტი, ვის გამოც იყო ჩამოსული, არამედ აბიდალს.
"მონაკოში“ საქმე კარგად არ მიდიოდა - ახალგაზრდა ფრანგს მინიმალურ სათამაშო დროს აძლევდნენ, კარგი თამაშები ცუდით ნაცვლდებოდა, ფეხბურთი სიამოვნებას არ ანიჭებდა. გუნდმა სუსტი შედეგები აჩვენა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კლოდ პიუელე მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაეთავისუფლებინათ. მწვრთნელი "ლილეში“ გადაბარგდა, სადაც მალევე აბიდალიც აღმოჩნდა. ეს ის აბიდალი აღარ იყო - გამხდარი, სუსტი, თავის შესაძლებლობებში ეჭვი რომ ეპარებოდა. არა, ეს იყო: ძლიერი, გამოცდილი, პრაგმატული მცველი, რომელმაც ნამდვილი პოტენციალის გამოვლენა დაიწყო. ასეთი სტაბილური თამაშით უმარტივესად მიიპყრო, იმჟამინდელი ქვეყნის უძლიერესი გუნდის, "ლიონის“ ყურადღება. "ლიონთან“ ერთად 3-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ხოლო შემდეგ კი უკვე "ბარსელონაში“ გადაბარგდა.
თითქოს ფეხბურთელისთვის ყველაფერი უნდა დალაგებულიყო და უზარმაზარი წარმატების გზაზე ხელი არაფერს უნდა შეეშალა, მაგრამ სამყაროს სხვა გეგმები ჰქონდა. 2009 წელს მსოფლიო ღორის გრიპის ეპიდემიამ დაიპყრო. დაავადება ადამიანებში ვირუსულ პნევმონიას იწვევდა. კოვიდ-19-ის ეპიდემიისგან განსხვავებით, მაშინ თამაშების მასიურად გაუქმება არ დაუწყიათ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მატჩები გადაიდო. როცა პანდემიის კონტროლი მსოფლიომ შეძლო და თითქოს საფრთხე აღარ არსებობდა, აბიდალი მაინც დაინფიცირდა. საბედნიეროდ, "ბარსას“ ექიმებმა მალევე მოახდინეს ფრანგის იზოლირება და უმკურნალეს. ზუსტად წელიწადნახევარში ერიკს აცნობეს, რომ ღვიძლის კიბო ჰქონდა.
"თავიდან მხოლოდ შიშს ვგრძნობდი, - ყვებოდა ერიკი იტალიურ GQ-სთან. - მაგრამ შემდეგ ჩემში მებრძოლმა გაიღვიძა. მთელი ცხოვრება შენ იბრძვი, რომ დატოვო მშობლიური სახლი, იპოვო სამსახური, იპოვო ადგილი გუნდში, შემდეგ შეინარჩუნო და მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ეს სიტუაცია არაფრით განსხვავდებოდა. ცოლს მაშინვე განვუცხადე, რომ არ დავნებდებოდი, ბოლომდე ვიბრძოლებდი. ექიმმა მითხრა, რომ ოპერაციას მომდევნო კვირას გამიკეთებდა. "არა“ - ვუპასუხე მე, - თქვენ ოპერაციას ხვალვე ჩამიტარებთ, მე არ მჭირდება დრო ფიქრისთვის - მეთქი!"
ბევრი ფეხბურთელის მსგავსად, ერიკი ხშირად სტუმრობდა საბავშვო სახლებსა და საავადმყოფოებს. ის ცდილობდა ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა იმათი ტანჯვა, ვისაც ეს ესაჭიროებოდა. როცა თავად აღმოჩნდა საავადმყოფოში პაციენტად, იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. სიკვდილს 2 ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ გვერდზე პალატაში 17 წლის ბიჭის მხარდასაჭერად ძალას მაინც პოულობდა.
"მივხვდი, რომ ყველას ჰყავს მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი ვინც ამ გზას გადის. მაშინ გავაცნობიერე ეს. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, არავინ არის ამისგან დაზღვეული. ერთ დღეს შეიძლება რაღაც დაკარგო, მაგრამ მეორე დღეს აუცილებლად რაღაც ახალს მიიღებ. ნებისმიერი ტრაგედია, გასაჭირი და ტანჯვა როგორც მოცემულობა, ისე უნდა მიიღო და აბსოლუტურად, ყოველი დღისთვის მადლიერი უნდა იყო“.
"ბარსას“ ფეხბურთელები, გულშემატკივრები, მეტოქეებიც კი - ყველანი ცდილობდნენ ერიკს როგორმე დახმარებოდნენ. სოლიდარობის კამპანიაში მის მეუღლეს ასობით წერილი და დახმარების წინადადება მოსდიოდა, მათ შორის: დევიდ ბექჰემისგან, ფრანჩესკო ტოტისგან, სამუელ ეტოოსგან, უეინ რუნისგან და კიდევ უამრავი ცნობილი ფეხბურთელისგან.
გულშემატკივრებიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან, სხვადასხვა სპორტული საიტების და სოციალური ქსელების მეშვეობით მხარდაჭერას უცხადებდნენ აბიდალს. მისი მხარდაჭერისა და სოლიდარობის სიმბოლო იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რეალი-ლიონის მატჩის დროს ფეხბურთელების მოედანზე გამოსვლა წარწერით: “ძლიერი აბიდალი“. ეს წარწერა იყო აგრეთვე სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუს" ტაბლოზეც. 2011 წლის 19 მარტს, ბარსელონა-ხეტაფეს მატჩის დროს, ფანები მთელი 22-ე წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდნენ, 22 ხომ აბიდალის ნომერი იყო.
