გორის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე გ.გ. დამნაშავედ ცნო.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 10 ივნისს, გ.გ. სოციალურ ქსელ „Facebook“-ში 10 წლის არასრულწლოვანს მისივე თანატოლ გოგონად გაეცნო, რითაც შევიდა მასთან ნდობაში და დაზარალებულისგან უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ხასიათის მიმოწერა, ფოტოები და ვიდეო ფაილები, რის შემდეგაც ბრალდებული არასრულწლოვანს უკვე მოპოვებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით დაემუქრა. ამას გარდა, გ.გ.-მ დაზარალებულს ვიდეოზარით დარეკვა და სექსუალური ხასიათის ქმედებების შესრულება მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა გ.გ. 2020 წლის 16 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 - ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება - ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გორის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.