ყველას სჯეროდა და იმედი ჰქონდა, რომ ერიკი ოპერაციას წარმატებით გადაიტანდა - ცოტა თუ ფიქრობდა იმჟამად, რომ ფრანგი მოედანზე დაბრუნებას შეძლებდა. ერთ-ერთ ადამიანს, ვინც აბიდალის მომავალის სჯეროდა, მისი ქირურგი იყო.
"უემბლიზე შევხვდებით“, - ეს იყო პირველი სიტყვები, რომელმაც აბიდალმა ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ქირურგისგან მოისმინა. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, რომელიც ლონდონში იმართებოდა, 2 თვე და ფლეი-ოფის რამდენიმე თამაში იყო დარჩენილი.
2011 წლის 28 მაისს, როცა "ბარსას“ თავკაცი პეპ გვარდიოლა ფინალის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობას ასახელებდა, 11-ეულში ერიკ აბიდალის სახელიც აღმოჩნდა. მაგრამ არსად ჩანდა "ბარსელონას“ კაპიტანი კარლეს პუიოლი. ამ გადაწყვეტილებით შოკი მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღო და ეს ერიკი იყო.
"პუიოლთან მივედი და ვკითხე: "შენ რატომ არ თამაშობ?“ თვალებში შემომხედა და მითხრა: "ამაზე ფიქრი არ ღირს. შენ - აი, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი.“ წარმოგიდგენიათ, როგორი ადამიანი იყო ჩვენი კაპიტანი? ფინალის წინ შენ გეუბნებიან, რომ სათადარიგო სკამზე რჩები, შენ კი მაინც სხვებზე ზრუნვას აგრძელებ“, - ყვებოდა აღფრთოვანებული აბიდალი.
2011 წლის 28 მაისს ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი". აბიდალმა შეუცვლელად ითამაშა. თანაგუნდელებმა კაპიტნის სამკლაური მას გაუკეთეს და 85 000-იან უემბლის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის თასი სწორედ გამოჯანმრთელებულმა აბიდალმა აღმართა...
დაავადებამ ძალიან შეცვალა ერიკის მსოფლმხედველობა. მან ცხოვრებაში ახალი როლი იპოვა და ქველმოქმედებით დაკავდა. აბიდალმა თავის ყველა სპორტული მანქანა გაყიდა და აღებული ფული იმ ფონდებში გაანაწილა, რომლებიც სიმსივნითა და შიდსით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. ხელფასის ნაწილსაც ამ ფონდებს ახმარდა, თუმცა ამის აფიშირებას ერიდებოდა.
მცველს თითქოს ისევ დაულაგდა ცხოვრება, მაგრამ 3 წელში კვლავ ავად გახდა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია დასჭირდა. მისმა თანაგუნდელმა "ბრასელონადან“ დანი ალვეშმა გადაწყვიტა, რომ თანაგუნდელის დონორი გამხდარიყო...
"მე ერთხელ უკვე დავკარგე მეგობარი, რომლის გადასარჩენად ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ ერიკს აღარ მივცემდი სიკვდილის უფლებას. ჩვენ ერთი ჯგუფის სისხლი გვაქვს, - მივედი და ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ვყოფილიყავი მისი დონორი", - გაიხსენა ერთ-ერთ ინტერვიუში ალვეშმა, მაგრამ აბიდალმა მეგობრის დახმარებაზე უარი თქვა, რადგან ფიქრობდა, რომ ოპერაციას შესაძლოა ბრაზილიელის კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა. საბოლოოდ, დონორი მისი ნათესავი გახდა, ხოლო ექიმებმა მორიგ ჯერზე იხსნეს მისი სიცოცხლე. მოგვიანებით, ალვეშმა ერიკის პატივსაცემად 22 - ნომრიანი მაისურით დაიწყო თამაში...
ამჯერად ჯანმრთელობის აღდგენის პროცესი 1 წლამდე გაიწელა, მაგრამ აბიდალმა ფეხბურთში დაბრუნება მაინც მოახერხა. ის ვარაუდობდა, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ შეძლებდა, მაგრამ "ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბი ასე არ ფიქრობდა. შესაბამისად, ფრანგთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივეს. მას კლუბის მენეჯმენტში სამუშაო ადგილი შესთავაზეს, თუმცა ერიკს თამაში სურდა. ის სამშობლოში დაბრუნდა და ერთი სეზონი "მონაკოში“ გაატარა, სადაც კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. 35 წლის ასაკში "ოლიმპიაკოსთან“ ერთად საბერძნეთის ჩემპიონატის პირველობა იზეიმა, შემდეგ კი კარიერა დაასრულა...
"თუ მკითხავთ რა მომცა ამ დაავადებამ, გიპასუხებთ, რომ მან ცხოვრება მასწავლა. გავხდი უფრო მშვიდი, გავიზარდე. ცხოვრება ბევრ დაბრკოლებას გიმზადებს, რომელიც უნდა გადალახო ისე, რომ არ იწუწუნო სირთულეებზე", - ამბობს ერიკი...
ავტორი: ანრი კურტანიძე